თეგეტა თრაქ ენდ ბასის სურპრიზი პატარა მორაგბეებს - “სოხუმის“ ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება
5 წელიწადზე მეტია, რაც ზუგდიდში პატარა სპორტსმენებს სარაგბო კლუბი
"სოხუმი" აერთიანებს. სხვადასხვა ასაკის მოზარდები კვირაში სამჯერ იკრიბებიან
და მონდომებით ვარჯიშობენ. "სოხუმში" მეტწილად აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების
შვილები ირიცხებიან, რის გამოც თავის დროზე შესაბამისი სახელწოდება გუნდის შექმნის
ინიციატორებმა, ლევან ჯობავამ და დავით დგებუაძემ შეარჩიეს.
"ამ გუნდში ვარჯიში არის სრულიად უფასო, ფორმა, ტრანსპორტი,
თამაშებზე ტარება, შეკრებები. ჩვენი ამოცანა და გუნდის მთავარი იდეა არის ის, რომ ბავშვები
ჩვენი ხელშეწყობით ჩაერთონ ჯანსაღ ცხოვრების წესში, არამარტო სპორტული, არამედ საგანმანათლებლო
მიმართულებითაც. საბოლოო ჯამში კი მივიღოთ ის, რომ რაგბის გუნდი "სოხუმი"
კი არ ზრდიდეს რამდენიმე მაღალი დონის მოთამაშეს - ზრდიდეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის
მქონე მოქალაქეებს, რომლებიც რაგბისაც კარგად ითამაშებენ", - ამბობს კლუბის ხელმძღვანელი
ლევან ჯობავა.
წლიდან წლამდე "სოხუმის" დამფუძნებლებს კლუბის არსებობისთვის
საჭირო ფინანსების მობილიზება სხვადასხვა ხერხით უწევთ. თავდაპირველად ახალგაზრდა სპორტსმენებს
ასეთ მხარდაჭერას რამდენიმე კერძო პირი და კომპანია უწევდა, ასევე, პროცესში ჩართული
იყო საქართველოს რაგბის კავშირიც, თუმცა ბოლო წლებში კლუბი, ძირითადად, გულშემატკივრების
შემოწირულობებით არსებობს. თანხა მოზარდების ფორმებზე, საკვებზე, საჭირო ინვენტარსა
და შეჯიბრებებზე ტრანსპორტირებისთვის იხარჯება. ასევე გათვალისწინებულია 2 მწვრთნელის
ხელფასიც.
"პირველ წელს, 1 კომპანიის და 3 კერძო პირის შემოწირულობებით
არსებობდა, მეორე წელს 3 კომპანიის თანადაფინანსებით შეიკრა ეს თანხა. მესამე წელს
დიდი ნაწილი თანხის იყო ხალხის შემოწირულობები, გვეხმარებოდა რაგბის კავშირი, რომლის
ჩართულობაც სულ იყო ჩვენი გუნდის ამბებში. 2019-2020 წლის ბიუჯეტი ჩვენ შევაგროვეთ,
თუმცა პანდემიის გამო რაც დატრიალდა ყველამ ვიცით და ისე მოვახერხეთ, რომ 2021 წლის
ივლისის ჩათვლით ვიმყოფინეთ ეს თანხა. დავზოგეთ ტრანსპორტირების და კვების ხარჯი, მოვახერხეთ
მწვრთნელებისთვის არ შეგვეჩერებინა ანაზღაურება. ახლა გაგვიმართლა და მაღალი სოციალური
პასუხისმგებლობის მქონე კომპანია დაინტერესდა, ადამიანებიც შემოუერთდნენ ამ ამბავს
და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მათი ნდობის გამართლება და გავამართლებთ კიდევაც",
- გვიყვება ლევანი და რამდენიმე დღის წინ მომხდარ სასიხარულო ამბავსაც გვიზიარებს.
"როდესაც მწვრთნელებთან ერთად დავთვალეთ მომავალში რა გვჭირდებოდა,
ეს კი იყო ასაკობრივი შევსება, რაც ხარჯებს ზრდიდა, გამოვიდა დაახლოებით 38 000 ლარი.
ვიცოდით, რომ პატარა საქმესთან არ გვიწევდა შეჭიდება და შემზადებულები ვიყავით, რომ
ამ თანხის შეგროვება ძალიან გაიწელებოდა. კამპანიის დაწყებიდან 22- ე დღეს მირეკავს
ტელეფონი, თაკო "თეგეტა ტრაქ ენდ ბასიდან" მეუბნება, რომ გაიგო ჩვენს შესახებ
და კომპანია იღებს პასუხისმგებლობას "სოხუმის" სპონსორობის მიმართულებით.
მეხუთე წელია, რაც ამ გუნდისთვის რაღაცეებს ვაკეთებთ და ასეთი ემოცია, შემთხვევა არ
მქონია. გავჩუმდი, ცოტა ხანი გავშეშდი და მერე მივხვდი, რომ პირველი აუცილებლად რაც
იყო უნდა მეთქვა, იყო მადლობა".
"თეგეტა თრაქ ენდ ბასის" წარმომადგენლები ზუგდიდშიც ჩამოვიდნენ
და ნორჩი მორაგბეების ვარჯიშს დაესწრნენ. კომპანიის სატვირთო, ავტობუსებისა და სპეც.ტექნიკის
მიმართულების მარკეტინგის ხელმძღვანელის თამარ კიკნაძის თქმით, კომპანიისთვის
მსგავსი პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
"მოხარულები ვართ, რომ ვიმყოფებით ზუგდიდში, რაგბის კლუბ
"სოხუმის" მხარდასაჭერად. "თეგეტა ტრაქ ენდ ბასი" ჩაერთვება ყველა
აქტივობაში ერთი წლის განმავლობაში, კლუბის ფინანსური მხარდაჭერა იქნება უზრუნველყოფილი.
ძალიან გვიხარია, რომ ამ სპორტის და ზოგადად მოზარდების მხარდამჭერი ვიქნებით ჩვენ
და მათ სპორტულ განვითარებაში წვლილს შევიტანთ. "თეგეტა ჰოლდინგი" არის ძალიან
მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩეული კომპანია და ესეც ჩვენთვის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი მიმართულებაა", - აღნიშნა თამარ კიკნაძემ.
"სოხუმის" კიდევ ერთი დამფუძნებელი და მწვრთნელი დავით
დგებუაძე მიიჩნევს, რომ სპორტულ განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია აღსაზრდელების
არაფორმალურ განათლებაზე ზრუნვაც.
"ხშირად გვიწევს გამეორება, რომ რაგბი არის ოჯახი, ამ გუნდში
კი მართლა იგრძნობა ის სიტუაცია, რასაც მეგობრობა და ოჯახი ჰქვია. გვჯერა, რომ ურთიერთობები,
რომელიც ჩამოუყალიბდათ ბიჭებს გაგრძელდება წლების განმავლობაში. ჩვენი მთავარი მიზანი
არ არის ის, რომ ბიჭები იყვნენ მხოლოდ კარგი სპორტსმენები, ამასთან ერთად აუცილებელია
ის მინიმალური განათლება, რომელიც სჭირდება მათ სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბებაში,
რადგან ამ თაობამ უნდა ააშენოს უკეთესი მომავალი, უკეთესი საქართველო. გვქონდა პრობლემა
დაფინანსებასთან დაკავშირებით, გამოჩნდა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია
"თეგეტა თრაქ ენდ ბას", რომელმაც მთლიანად უზრუნველყო ჩვენი გუნდის დაფინანსება
და ეს ნიშნავს, რომ ეს ბიჭები იარსებებენ, ერთად იქნებიან, ჩამოაყალიბებენ შეკრულ,
ერთიან გუნდს რომელიც განვითარდება, რომელიც უკეთეს საზოგადოებას ააშენებს და მე ამის
ღრმად მჯერა".
ახლა ახალგაზრდა სპორტსმენები მეტი სტიმულითა და უფრო დიდი მონდომებით განაგრძობენ ვარჯიშს, მათი მთავარი მიზანი სპორტული წარმატებების მიღწევაა, რაშიც მორალურთან ერთად უკვე ფინანსურ მხარდაჭერასაც გრძნობენ.
წყარო: რადიოათინათი
კომენტარი