სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

23 წელია, „გამოჭრილი აქვს ყელი, ვით კრავს, 9 აპრილს, აბელ!..“

რამდენიმე საათში ზუსტად 23 წელი შესრულდება იმ დროიდან, როცა რუსთაველზე ასი გრამი არაყით გაბრუებულმა რუსმა მერვეპოლკელმა მესანგრის ორლესული ნიჩაბი ამოიღო და გამწარებულმა მოუქნია პირველ ქართველ ქალს, რომელიც შეხვდა. რა თქმა უნდა, არავინ იცის, დაღუპულთაგან ვინ იყო ის პირველი, მაგრამ თუ ჩვენი გმირების სიას თვალს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ მათ შორის ყველაზე ხნიერი 70 წლის თინათინ ენუქიძე იყო.

დაჩეხილებს შორის იყვნენ პატარა გოგოები, სკოლის მოსწავლეები, უსინათლო ქალები, რომლებიც დარბევამდე „სალაღობოს“ მღეროდნენ, შიმშილისგან დაოსებული გოგო–ბიჭები, მაგრამ 1989 წლის 9 აპრილის გახსენებას droni.ge დღეს სწორედ თინა ენუქიძის გახსენებით დაიწყებს:

თინათინ ენუქიძის ქალიშვილი, ციალა ოკრიბელაშვილი:

„შვიდში საღამოს, ჯარი რომ გამოჩნდა „ დინამოს“ სტადიონთან, შემეშინდა და ვთხოვე, რომ აღარ წასულიყო მიტინგზე. მაგრამ მკაცრად მომიგო: შვილო, ამ ჭაღარის პატრონს ვინ რას გამიბედავს, იმ ბავშვებს კი გადავარჩენ ჩემი იქ ყოფნითო.- დედა, იქ რომ რამე მოხდეს–მეთქი?- აღარ მოვეშვი.- თუ მოხდება, მე ვიცოცხლო და ისინი დაიღუპნონ? სჯობს მე შევეწირო მათ მაგივრად! – მართლაც, ვიღაც მოშიმშილეს გადაფარებია და ისე მოუკლავთ."

9 აპრილს რუსთაველზე თავშეყრილი გოგო–ბიჭების წინამძღოლი სწორედ თინათინ ენუქიძე აღმოჩნდა. მას შეეძლო, გასცლოდა იქაურობას, მას არავინ უსაყვედურებდა მიტინგზე ბოლომდე არყოფნის გამო, მაგრამ თინათინ ენუქიძე ბოლომდე დარჩა და ერთ–ერთი მოშიმშილის სიცოცხლის გადარჩენას შეეწირა. მის სხეულზე გადაფარებით ის საქართველოს მომავალს გადაეფარა. როგორც 9 აპრილის ერთ–ერთი თვითმხილველი და ბარბაროსული დარბევის მონაწილე ამბობს, თინა ენუქიძემ, სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე სწორედ მისსავე მშობლიურ ენაზე მიმართა რუს ჯარისკაცს, რომელიც პატარა გოგონას თავზე ნიჩბის დასაშვებად ემზადებოდა : „ეგ ბავშვია, თავი გაანებეთ და მე დამარტყით“, – რის შემდეგაც რუსმა აწეული ნიჩაბი არა გოგონას, არამედ მოხუცის თავზე დაუშვა...

9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ მთელი რუსთაველი ტიტებით დაიფარა, ხეებზე კი ყველგან არეული თუ მწყობრი, ლამაზი ხელწერით დაწერილი ლექსები იყო გაკრული. ერთ–ერთი მათგანი, ვასილ გვეტაძის მიერ სწორედ თინათინ ენუქიძეზე დაწერილი, ალბათ, შეუძლებელია, უცრემლოდ წაიკითხო. სწორედ ამიტომ ღირს, რომ მთლიანად გამოვაქვეყნოთ და ბავშვების წინამძღოლს, ბარბაროსთა ყველაზე ხნიერ მსხვერპლს, მასთან ერთად კი დანარჩენ დაღუპულებსაც, პატივი მივაგოთ:

შავ-შავი კაბების ამოფრიალებით,
წრედ შეკრულ სინათლის ირგვლივ,
თავზე დაიდგამენ დღეს ჩვენი ქალები
ყველაზე ეკლიან გვირგვინს.

ძაფებს საფეთქელზე, ნეტავი, ვინა თვლის,
რა უნდა თვალებში წვიმას...
ყველაზე ხნიერო, დედაო თინათინ,
შენ უნდა წაუძღვე იმათ.

რაკი გვისრულდება და ღმერთმა ინება,
მოხედოს ამ ბოლო სურვილს,
აანთონ სანთლები და დაჩოქილებმა -
ლოცვაში დალიონ სული.

მანამდე, მანამდე, რადგან სულს შესცივდა,
იმედმა გაათბოს ყველა:
თუ გაგვიჭირდება, მაღალი ზეციდან
უფალი ჩამოვა ხელად.

ილოცონ... ილოცონ... მლოცველებს, იქნება
ვეღარც კი შეხედო აწი,
ეს წმინდა სანთელიც ხელში ჩაგიქრება
თეთრი ქაშუეთის თვალწინ.

გოგონებს შეხედე, ამ დამფრთხალ გოგონებს,
თვალგაფაციცებულ ჩიტებს.
მოასწრონ, მოასწრონ, როგორმე, როგორმე,
თორემ ხვალ ეცლებათ კიდევ?

რაგინდარაფერი რანაირ სინათლის
თვალებში ბრჭყვიალით ჩაშრეს,
დედა ხარ და დედის მაგიერ, თინათინ,
შენ უნდა მიხედო ბავშვებს.

ბავშვები, ბავშვები, სივილი იმათი
დაწეწილ-დაწყვეტილ სიმად.
ძლიერ დაიღალე, და მაინც, თინათინ,
შენ უნდა წაუძღვე იმათ.

აქ ჭირისუფლობას ვერავის დაუშლი
და ყველას თავისი უთქვამს.
სიჩუმე, სიჩუმე, სიჩუმის ხმაურში -
სხვაგვარი ხმაური სუნთქავს.
(ვასილ გვეტაძე).

გოგონები, „თვალგაფაციცებული ჩიტები“ კი მართლაც ბევრნი იყვნენ. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ქართულ ინტერნეტ–სივრცეში, სადაც უამრავი ბლოგერი და სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული იუზერია, არ არსებობს 9 აპრილის შესახებ ვებ–გვერდი, თუ არ ჩავთვლით ცნობებს ქართულ ვიკიპედიაში, ამიტომაც, 1989 წლის 9 აპრილის ერთადერთ რეალურ, ილუსტრირებულ საშუალებად მაშინ გამოცემული წიგნი „9 აპრილი“ რჩება.

ამ წიგნის მომავალი გმირები კი, ძირითადად, პატარა გოგონები და ახალგაზრდა ქალები იყვნენ – მერვეპოლკელებმა „ჩვეული“ ვაჟკაცობა გამოიჩინეს და ქალებს დაერივნენ. მათ არამარტო მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სცემდნენ, არამედ ასულობით მეტრზე მისდევდნენ, გაავებული სახეებით და სისხლს მოწყურებული თვალებით.

9 აპრილამდე და 9 აპრილის შემდეგ კი, იყო ერთიანობა, ერთ მუშტად შეკვრა და ერთმანეთის შეყვარება, თბილი ღიმილი და თანადგომისთვის გაწვდილი ხელი, რაც ასე ძალიან გვაკლია დღეს... იყო შინდისფერი დროშები, თამარ მეფის დროშები, აღმაშენებლის დროშები, გოგონები დროშებს აფრიალებდნენ, გოგოები კაბებს ხევდნენ და დედის ნამზითვ „ზინგერებთან“ დროშებს კერავდნენ...

„თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით...“ – ყველაზე ძნელი მაშინ ამ ფრაზის დამთავრება იყო, რადგან ჩვენ უკვე გვყავდა ჩვენი დაჭრილი ირმების გუნდი, ჩვენი დაჩეხილი წმინდანები...

„ცა იყო უღმერთოდ მოღრუბლული,/მატლები გადმობობღდნენ ეშმაკის ფაშვიდან,/მოდგა ურჩხული და არაყი მოითხოვა/სისხლი დალია და დამშვიდდა./დედინაცვალმა რომ დედობა მოინდომა,/წიქარა გამოვიხმე ჯადოსნურ ზღაპრიდან...“ – ალბათ, ბევრს გაგახსენდათ მორის ფოცხიშვილის ეს დიდებული ლექსი... დედობამონდომებულმა დედინაცვალმა კი იმ 9 აპრილს კი არ დაგვამარცხა, დაგვშალა...

ერთმა პოეტმა მაშინ დაწერა, რომ 9 აპრილის შემდეგ რუსთაველზე გაჩენილი ტიტების ტბა, თითქოსდა შვილიშვილების მიერ პაპების გახსენება იყო და ქვაფენილზე იმ დაჩეხილი გოგონების სისხლთან ერთად მათი პაპების სისხლმაც ამოხეთქა. თუ დავუკვირდებით, ამ ვარაუდში ლოგიკის მარცვალს აუცილებლად ვიპოვით: 1921 წელს მთავრობის სახლის ადგილას პირქუში ეკლესია, „სობორო“ იდგა, მის ეზოში კი, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიისდროინდელ ტერიტორიასაც მოიცავდა, კოჯორთან და ტაბახმელასთან დაღუპული იუნკრები, 9 აპრილს დაჩეხილი „თვალებგაფაციცებული ჩიტების“ პაპები დაასაფლავეს...

იუნკრები, სულ რამდენიმე ასეული, უწვერულვაშო ბიჭები, თითქმის შიშველი ხელებით იბრძოდნენ თბილისის და საქართველოს გადასარჩენად. მათი გმირობა აპრილის დღეებში ერთმა, დღემდე უცნობმა ბიჭმა გაიმეორა: როცა რუსთაველზე ძალის დემონსტრირების მიზნით ჯავშანტექნიკა ჩამოატარეს და ხალხი შუაზე გაიყო, რათა გაეტარებინა, უცებ ხალხს ახალგაზრდა ბიჭი გამოეყო, და ჯავშანტრანსპორტიორს საიდანღაც მომტვრეული ჯოხი დაუშინა...

ალბათ, ლოგიკურია, რომ ეს სტატია 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა დასახელებით დასრულდება, მაგრამ მანამდე კიდევ ერთ, ამჯერად მორის ფოცხიშვილის ლექსს შეგახსენებთ, რომელიც 9 აპრილს ეძღვნება, 9 აპრილს გვახსენებს და 9 აპრილით გვაფრთხილებს, რომ საფრთხე ჯერაც არსებობს და ასი თვალი და ყური უნდა გამოვისხათ, რომ 9 აპრილი, თუნდაც შეცვლილი ფორმით, აღარ განმეორდეს...

გამოჭრილი აქვს ყელი,

ვით კრავს, ცხრა აპრილს, აბელ,

მათ ეშინიათ ჩვენი

და გალობის ჟამს გვკლავენ.

გამორთული აქვთ დენი,

სანთლებს გვიქრობენ, აბელ,

მათ ეშინიათ ჩვენი

და სიბნელეში გვკლავენ.

ცოდვილთ ცოდვილი გენი,

კვლავაც სულს უღრღნის, აბელ,

მათ ეშინიათ ჩვენი –

და „მეგობრობით“ გვკლავენ.

მაგრამ ამოდის მზე და –

გულზე მიხაკებს გვაბნევს,

მოდის რუსთველზე დედა

და ჩვენ დაგვეძებს, აბელ!

საფლავებიდან ვდგებით,

აბელ, ხომ ხედავ, აბელ!

მათ ეშინიათ ჩვენი –

და აღდგომის ჟამს გვკლავენ.

და ბოლოს – ბევრს, შეიძლება არც ახსოვს, ბევრმა, შესაძლოა, არც იცის: 1989 წლის მთავარი „შემოქმედი“, პირსისხლიანი რუსი გენერალი, იგორ როდიონოვი, ტრაგედიამდე სულ რაღაც ერთი წლით ადრე, სსრ კავშირის სახალხო დეპუტატად ბორჯომის ოლქიდან აირჩიეს... ასე რომ, კიდევ ერთხელ მოგვიწევს გახსენება, რა თქვა ხემ – ცული მე რას დამაკლებდა, შიგ რომ ჩემი გვარისა არ ერიოსო. და ნურავის გვეწყინება, თუ ვიტყვი: დღეს, ოცდასამი ცხრა აპრილის შემდეგ, ქვემოთ ჩამოთვლილი სიის გამოქვეყნება რომ გვიწევს, ამაში ჩვენ, ქართველებიც ვართ დამნაშავე და არამარტო იმიტომ, რომ როდიონოვი ავირჩიეთ...

აზა ადამია – 22 წლის

ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის

ეკა ბეჟანიშვილი – 16 წლის

ნატო გიორგაძე – 23 წლის

თამუნა დოლიძე – 28 წლის

თინა ენუქიძე – 70 წლის

ნინო თოიძე – 25 წლის

ზაირა კიკვიძე – 61 წლის

მანანა ლოლაძე – 33 წლის

თამარ მამულიშვილი – 50 წლის

ვენერა მეტრეველი

მამუკა ნოზაძე – 22 წლის

ნანა სამარგულიანი – 41 წლის

შალვა ქვასროლიაშვილი

მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის

ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის

თამარ ჭოველიძე – 16 წლის

ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის

მზია ჯინჭარაძე – 43 წლის

მანანა მელქაძე – 23 წლის

გია ქარსელაძე – 25 წლის

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100