სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"როგორც ჩანს რაღაც საგანგებო შემთხვევაა" - სინოდის წევრები საპატრიარქოში იმყოფებიან

წმინდა სინოდის წევრები საპატრიარქოში იკრიბებიან. სინოდის სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

სხდომა მოულოდნელად ჩაინიშნა. ეს არის წმინდა სინოდის პირველი სხდომა, ე.წ. ციანიდს საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ.

დღის წესრიგში შეტანილი საკითხები საიდუმლოა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა დღევანდელ შეკრებაზე დღის წესრიგში დადგეს მეუფე პეტრეს საკითხი.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ვარაუდობს, რომ შესაძლოა სხდომას სინოდის ყველა წევრი ვერ დაესწროს, რადგან სხდომის ჩანიშვნა საგანგებო რეჟიმში მოხდა.

„ასეთ რამეს გეტყვი, რომ თქვენც არ დახარჯოთ დრო ზედმეტი. მე არ ვიცი და დარწმუნებული ვარ მღვდელმთავრებმაც არაფერი არ იციან. რა იქნება ალბათ შემდეგ გაიგებთ, მაგრამ ფაქტია, რომ გუშინ გამოცხადდა, დღეს მოგვიწია, ალბათ ვერც იქნება სინოდზე. როგორც ჩანს ბევრი ვერც იქნება სინოდზე. როგორც ჩანს რაღაც საგანგებო შემთხვევაა და ვნახოთ, პატრიარქი გვეტყვის,“-განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა.

სხდომის დეტალებზე არ საუბრობს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი და არც ციანიდის საქმის შესაძლო განხილვას ადასტურებს.

„მხოლოდ სინოდის სხდომის შემდეგ გაკეთდება კომენტარები. არაფერი დაუგეგმავად, დიდი ხანია მზადდებოდა სინოდის სხდომა და გადაწყდა, რომ დღეს ჩატარდებოდა. საკითხებთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით, მე თვითონაც არ ვიცი რა იქნება. ეჭვი მეპარება, რომ ციანიდთან დაკავშირებით იყოს,“-განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

კითხვაზე, მოხდება თუ არა სინოდის სხდომაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავასთვის სასჯელის დადების საკითხის განხილვა, მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ იტყვის.

„ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით სანამ სინოდის სხდომა არ დამთავრდება. სინოდის სხდომის დასასრულს გააკეთებს განცხადებას, სხდომის მდივანი,“-აღნიშნა მამა მიქაელ ბოტკოველმა.


წყარო: რუსთავი 2

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100