რატომ მოუნდება კაცს საქართველოდან გაქცევა?
საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე ექსპერტი გია ნოდია სოციალურ ქსელში საკუთარ აზრს აფიქსირებს. Droni.ge მის ფეისბუქ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ
“სულ არ მიკვირს, თუ ნორმალურ კაცს საქართველოდან გაქცევა მოუნდა: არა მატერიალური გაჭირვების ან რომელიმე კონკრეტული მთავრობის, არამედ, ზოგადად, „სიტუაციის“ გამო: როგორ იქცევა საზოგადოება, პოლიტიკური ელიტა, ქუჩაში გამვლელები, გზაზე მძღოლები, „მარშრუტკებში“ მგზავრები, ტელევიზიაში წამყვანები და ა. შ. ახლაც ისეთი მომენტია, როცა ასეთი ფიქრები შეიძლება მოგვეძალოს ბევრს. წლების წინ მეც განმიხილავს ეს ვარიანტი, თუმცა ახლა, ასაკობრივი ფაქტორის გამო, ცოტა გვიანია.
მაგრამ მე ჩემი გადაწყვეტილება მივიღე და აქ ვარ. სულაც არ ვკიცხავ იმათ, ვინც სხვა გზა აირჩია. ისიც ვიცი, რომ ბევრი ფიზიკურად სხვაგანაა, თუმცა აქ დარჩენილებზე მეტად არის ჩართული ქვეყნის საქმეებში, თუნდაც „ფეისბუკით“ ან სხვა გზით. სხვა რამის თქმა მინდა: თუ ემიგრაციაში არწასვლის გადაწყვეტილება მიიღე, ამას მოვალეობებიც მოყვება. ცოტა მაინც პასუხისმგებელი ხარ იმაზე, როგორი ქვეყანა გვექნება: ცუდი, კარგი, ოდნავ უკეთესი, ოდნავ უარესი. „მოსტყნია ამათ პატრონიო“, აღარ უნდა თქვა და შესაბამისად არ უნდა მოიქცე. თუ ასეთი დამოკიდებულება გაქვს, წადი კიდეც.
ხოდა, მარტივ რამეს ვამბობ. ნაცებო, ქოცებო, ნინოს რუსეთუმეებო, შალვას პროლეტარებო, ეროვნულო მართლმადიდებლებო, პიდარასტებო, ლიბერასტებო, ხრიდოლისტებო, ჟიჟეკისტებო, გონივრულობის ფარგლებში პოხუისტებო, ვინც ფიზიკურად ან სულიერად ემიგრაციაში არა ხართ, ყველანი არჩევნებზე! შემოხაზეთ ის, ვინც თქვენთვის განასახიერებს იმედს, ოცნებას, სიკეთეს, ნაკლებ ბოროტებას, ქრისტეს გზას, ბარაბას გზას, რაც გინდათ დაარქვით, მაგრამ შემოხაზეთ!” - წერს ნოდია სოციალურ ქსელში
კომენტარი