სტუდიაში მომხდარი ჩხუბის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა განმარტება „ფეისბუქზე“ გააკეთა
„ნანუკას შოუს“ წამყვანი, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი საახალწლო გადაცემის ჩაწერის დროს სტუდიაში მომხდარ ჩხუბს გვიან ღამით, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და პირობა დადო, რომ ჩხუბის კადრები გადაცემიდან არ ამოიჭრება. ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, ლალი მოროშკინამ თაკო ფხაკაძე მას შემდეგ სცემა, რაც „პრაიმტაიმის“ გამოკითხვამ ის „უგემოვნო ქალბატონის“ ნომინაციაში გამარჯვებულად დაასახელა:
"ლალი მოროშკინას განცხადების შემდეგ მე იძულებული ვარ განვმარტო:სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც ლალი მოროშკინა დასახელდა ნომინაციაში „უგემოვნო ქალბატონი“ ( რაც ჩემზეც ბევრჯერ უთქვამთ და არ ვფიქრობ რომ დიდი გემოვნებით გამოვირჩევი) მან ნამდვილად სცემა თაკო ფხაკაძე, რადგან ეს გაზეთის მიერ ჩატარებული გამოკითხვა იყო. კადრებში ჩანს, როგორ უქნევს ჩანგალს ლალი თაკოს, შემდეგ სცემს და ემუქრება!!! რაც მოხდა, არის აღმაშფოთებელი და არა იმიტომ, რომ ეს ჩემს გადაცემაში მოხდა. საზოგადოება ამ კადრებს აუცილებლად იხილავს.", - დაწერა სტატუსად ნანუკა ჟორჟოლიანმა.
სტატუსს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის ტელეკომპანია „კავკასიის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნინო ჯანგირაშვილი, რომელმაც გუშინ, „კავკასიის“ ეთერის დაწყებამდე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაანონსა, რომ რამდენიმე წუთში ლალი მოროშკინას სენსაციური აღიარება „კავკასიაზე“ გადაიცემოდა. ნინო ჯანგირაშვილმა შეკითხვაზე - რატომ არ დაუკავშირდა „კავკასია“ მეორე მხარეს, სანამ ეთერს ლალი მოროშკინას დაუთმობდა - კომენტარში დაწერა, რომ ეს ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება იყო, რასაც ნანუკა ჟორჟოლიანის რეპლიკა-კომენტარი მოჰყვა:
„პოსტის დასაწერად დახარჯული დრო, შეგეძლო, ჩემთან დასარეკად და სიტუაციის გასარკვევად გამოგეყენებინა“. ნინო ჯანგირაშვილმა კი ამაზე უპასუხა: „ნანუკა, არ მაქვს შენი ტელეფონი და არც ვაპირებ, რომ მქონდეს... მგონი, ეს პირველი შემთხვევაა, და ალბათ, უკანასკნელიც, როცა შენთან დავპოსტე. არ ვაპირებ არასოდეს შენთან კამათს. მე და შენ სხვადასხვა განზომილებაში ვართ. კარგად ბრძანდებოდე.“ რასაც ნანუკას კიდევ ერთი, ამ თემაზე ბოლო კომენტარი მოჰყვა: „ორი წუთის წინ მწერდი, რომ „იმედი“ ცალმხრივია, ეხლა მწერ - მხოლოდ იმიტომ, რომ ტელეფონის ნომერი არ გაქვს, ცალხმრივი ინფორმაცია გაუშვი. მეც ბოლოს მოგწერ და გეტყვი, ნინო: მხოლოდ მახარებს ის, რომ მე და შენ სხვადასხვა განზომილებაში ვართ“.
მომხდართან დაკავშირებით „ფეისბუქზე“ საკუთარი პოზიცია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ცნობილმა სახემ, ყოფილმა სკანდალურმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა, ინგა გრიგოლიამაც გამოთქვა:
„და რა? ვინც ხალისობს დღეს მომხდარზე, რაც „ნანუკას შოუს“ ჩაწერაზე მოხდა - მაგრები ხართ? რაც უნდა არ მოგეწონოს ვინმეს ნათქვამი ან მოსაზრება, ცემა მოსულა? კარგი პონტია ცემა და ადამიანის დასისხლიანება? რაც არ უნდა გააპროტესტო სხვისი შეხედულება შენზე, გაქვს უფლება, რომ დაასისხლიანო განსხვავებული მოსაზრების ადამიანი, რომელსაც თუნდაც ძალიან დაბალი წარმოდგენა ჰქონდეს შენზე? მაკვირვებს ყველა, ვინც დღეს ამ ამბით იხალისა... მე საშინელი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა!..“
კომენტარი