სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვიქტორ შენდეროვიჩი: “მედვედევს სააკაშვილთან მიმართებაში არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს"

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, დიმიტრი მედვედევის ინტერვიუ რუსეთში ცნობილმა ადამიანებმა - მწერლებმა, ისტორიკოსებმა და ჟურნალისტებმა შეაფასეს. ტელეკომპანია “არ-ტივი-აი”-ზე, გადაცემა “გრანი ნედელიში” მიწვეული სტუმრები აღნიშნავდნენ, რომ მედვედევისა და მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუებმა ცხადყო, რომ რუსეთის პრეზიდენტისგან განსხვავებით, საქართველოს პრეზიდენტი დამოუკიდებელი და ჩამოყალიბებული პოლიტიკოსია.

მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი აცხადებს, რომ “სააკაშვილი არჩეული პრეზიდენტია და არა დანიშნული, მას ხმა ხალხმა მისცა. მედვედევისგან განსხვავებით, ის პოლიტიკოსია, თანაც დამოუკიდებელი პოლიტიკოსი. ამიტომაც, როცა ის ხედავს ძლიერ, დამოუკიდებელ სააკაშვილს, აღარ ძალუძს დაფაროს გაღიზიანება. ეს წმინდა არასრულფასოვნების კომპლექსია.”

ქართველი ლიდერის მორალურ უპირატესობაზე ისაუბრა ისტორიკოსმა ნიკოლაი უსკოვმა: “სააკაშვილი იქცევა, როგორც უფრო დახვეწილი პოლიტიკოსი და ცდილობს არ შეეხოს პიროვნებებს. ხოლო თუ შეეხება, ასე ვთქვათ, არ ეტაკება და მკვეთრ შეფასებებს არ აკეთებს. პოლიტიკოსი, ყველა შემთხვევაში, უნდა იქცეოდეს მშვიდად.”

მედვედევის განცხადებები იმის შესახებ, რომ მან შეაჩერა ჯარი და არ მიუშვა თბილისამდე, და რომ მას პრობლემის ძალით გადაწყვეტა არ სურდა, მაგრამ, ამავე დროს, სააკაშვილი მადლიერი უნდა იყოს მისი, საკმაოდ თვალშისაცემია დიმიტრი ბიკოვისათვის. მწერალი მიიჩნევს, რომ მედვედევის რიტორიკა „ძლევამოსილი“, თავხედი ადამიანის რიტორიკა იყო, რაც ბიკოვის აზრით, ძალიან სამწუხაროა.

ახალი “ნოტები დაიჭირა” მედვედევის განცხადებებში ჟურნალისტმა ალექსანდრე მინკინმა: “მგონია, რომ ასე ხშირად ლანძღვა წამგებიანია. ქედმაღლობა და ამპარტავნობა, საერთოდ, სულაც არ არის საუკეთესო თვისება. ხალხს უყვარს არა ამპარტავანი, არამედ თავდაჭერილი ადამიანები, მაგალითად, დიადი, მაგრამ თავმდაბალი. მედვედევი კი ასეთი არ არის. რაც შეეხება მის განდიდების სურვილს – ამაზე, საერთოდაც მეშინია საუბარი, ჯერ ცოტა ადრეა...“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100