"ეროვნული საბჭო" სოლიდარობის საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის ინიციატივით გამოდის
"ეროვნული საბჭო" სოლიდარობის საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის ინიციატივით გამოდის.
ამ საკითხზე დღეს პარლამენტთან გამართულ აქციაზე "კონსერვატორების", "ხალხის პარტიისა" და "თავისუფალი საქართველოს" ლიდერებმა ისაუბრეს.
"ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, ჩამოყალიბდეს სოლიდარობის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, სადაც ყველა სოციალური თუ საზოგადოებრივი ჯგუფი იქნება წარმოდგენილი. ვფიქრობ, თუკი ძალა ძალას მიემატება, წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენ დევნილები, ვეტერანები, გარემოვაჭრეების წარმომადგენლები უკვე გვყავს. მათთან ცალ-ცალკე შეხვედრას ვაპირებთ. თუ სხვა პარტიებიც შემოგვიერთდებიან, ძალიან კარგი იქნება. ძალას ვერავის დავატანთ. მაგრამ კარები ყველასთვის ღიაა, ვინც ლოზუნგს "ძალა ერთობაშია" ეთანხმება" - განაცხადა დღევანდელ აქციაზე "კონსერვატორების" ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.
"ეროვნული საბჭოს" კიდევ ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ ამ ჯგუფში გაერთიანებისკენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ გაერთიანებებს მოუწოდა.
"ცალ-ცალკე უამრავი ადამიანის საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს - დაწყებული დევნილებით, რომლებსაც ქუჩაში ყრიან, დამთავრებული პატიმრების ოჯახის წევრებით, გარემოვაჭრეებით და ექიმებით. თუმცა ცალ-ცალკე პროტესტს არანაირი ძალა არ აქვს. ამიტომ ჩვენი ინიციატივაა, ყველა პოლიტიკური, არასამთავრობო ორგანიზაცია და სოციალური ჯგუფი ერთ მოძრაობაში გავერთიანდეთ და როგორც ეგვიპტელები მუბარაქის კორუმპირებულ რეჟიმს ერთად დაუპირისპირდნენ, მუბარაქზე უფრო კორუმპირებული სააკაშვილი რაც შეიძლება, მალე გავუყენოთ გზას " - განაცხადა კუკავამ.
მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობის შექმნა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ინიციატივის დონეზეა, მისი ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია გაიმართება.
pirWeli
კომენტარი