სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას ჰყვებიან ბათუმის 210-ე ბატალიონის წევრები სისხლიან აგვისტოზე?

რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, იმდენი საშინაო და საგარეო პრობლემა გაჩნდა ქვეყნის ცხოვრებაში, რომ ომის შედეგების ანალიზისათვის ქართულმა მედიამ ნაკლებად მოიცალა. ცხადია, ამის უმთავრესი მიზეზი ოპოზიციის ერთი ნაწილის განუწყვეტელი საპროტესტო აქციებიცაა და ომის ორი წლისთავიც ამ დაპირისპირების ფონზე მოგვადგა კარს. არადა, სათქმელი და დასაწერი ძალზე ბევრია. „წაგებულ“ ომსაც ჰყავს თავისი გმირები და არა მარტო სამხედრო ფორმიანები. ბევრნი სამოქალაქო პირები არიან – უბრალო ადამიანები, შიდა ქართლის მცხოვრებნი, რეგიონალური სახელმწიფო სტრუქტურების ჩინოსნები და რიგითი თანამშრომლები თუ ხელისუფლების ვერტიკალიდან საომარ ზონაში მივლინებული სახელმწიფო მოხელენი. როცა ოპოზიცია ყოველდღე გაჰკიოდა, რომ ხელისუფლების ჩინოსანთა რიგები იდგა წითელი ხიდის, სარფისა და სადახლოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, ის არავის გახსენებია, რომ იყო ხალხი, რომელსაც არათუ საზღვრის გადაკვეთა და ქვეყნის მიტოვება გაუვლია გულში, ცოლ-შვილიც არ გაუყვანია თბილისიდან, თავად კი გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, ბომბებისა და არტილერიის ჭურვებით გადამწვარი სოფლებიდან ხალხი გამოჰყავდა. აჭარაში ყოფნისას ბათუმის რეზერვისტთა 210-ე ბატალიონის წევრებს გადავეყარე, რომელთაც იმ ამბების შესახებ მომითხრეს, რომლის შესახებ თავადაც კარგად ვიცოდი, მაგრამ მათი მონათხრობი ბევრად მნიშვნელოვანია – არც მეტი, არც ნაკლები ბათუმის 320 კაციანი ბატალიონი „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი კარბელაშვილმა გადაარჩინა. ბაქარ ქემხაძე 210-ე ბათუმის ბატალიონის რეზერვისტი: 8 აგვისტოს წაგვიყვანეს გორში, იქ ერთ-ერთი დაბომბილი კორპუსის გაწმენდაზე ვიმუშავეთ, მერე გორის თეატრის წინ დავბანაკდით. არ ვიცოდით რა უნდა გვეკეთებინა, ბატალიონის მეთაური ზურაბ ქამხაძე ბოლო მომენტამდე არ მოგვცილებია, მაგრამ კონკრეტული მითითება თუ რა უნდა გვექნა, არც მას ჰქონდა. ახლა უკვე შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ სარეზერვო სისტემაში ქაოსი და მართვაში დეფექტები იყო, ეს ჩვენც შეგვეხო. 10 აგვისტოს, დილაუთენია გორმა დაცლა დაიწყო, ხალხი გარბოდა, საინფორმაციო ვაკუუმში ვიყავით... ვხედავდით კარგი არაფერი ხდებოდა, მაგრამ რა იყო ის უბედურება, რაც გველოდა, არავინ იცოდა. ამ დროს მედია-ცენტრთან გამოჩნდა გიორგი კარბელაშვილი, ვიცანით, მივედით მასთან და ავუხსენით სიტუაცია. ბატონი გიორგი დაელაპარაკა ჩვენს მეთაურს და როცა გაარკვია რომ არ არსებობდა ბრძანება, ბატალიონის შემდგომი რეაგირების შესახებ, სასრაფოდ დაიქირავა 3 ავტობუსი, საკუთარი ხარჯით ჩაუსხა მათ საწვავი და ყველანი აგარაში ჩაგვიყვანა. ღმერთმა გამოგვიგზავნა ეს კაცი!... არჩილ დოლიძე, რეზერვისტი: თურმე, ბატონ გიორგის ჰქონდა ინფორმაცია, რომ გორში მალე მტერი უნდა შემოჭრილიყო. მედია-ცენტრი ჟურნალისტებისაგან სასწრაფოდ დილის 6 საათზე დაიცალა და ეს ჩვენ ცუდად გვენიშნა. მაგრამ კონკრეტული საფრთხისა არაფერი ვიცოდით. გიორგი კარბელაშვილმა უეჭველი სიკვდილისაგან გვიხსნა. 9 საათისთვის გორი დავტოვეთ, 2 საათზე კი იქ უკვე ჩეჩნური, ოსური ბატალიონები შემოვიდნენ, ქალაქი იმ დროს დაცლილი იყო, დაუცველი სრულიად და ჩვენ რომ შევრჩებოდით ჩეჩნეთში ნაომარ „ბოევიკებს“, რა მოხდებოდა კი ხვდებით... უბრალოდ უაზრო მსხვერპლი ვიქნებოდით, კი, შევებრძოლებოდით, მაგრამ მარტო ავტომატებით რას გავაწყობდით კბილებამდე შეიარაღებულ იამადაევის ბატალიონთან და ოს „ბოევიკებთან“? ირაკლი ცენტერაძე: ზურაბ ქამხაძე გვამხნევებდა, თავს დაგვტრიელებდა ყველას, მაგრამ რეზერვში ქაოსი იყო. არც ბრძანება ჰქონდა რომ ქალაქი დაგვეტოვებინა. გიორგი კარბელაშვილმა აიღო თავის თავზე ყველაფერი, ქამხაძე დაარწმუნა რომ პასუხისმგებელი თავად იქნებოდა. ეს სამოქალაქო გმირობა იყო. საიდანღაც გააჩინა ავტობუსები, საწვავიც იშოვა, რომელიც უკვე დეფიციტი იყო ქალაქში, თავად და „საქაერონავიგაციის“ სხვა თანამშრომლები მანქანით მიგვიძღოდნენ წინ და ქარელში უსაფრთხო ადგილზე ვიდრე არ გადაგვიყვანეს, თავი არ დაგვანებეს. მინდია ხოფერია: მე ბიჭების მონაყოლს ვეღარაფერს დავამატებ. საოცარი ის იყო ჩვენ ხომ გადაგვარჩინა და, გიორგი კარბელაშვილი „საქაერონავიგაციის“ თანამშრომლები და აჭარის პარლამენტის წევრი მალხაზ კალანდაძე, რომელიც ჩვენთან ერთად იყო, უკან დაბრუნდნენ, გორი უნდა დავიცვათო. სულ 12 კაცი იყვნენ. ხელცარიელნი, უიარაღოდ ჩავიდნენ გორში. მერე გავიგეთ, იქ იარაღი უშოვიათ, უბრძოლიათ და გორის რომელიღაც სოფლიდან კიდე 250 კაციანი რეზერვისტთა ბატალიონი გამოუყვანიათ, 250 კაცი აშკარა სიკვდილს გადაურჩენიათ. არჩილ დოლიძე: მალხაზ კალანდაძის სიძე ჩვენს ბატალიონში იყო, მის სანახავად ჩამოვიდა გორში, მაგრამ ის არც უფიქრია, ჩემს სიძეს წავიყვან ბათუმში, დანარჩენებს ქვა გიხლიათ თავშიო. პირიქით, ბოლო მომენტამდე ხომ ჩვენთან იყო, ქარელში ჩამოგვყვა და როცა ბატალიონი სამშვიდობოს დაიგულა, უკან გიორგი კარბელაშვილს გაჰყვა – გორი დაიცალა, მოხუცები არიან დარჩენილნი და ახლა იმ ხალხს უნდა მივხედოთო. მალხაზ კალანდაძე, აჭარის პარლამენტის წევრი: მე არც ბოევიკი ვარ და არც ოფიცერი, მაგრამ სადაც ჩემს ქვეყანას უჭირდა, იქ ვიყავი. კი, საკუთარი სიძის მოსაძებნად ვიყავი გორში, მაგრამ გიორგი კარბელაშვილის წყალობით გადარჩა აჭარის რეზერვისტთა ბატალიონი, მერე ქარელიდან გორში დავბრუნდი. რა გითხრათ? ყველა ნორმალური ქართველი ჩემსავით მოიქცეოდა. დიდი მადლობელი ვარ გიორგი კარბელაშვილისა, 320 კაცი უეჭველი სიკვდილისაგან იხსნა. მეორე მომენტიც იყო - არ მქონდა უფლება ასეთი ვაჟკაცი მიმეტოვებინა და როცა ის და მისი ბიჭები გორში დაბრუნდნენ, მე ჩემი სიძე ჩამესვა მანქანაში და ბათუმში წამოვსულიყავი. თემურ დოლიძე, ფოლკლორულ ანსამბლ „ბათუმის“ ხელმძღვანელი, რეზერვისტ არჩილ დოლიძის მამა: გიორგი კარბელაშვილმა შვილი გადამირჩინა სიკვდილს და მასთან ერთად 319 კაციც. მე ვიტყვი, რომ მას სხვაგვარად მოქცევა არ შეეძლო, ის ხომ ქართული ეკლესიის დიდმოღვაწეთა - ანდრია და პეტრე კარბელაშვილების შთამომავალია? გიორგი კარბელაშვილის გმირობის შესახებ კიდევ ბევრს ყვებოდნენ გადარჩენილი რეზერვისტები, მაგრამ რაც მათი მონათხრობიდან შემოგთავაზეთ, ისიც კმარა იმის დასტურად, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ ომის დროს ხელისუფლების წარმომადგენლები. ასეა: ომი შანსია გახდე გმირი. ომი ამასთანავე საუკუთესო საშუალებაა დაეცე სულით და იქცე ლაჩრად. აგვისტოს ომი სწორედაც რომ ტესტი იყო ქართველი პოლიტიკოსებისათვის. საბედნიეროდ, გიორგი კარბელაშვილი არ იყო ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც ომმა გმირად აქცია. მათ შესახებ სტატიების ციკლს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ!!!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100