სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"საზოგადოების მავნებელი მგონია მე ის ადამიანი, ვინც მომავალ თაობას ეჭიდავება"- დრონი.ჯი-ს ინტერვიუ სტუდენტების „ფავორიტ“ ლექტორებთან

დრონი.ჯი- ჩაატარა გამოკითხვა სხვადასხვა უნივერისტეტის სტუდენტებთან და გაარკვია თუ ვინ იყო (სტუდენტების აზრით) ყველაზე პოპულარული და საყვარელი ლექტორი. გთავაზობთ გამოკითხვის მიხედვით შერჩეულ სამ ლექტორთან ინტერვიუს. ისინი საუბრობენ სტუდენტებზე და ახალ თაობაზე, ასევე მიდგომებსა და საინტერესო ურთიერთობებზე ლექტორსა და სტუდენტებს შორის.

დრონი.ჯი- სტუდენტებისფავორიტლექტორებთან ინტერვიუს გთავაზობთ.

გარდა პროფესიონალიზმისა, რა განაპირობებს თქვენდამი სტუდენტების განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, რა განასხვავებს დღევანდელ სტუდენტებს თქვენი თაობის სტუდენტებისგან და თქვენი აზრით რამდენად საიმედო ხელში გადადის საქართველოს მომავალი?

გიორგი მიქანაძე: ვერ ვიტყვი, რომ სტუდენტებს განსაკუთრებული დამკიდებულება აქვთ ჩემს მიმართ. ალბათ ყველა ლექტორის მიმართ ასეთი დამოკიდებულებით არიან, შეიძლება ახალგაზრდა ლექტორობა, არ ვიცი. მე მინახავს არაპროფესიონალი ლექტორები აღფრთოვანებული სტუდენტებიც, ასე რომ, არ მიკვირს. სტუდენტები თითქმის ყოველთვის გრძნობენ და ხვდებიან, თუ ინტერესი გაქვს მათი წარმატების და აძლევ მოტივაციას, აუცილებლად ამჩნევენ და გიფასებენ. ჩემი ლექტორობის ერთადერთი მოტივაციაც ეს გახლავთ - მქონდეს შეხება საინტერესო მომავლის ადამიანებთან და მეც მქონდეს წვლილი მათ წარმატებებში. ჩემს თაობას არ ჰქონდა უნივერსიტეტებში სახელმძღვანელოები, ლიტერატურის სერიოზული პრობლემები იყო.

გარდა ამისა, ასე პოპულარული და ათვისებული არ იყო ინტერნეტი, შესაბამისად, ასეთი წვდომა, როგორიც დღეს არის ინფორმაციაზე, არ გქვოდნა. დღეს ახალგაზრდებს ძალიან მარტივად შეუძლიათ ჰქონდეთ წვდო სხვადასხვა სახის ინფორმაციასთან, დადგნენ გამოწვევების წინაშე, დაისახონ მიზნები, განვითარდნენ დამოუკიდებლად და .. თუმცა, მეორეს მხრივ, სულ უფრო მცირდება მთავარზე კონცენტრირების შესაძლებლობები. სოციალური ქსელ და ვირტუალური რეალობა ცაკლე თემაა, აქვე უნდა აღინიშნოს და ვფიქრობ, ეს წყვეტს ბევრ ახალგაზრდას რეალობას, ემართებათ ფსიქოლოგიური აშლილობები, ერევათ დამოკიდებულებები წარმატების, მიზნების, საკუთარ თავზე მუშაობის მიმართ და ..

გარდა ამისა, ამდენ ინფორმაციაში, გართულებულია ღირებული ინფორმაციის მიგნების შესაძლებლობებიც. სხვადასხვა უნივერსიტეტებში 11 წელზე მეტია ვასწავლი. ძალიან ძლიერ ახალგაზრდებთან მქონია და მაქვს შეხება. ბევრი მათგანი ჩემი ახლო მეგობარია და ვამაყობ მათთან ურთიერთობით. მეამაყება თითოეული სტუდენტი და მათი წარმატება. ასე მგონია, რომ რაღაც ჩემი ნაწილი წავიდა წინ, დაწინაურდა, აქვს საინტერესო ცხოვრება და .. მოკლედ, ძალიან კარგი თაობა მოდის.

საერთოდ ისტორიულად, უფროსი თაობა ყოველთვის აკრიტიკებს ახალ თაობას და ახალი თაობაც, ვინც პროგრესულ ნაწილშია ამას ბუნებრივად იღებს, არ აქვს რეაქცია და შეუძლია დიდსულოვნად გაიაზროს ეს ბუნებრივი პროცესი, ზოგიც ედავება, ეკამათება ეჭიდავება ... საერთოდ, საზოგადოების მავნებელი მგონია მე ის ადამიანი, ვინც მომავალ თაობას ეჭიდავება. უფროსი თაობის წარმომადგენლებისგან, მათ შორის აკადემიურ სფეროდან, მე მქონია ბევრი წინააღმდეგობა, კრიტიკა, ლანძღვა-გინება, დაბლოკვა და შეურაცხყოფები. ასეთი ადამიანები აფერხებენ საზოგადოებას. თუმცა, სამწუხაროდ ეს ბუნებრივი პროცესია და ყველა ახალგაზრდა მსგავს ფაქტებს კეთილგონივრულად უნდა შეხვდეს. სათესო პასუხი იქნება დიდსულოვნება, ზრდილობა, შეუპოვრობა და მაინც საკუთარ შედეგზე გასვლა. დავამატებდი კიდევ იმას, რომ დღეს გაცილებით უფრო მაღალი ზნეობის, შინაგანი კულტურის, რწმენისა და კეთილშობილების ახალგაზრდები მოდიან - ეს თავისუფლების დამსახურებაა.

ქეთი ნიჟარაძე: უპირველესი, რაც ლექტორს მოეთხოვება, ცოდნა და გამოცდილებაა, რომელსაც უშურველად გასცემს და უზიარებს ყველა სტუდენტს. ამ პროცესში კი ბევრი ფაქტორია გადამწყვეტი - პასუხისმგებლობის გრძნობიდან დაწყებული, ობიექტურობით დამთავრებული. თუმცა, გადამწყვეტი მაინც ისაა, რამდენად გულწრფელად გიყვარს სტუდენტები. ისინი ამას გრძნობენ და გააზრებულად თუ გაუაზრებლად, იგივე განწყობით გპასუხობენ . ჩემთვის ამ გამოკითხვის შედეგები სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სტუდენტს, ვისაც გავახსენდი და საყვარელ ლექტორად დამასახელა.

ჩვენს თაობებს შორის ბევრი ხელშესახები განსხვავებაა. თუნდაც ის, რომ ახალმა თაობამ ზუსტად იცის - მათი მომავალიც და ქვეყნის ბედიც მათსავე ხელშია, რომ გადაბრლების და სხვისკენ ხელის გაშვერის პოლიტიკა არ მუშაობს, არაფრის მომტანია. იციან, რომ ვერ განვითარდებიან არა დიპლომის, არამედ განათლების გარეშე.

ბევრი მათგანი მუშაობს და სწავლის გადასახადს თვითონვე იხდის - ეს ეამაყებათ. ჩვენი თაობისთვის კი ეს მიუღებელი გახლდათ და თუ ვინმე იძულებული იყო, დამატებითი შემოსავლისთვის ემუშავა, სათაკილოდ ითვლებოდა. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ყოველი ახალი თაობა წინას ბევრად უსწრებს - ეს ასე იყო დასაბამიდან, რადგან სხვაგვარად კაცობრიობას არანაირი პროგრესი არ ექნებოდა. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, ჩემმა სტუდენტებმა გაიაზრონ მათი უპიატრსობა და ის პასუხისმგებლობა, რაც მათ აკისრიათ საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე. რაც მთავარია, დაინახონ თავიანთი ძალა და დარწმუნდნენ საკუთარ შესაძლებლობებში.

სალომე პატარიძე: ლექციამდე ყოველთვის გულდასმით ვემზადები და ვცდილობ, ახალი საკითხი მათთვის საინტერესო ფორმითა და მაგალითებით მივაწოდო. ჩემთვის თითოული სტუდენტი, როგორც ინდივიდი, მნიშვნელოვანია. ორიენტირს არ ვიღებ მხოლოდ წარჩინებულ სტუდენტებზე და ვცდილობ ყველა ჩავრთო ლექციის მსვლელობაში, ვაგრძნობინო, რომ ყველა მათგანის აზრი საინტერესო და მნიშვნელოვანია, რაც ქმნის აუდიტორიაში კეთილგანწყობილ, გულწრფელ გარემოს, სადაც ახალი ცოდნის კონსტრუირება უფრო გამარტივებულია.

ჩემი სტუდენტობის პერიოდში მოტივირებული სტუდენტები ვერაფერს ვაფუძნებდით, არ ვიცოდით, თუ სად უნდა გამოგვეყენებინა დაგროვილი ცოდნა, დასაქმების შესაძლებლობაც ძალიან დაბალი იყო, შესაბამისად, სტუდენტები საზღვარგარეთ წასვლაზე და იქ დარჩენაზე იყვნენ ორიენტირებულები.

დღევანდელ სტუდენტებს აქვთ საშუალება, გაცვლითი პროგრამებით წავიდნენ ევროპის უნივერსიტეტებში, დააგროვონ გამოცდილება, შეიგრძნონ დამოუკიდებლობა და გაიცნონ ახალი კულტურები. დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნის რეალიზაციის საშუალებაც უფრო მეტად ეძლევათ. დღევანდელი სტუდენტები საოცრად თავისუფლები, დამოუკიდებლები არიან და, რაც მთავარია, იციან , როგორ შეიძლება მოიპოვონ დამოუკიდებლობა. ვფიქრობ, ამ მოპოვებულ დამოუკიდებლობასა და თავისუფლების სიყვარულს არაფერზე გაცვლიან. ეს ძალიან, ძალიან მახარებს და მაიმედებს.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100