თელასში გაფიცვები იწყება
„დრონი.ჯი“-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, „თელასში“ თანამშრომელთა გაფიცვები მზადდება. მოსალოდნელი გაფიცვის მიზეზი კი, იმ პოლიტიკის გაპროტესტებაა, რომელსაც მისი გენერალური დირექტორი, ალექსეი კობცევი ატარებს.
იმ ფონზე, როცა ყოველი წვიმის შემდეგ ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე რჩება, „თელასის“ გენერალური დირექტორი და მისი გუნდის წევრები უზარმაზარი ანაზრაურებით, ფუფუნებაში ცხოვრობენ.
„თელასის“ ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, ოფიციალურად, წელიწადში, კობცევის „შენახვა“ კომპანიას ნახევარ მილიონამდე უჯდება.
თუმცა, ე.წ. ოფიციალური ციფრების გარდა, ფიგურირებს არაოფიციალური ინტერესებიც, ძვირადღირებული მანქანებიც და შესაძლო ეჭვებიც კორუფციის შესახებ.
ეს მაშინ, როცა მაგალითად, ორი დღის წინ, წვიმის შედეგად და მოუწესრიგებელი სერვისის გამო, მხოლოდ გლდანში 3 ათასამდე აბონენტი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. გათიშვები დაფიქსირდა დიღომსა და თბილისის სხვადასხვა უბნებშიც.
როგორც ჩანს, კობცევისთვის და მისი მარჯვენა ხელისთვის, რომელიც თითქმის ყოველ დღე ნასვამ მდგომარეობაშია სამსახურში, სწორი და სამართლიანი მენეჯმენტის განხორციელება შეუძლებელია.
ერთადერთი, რომელიც „თელასელების“ ინტერესებს მეტ-ნაკლებად ემსახურება, ბატონი მალხაზ ღონიაშვილია პროფკავშირებიდან.
ბატონი მალხაზი, „თელასის“ თანამშრომლების დაცვას დღემდე უშედეგოდ ცდილობს. კობცევი და მისი გუნდი კვლავ უხეშ პოლიტიკას ახორციელებს, რაც დიდი პროტესტისა და გაფიცვის მიზეზი ხდება.
მართალია, კომპანიაში მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა, ამის პირველი ნიშნები უკვე შეინიშნება. პარალელურად კი, ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაციები „თელასის“ დღევანდელი მენეჯმენტის უკანონო საქმიანობის შესახებ.
კომპანიის თანამშრომელთა პროტესტი და „თელასში“ არსებული განუკითხავი, არაპროგნოზირებადი სიტუაცია, სავარაუდოდ, დიდი ცვლილებებით დასრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ არსებულმა კრიზისმა, რომელიც არასწორი მენეჯმენტითაა გამოწვეული, შესაძლოა, უმართავი ხასიათი მიიღოს, რომელიც თბილისელებსაც დააზარალებს და კომპანიის ინტერესებსაც.
კომენტარი