სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სომხური მხარე ფრიდონ თოდუას ურჩევს, „ქართლის ცხოვრებას“ გაეცნოს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ფრიდონ თოდუა სომხური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

საქმე ეხება "Новости-Армения"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, თოდუამ ბაქოში ვიზიტის ფარგლებში განაცხადა, რომ "საქართველო და აზერბაიჯანი ოკუპირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებენ, რამდენადაც ეს მათი მიწებია".

"მსგავსი რამ მე არ მითქვამს. ადგილობრივ მედია-საშუალებებს ერთობლივი ინტერვიუ მივეცით, მაგრამ აღნიშნული არ მითქვამს. მე მაინტერესებს, საქართველო იყოს ერთიანი, მაგრამ დანარჩენი ქვეყნების პრობლემებში არ ვერევი", - განაცხადა “პირჭელთან” საუბარში ბაქოში მყოფმა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

მისივე თქმით, ქართული დელეგაცია ბაქოში გუშინ დილით ჩავიდა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, აზერბაიჯანის მეჯლისის წევრებსა და ეკონომიკის მინისტრს უკვე შეხვდა. ხვალ კი დელეგაციის წევრები პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს უნდა შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ "Новости-Армения"-ს ინფორმაციით, სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა ქართველი კოლეგას ფრიდონ თოდუას განცხადებას "არაკორექტული" და "რეალობისგან შორს მყოფი აბსურდი" უწოდა.

"თოდუას საყურადღებოდ, სომხეთის არც ერთი ოფიციალური პირი მესამე ქვეყნის პრობლემასთან დაკავშირებით არაკორექტული განცხადებით არასოდეს გამოსულა", - განაცხადა შარმაზანოვმა და თოდუას ურჩია, "ქართლის ცხოვრებას" გაეცნოს, სადაც ნათლადაა მითითებული, ვინ არის ამ რეგიონში ავტოქტონიური ერი".

"კრებულში ნახსენები არიან როგორც სომხები, ისე ქართველები, იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანლებზე "ქართლის ცხოვრებაში" სიტყვაც არ არის ნათქვამი. შესაძლოა, როდესაც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას გაიგებს, თოდუამ მეზობელი ერის წინაშე ბოდიში მოიხადოს", - განაცხადა შარმაზანოვმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100