სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატრიარქ კირილის უარმყოფელი იჟევსკელი მღვდელმსახურები ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებენ

27 აგვისტოს ინტერნეტით გავრცელდა სამი იჟევსკელი მღვდელმსახურის ახალი ვიდეომიმართვა, სადაც ისინი მათი ქმედების შემდეგ (რუსეთის პატრიარქისთვის გაგზავნილ მიმართვაზე არაადეკვატური რეაგირების გამო მათ წირვის დროს რუსეთის პატრიარქის მოხსენიება შეწყვიტეს) შექმნილ სიტუაციაზე საუბრობენ:

“მას შემდეგ, რაც ჩვენ მიმართვა გავუგზავნეთ რუსეთის პატრიარქს, მაშინვე ვიგრძენით, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერაც არაა ამოსული ტოტალიტარიზმის იმ ჭაობიდან, რომელშიც წარსულში ცხოვრობდა”, - ამბობს მამა სერგეი კონდაკოვი - ერთ-ერთი სასულიერო პირი იჟევსკის იმ ღვთისმსახურებიდან, რომლებმაც რუსეთის პატრიარქ კირილს ღია წერილით მიმართეს.

წერილში სასულიერო პირები შეშფოთებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ფაქტობრივად, განუკითხაობაა: “საეკლესიო ჯილდოები დაუმსახურებლად გადაეცემა სახელმწიფო მოხელეებს, ღვთისმსახურები ბანდიტებად, გამომძალველებად, ბანკირებად და არტისტებად გადაიქცნენ”, - ნათქვამი იყო მიმართვაში, რომელიც რუსეთის პატრიარქის სახელზე ჯერ კიდევ 26 მარტს დაიწერა, თუმცა, რეგირების ნაცვლად ამ წერილს სამი მღვდელმთავრის მიმართ ცილისწამებათა კასკადი მოჰყვა, რომელიც განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც სასულიერო პირებმა ლოცვებისა და წირვების დროს რუსეთის პატრიარქის, როგორც ეკლესიის საჭეთმპყრობელის მოხსენიება საერთოდ შეწყვიტეს.

სამ მღვდელმსახურს ტელეკომპანია “ენ-ტე-ვე”-მ “რასკოლნიკები” უწოდა. 27 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სასულიერო პირები განმარტავენ, რომ პატრიარქის მოხსენიების შეწყვეტა “რასკოლნიკობას” არ ნიშნავს, რადგან ეკლესიის მეთაური არის არა პატრიარქი, არამედ უფალი ღმერთი, ხოლო პატრიარქს ეკლესიის ზედამხედველობა, მისი შეურყვნელად შენახვა ევალება.

“ძალიან ხშირად გვეკითხებიან, რატომ მივმართეთ პატრიარქს საჯაროდ და რატომ არ შევხვდით მას პირადად, რათა წერილში დასმულ პრობლემებზე გვესაუბრა”, - ამბობს ერთ-ერთი მღვდელმსახური ახალ ვიდეომიმართვაში. - “პატრიარქთან შეხვედრა არა თუ რიგითი სასულიერო პირისთვის, იერარქიაში ჩვენზე მაღლა მდგარი პირებისთვისაც შეუძლებელია, რადგან მისმა გარემოცვამ ყველაფერი გააკეთა, რათა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქო გადაქცეულიყო ერთ დიდ ადმინისტრაციულ ერთეულად, სადაც შეღწევა, პრივილეგირებული სასულიერო პირების გარდა, არავის შეუძლია”.

აღსანიშნავია, რომ იჟევსკელ მღვდელმსახურებს ადგილობრივ ეპარქიაში უამრავი მიმდევარი და თანამოაზრე ჰყავთ. მათ შორის არიან როგორც მრევლის წარმომადგენლები, ასევე სასულერო პირებიც, რომლებიც თავიანთ პოზიციას ხმამაღლა ვერ აფიქსირებენ, მაგრამ სამ “მეამბოხეს” თანაუგრძნობენ.

განსხვავებული აზრის მქონე სასულიერო პირების მიერ პატრიარქ კირილისთვის გაგზავნილ მიმართვას ოფიციალური რეაგირება არ მოჰყოლია. მოგვიანებით, უკვე მას შემდეგ, რაც რუსმა მღვდელმსახურებმა ქვეყნის პატრიარქის მოხსენიება შეწყვიტეს, მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მომხდარის შესახებ საქმის კურსში ჩააყენეს იერუსალიმის საპატრიარქო და მათი მხრიდან შესაბამისი კურთხევაც მიიღეს. მღვდელმსახურების მიმართ მოსკოვის საპატრიარქომ ადმინისტრაციული ზომები მიიღო: მათ ღვთისმსახურების უფლება ჩამოართვა და იჟევსკის ეკლესიაში (რომელიც მრევლმა მათივე ხელმძღვანელობით აღადგინა) მსახურების ჩატარების საშუალება არ მისცა.

ამის შემდეგ მღვდელმსახურები მრევლთან ერთად, ერთ-ერთ სახლში ლოცულობენ, თუმცა, წირვის დღეებში მაინც ეკლესიის წინ იკრიბებიან. სწორედ ეს ფაქტი გახდა “ენ-ტე-ვე”-ს მიერ მომზადებულ სიუჟეტში ქილიკის საგანი, როცა კადრებს, სადაც ნაჩვენებია, როგორ მიჰყვება მამა სერგეი კონდაკოვს სალოცავად უამრავი ადამიანი, ჟურნალისტის ტექსტი მოჰყვა: “ასე გამოიხატება ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი განდგომა რუსული ეკლესიიდან”.

27 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, რომელსაც “დრონი.ჯი” წარმოგიდგენთ, სასულიერო პირები “ენ-ტე-ვე”-ს მიერ მომზადებულ სიუჟეტს ფრაგმენტულად განიხილავენ და თავიანთ მიზნებსა და გეგმებზეც საუბრობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100