სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"უფალი, როგორც პატარა ბავშვს, ისე მკიდებდა ხელს და გამოვყავდი განსაცდელიდან მეც და საქართველოც"

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა დასრულდა. წირვის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქს მღვდელმთავრების სახელით აღსაყდრების 36 წლის იუბილე ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა მიულოცა.
მიტროპოლიტმა საუბრისას ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რთულ პერიოდში მოუწია მსახურება, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა არ ჰქონდა. მან დამოუკიდებლობის შენარჩუნების დაცვის გარდამავალი პერიოდის სირთულეზე ისაუბრა. მეუფე დანიელმა უწმინდესი წმინდა ილია მართალს შეადარა და აღნიშნა, რომ 36 წლის წინ, ქართულ საზოგადოებაში იყო დიდი მოლოდინი ახალ პატრიარქზე, რომ შეიცვლებოდა ქვეყანაში სიტუაცია.
"ღამეში დღის გამოჩენა იყო. მზიანი ღამე ვიხილეთ, რომელიც იმედის მომცემი იყო. 35 წლის წინ ქართველი ერი ახალი პატრიარქის კურთხევაზე დიდ იმედებს ამყარებდა. საოცარი მოლოდინი იყო, რომ დაიწყებოდა მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს ისტორიაში", - აღნიშნა მეუფე დანიელმა.
მისივე თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქვეყანაში ეროვნული მოძრაობის სულისჩამდგმელია. მეუფე დანიელის განცხადებით, საქართველო ღვთისაგან არასდროს არის მიტოვებული, უფალი საქართველოს აძლევს ძალას. მისივე თქმით, "ილია" სწორედ ძალას ნიშნავს.
თავის მხრივ, კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ უფლის შეწევნას ყოველთვის გრძნობდა და მადლობა გადაუხადა ყველას სიყვარულისათვის.
"მადლობა თქვენ სიყვარულისათვის. მადლობას შევწირავ უფალს ამ 36 წლის მანძილზე ვგრძნობდი ერთ რამეს, რომ უფალი არასდროს მტოვებდა, არასდროს ტოვებდა საქართველოს. უფალი, როგორც პატარა ბავშვს, ისე მკიდებდა ხელს და გამოვყავდი განსაცდელიდან მეც და საქართველოც. დიდება და მადლობა უფალს. ჩვენ ძალიან ხშირად ვამბობთ, რომ ეს გაკეთდა, აშენდა ტაძრები. მე მინდა კიდვე ერთხელ შეგახსენოთ, რომ უფალი აკეთებს ყველაფერს. ეს ტაძარიც, ყოვლადწმინდა სამების ტაძარი, აშენდა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა საქართველოს. ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ. ეს პატარა განსაცდელებიც გაივლის. საქართველო დადგება მშვიდობის გზაზე და ბედნიერები ვიქნებით ყველანი", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100