სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლირიული გადახვევა, ანუ ერთი ვინმეს სიძულვილი, დაფარვა რომ (არ) სჭირდება

ვლადიმირ პუტინი, ნინო ბურჯანაძე, იგორ გიორგაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ერასტი კიწმარიშვილი, ალექსანდრე ებრალიძე, ასლან აბაშიძე... – სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ ამით დავკმაყოფილდეთ და ვიკითხოთ: რა საერთოა ამ განსხვავებული ზომა–წონის, მსოფლმხედველობისა და წარმომავლობის პოლიტიკოსებს შორის?

არა, ის არ მიგულისხმია, რომ ყველა მათგანს, მათ შორის, როგორც ამბობენ, პირველად დასახელებულსაც – ბედკრულ საქართველოსთან რაღაც აკავშირებს. არც ის, რომ პირველის შემდეგ დასახელებულთაგან ზოგი ხშირად დარბის მოსკოვში და ზოგი სულაც, წლებია, იქ ცხოვრობს...

ამ ადამიანების მთავარი საერთო მახასიათებელი მათი სიძულვილის გრძნობაა, რომელიც ერთი ადამიანისკენაა მიმართული. მანამდე ამ ადამიანის სიძულვილს ისინი, ასე თუ ისე, მალავდნენ, მაგრამ რაც უფრო გადის დრო და რაც უფრო რწმუნდებიან, რომ ვერაფერს აკლებენ, უფრო და უფრო იბოღმებიან და სიძულვილით ივსებიან.

დღეს საქართველოში, რატომღაც ცუდ ტონად ითვლება ხელისუფლების და, მით უმეტეს, იმ ადამიანის დადებითად მოხსენიება, მასზე თუნდაც ნეიტრალურად წერა, ვინც ამათ – ზემორეჩამოთვლილებს და არამარტო, სძულთ: წამსვე გაქსუებული, ცხოვრებამოწყობილი, უზრუნველყოფილი, სულგაყიდული და მონა ხდები მათ თვალში, თუკი გაბედავ და იტყვი, რომ უნდა ვაცალოთ, რომ სიძულვილი არაფრისმომტანია, სიძულვილი შხამია, სიძულვილი იგივე ბოღმაა, ბოღმა კი ახრჩობს... „როდემდე ვაცალოთ?“ – ისე მოგაძახებენ, თითქოს შვიდი წელი კი არა, შვიდი საუკუნე იყოს გასული და თითქოს ამ შვიდ წელიწადში ქვეყანა, წინსვლის ნაცვლად, დაქცეულა...

ამავე დროს, ამრეზითა და ბოღმიანი მზერით ხვდებიან კონტრკითხვას, რომელსაც მოაზროვნე ადამიანები მათ აუცილებლად უსვამენ: „როდემდე უნდა "არ ვაცალოთ?“

ზემორეჩამოთვლილ და კიდევ უამრავ ადამიანს იმდენად აბრმავებს ერთი ვინმეს სიძულვილი, რომელსაც დაფარვა კი სჭირდება, მაგრამ ვეღარ ფარავენ, რომ მზად არიან აღიარონ: ჩვენ დავიწყეთ ომი, ჩვენ დავბომბეთ მძინარე ცხინვალი, ჩვენი ჯარისკაცები ყრიდნენ ხელყუმბარებს ცხინვალის სარდაფებში, სადაც ხალხი იმალებოდა... ჩვენ, ჩვენ...

ია სულაბერიძეს ერთი მშვენიერი, პატარა ლექსი აქვს, ქართველებისთვის ოდითგან მტკივნეულ თემაზე – ღალატზე. კითხვა–პასუხის აღწერაა ეს ლექსი და ფრაზას: „შენ მეკითხები, თუ რას ნიშნავს სიტყვა „ღალატი“: დუელში მიწვევ“ – მოსდევს: „პირგაბადრულმა რომ ატარე შაჰის ხალათი – აი, ღალატი!“ – ალბათ, ბევრს არ უპასუხია ასე ტევადად, ყოვლისმომცველად და ღრმად...

წესით, რაც ადამიანს აფრთიანებს, სამომავლო გეგმებისთვის განაწყობს, ოპტიმიზმით ავსებს, სიყვარულია. ზემორეჩამოთვლილებსა და კიდევ სხვებზე კი ეს ზოგადადამიანური კანონი არ მოქმედებს: მათ ქმედებას წარმართავს ერთი ვინმეს სიძულვილი, დაფარვა რომ (არ) სჭირდება...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100