საქართველოში კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობა გაიხსნა
თბილისში კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის საქართველოს წარმომადგენლობის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ცენტრის წარმომადგენლობა ქვეყანაში კარტოფილის მოვლა-მოყვანის ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და ახალი პერსპექტიული ჯიშების შემოტანას აპირებს.
მოწვეულს სტუმრებს კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი წარუდგინა და საქართველოს წარმომადგენლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის რეგიონალურმა ლიდერმა ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში რუსუდან მდივანმა.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მთავარი ოპერაციული ოფიცერი მაიკლ გერბა, რომლებმა ისაუბრეს კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მისიაზე, ხედვასა და მოღვაწეობაზე, ცენტრის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და სხვა საკითხებზე.
ცერემონიალის ფარგლებში გაიმართა კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის საქმიანობისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის ამსახველი ფილმების ჩვენება.
„თანამშრომლობა გვაძლევს საშუალებას მეტი წვდომა გვქონდეს მსოფლიო მიღწევებზე აგრარულ სექტორში, ინოვაციებსა და კარტოფილის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, რომელსაც ჩვენ ბუნებრივია დავნერგავთ საქართველოში,“ - თანამშორმლობის პერსპექტივებზე საუბრობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე
„კარტოფილი, ისევე როგორც ღვინო საქართველოს დიდი კულტურის ნაწილია. მოხვარული ვარ, რომ აქ ვიმყოფებით. კარტოფილის საერთაშორიოს ცენტრის საქართველოს წარმომადგენლობა გახდება ცენტრის რეგიონალური ოფისი, საიდანაც დაიფარება ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნები. ორგანიზაცია ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში,“ - ცენტრის საქართველოს წარმომადგენლობის მნიშვნელობაზე საუბრობს კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მთავარი ოპერაციული ოფიცერი მაიკლ გერბა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს მეკარტოფილეობის დარგში არსებულ პრობლემებზე დაყრდნობით 5 წლიანი პროგრამა შემუშავდა.სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით პროგრამა მეკარტოფილეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ოფიციალური ნაწილის დასასრულს ავსტრიის განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა გერჰარდ შაუმბერგერმა წარადგინა ავსტრიის რესპუბლიკის მიერ დაფინანსებული პროექტი, „საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება: ჯანსაღი თესლის წარმოების ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა კარტოფილის ადგილობრივი თესლწარმოების სისტემაში“.
„საქართველოს მოსახლეობა კარტოფილის აქტიური მომხმარებელია. ცენტრის წვლილს შეიტანს ქვეყენაში კარტოფილის კიდევ უფრო გამოყენებაში. მიმაჩნია, რომ ჩვენი გამოცდილების გაზიარება ფერემებსა და მცირე მეწარმეებს გამოადგებათ. საქართველოში წარმოებული კარტოფილი იქნება ეკოლოგიურად სუფთა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან თავისუფალი. წელს საქართველოში 12 ტონა კარტოფილი მოვიდა, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი მომავალში 30 ტონამდე გაიზარდოს,“ - აღნიშნავს ავსტრიის განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი გერჰარდ შაუმბერგერი.
კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი წარმოადგენს სასოფლო–სამეურნეო კვლევების საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის (CGIAR) წევრ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც მისივე ინიციატივით 1971 წელს დაარსდა. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მისიაა ითანამშრომლოს პარტნიორებთან სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად, შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად და გენდერული თანასწორობის დასაცავად, რა თქმა უნდა, სასოფლო–სამეურნეო კვლევებისა და ინოვაციების განვითარებისა და დანერგვის გზით.
კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობა საქართველოშიც უკვე გაიხსნა. წარმომადგენლობის გახსნის წინაპირობას 2016 წლის 26 იანვარს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის - სამეცნიერო კვლევითი და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წარმოადენდა. სწორედ მის ფარგლებში ქვეყანაში მეკარტოფილეობის დარგში არსებულ პრობლემატიკაზე დაყრდნობით შემუშავდა ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში მეკარტოფილეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობა საქართველოში გახდება ცენტრის რეგიონალური ოფისი, საიდანაც დაიფარება ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნები. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი საქართველოში დანერგავს კარტოფილის მოვლა-მოყვანის ინოვაციურ ტექნოლოგიებს და წარადგენს ახალ პერსპექტიულ ჯიშებს, აგრეთვე აამაღლებს მეკარტოფილეობის სექტორში მოღვაწე მეცნიერების, ფერმერებისა და მწარმოებლების ცოდნას.
კომენტარი