სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წვიმის გამო ვარდების მოედანზე შეკრებილი მომიტინგეები თავს ფოსტა–ტელეგრაფის შენობას აფარებენ

ვარდების მოედანზე ამ დროისათვის (14.00) დაახლოებით ორასი ადამიანია შეკრებილი. როგორც ისინი აცხადებენ, დასავლეთ საქართველოდან ზოგი მათგანი გუშინ, ზოგი კი დღეს ჩამოვიდა. „სახალხო კრების“ წარმომადგენელთა თქმით, ისინი ჯერაც ელოდებიან იმ მხარდამჭერებს, რომლებიც დღეს დასავლეთ საქართველოდან გამოემგზავრნენ.

მოედანზე დაახლოებით ას კაცამდეა შეკრებილი. მათთან ჯერ არ მისულან „სახალხო კრების“ ლიდერები. მომიტინგეთა რაოდენობა წვიმის დაწყებამ კიდევ უფრო შეამცირა და უამინდობისგან თავდასაცავად მოედანზე დარჩენილთა უმრავლესობამ თავი ფოსტა–ტელეგრაფის შენობას შეაფარა. მომიტინგეების განცხადებით, დასავლეთიდან თბილისში გამგზავრებაზე შეზღუდვები არსებობს, თუმცა, კონკრეტული ფაქტების დასახელება უჭირთ.

პარალელურად, დაახლოებით ამდენივე (ან ცოტათი მეტი) ადამიანია შეკრებილი ფილარმონიის შენობასთან. „სახალხო კრების“ ლიდერები არც იქ გამოჩენილან, მომიტინგეები კი შემდგომ დირექტივებს ელიან.

თბილისში, სხვადასხვა ადგილას შეკრებილი მომიტინგეები და „სახალხო კრების“ წარმომადგენლები კი ყურადღებას კიდევ ერთ დეტალზე ამახვილებენ: მათი განცხადებით, რუსთაველის გამზირიდან სანაგვე ურნები გაქრა, რაც მერიამ სპეციალურად 21 მაისისთვის დაგეგმა. ამავდროულად, მერიაში ამბობენ, რომ გამზირიდან ურნები გრაფიკის მიხედვით, თვეში ერთხელ გასარეცხად და შესაკეთებლად მიაქვთ და ამაში გასაკვირი არაფერია.

„სახალხო კრების“ მხარდამჭერების თქმით, ბათუმიდან თბილისში დღეს მიკროავტობუსების გადაადგილება აიკრძალა. ჩვენი კორესპონდენტები ბათუმიდან კი იტყობინებიან, რომ ქალაქის ავტოსადგურიდან თბილისის მიმართულებით პირველი სამგზავრო მიკროავტობუსი დილის 8 საათზე უკვე გავიდა, რაც შეეხება მარშრუტის სიხშირეს, სხვა დღეებთან შედარებით დღეს აქტივობა დაბალია. ავტოსადგურის თანამშრომლებმა ჟურნალისტებთან საუბარში მარშრუტის აკრძალვის ფაქტი კატეგორიულად უარყვეს და განაცხადეს, რომ მძღოლები, რომლებიც ბათუმი–თბილისის რეისს თავიანთი კუთვნილი მიკროავტობუსებით ემსახურებიან, დღეს მგზავრობაზე უარს აცხადებენ, ავტოსადგურს კი მათზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. „ისინი თვითონ მიდიან ზარალზე, რომ დააყენონ მანქანა, მგზავრები ეყოლებათ, რადგან მსურველი ბევრია, მაგრამ რეისზე წასვლას ჩვენ ვერაფრით ვაიძულებთ, ეს მათ სურვილზეა დამოკიდებული“, – აცხადებენ ბათუმში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100