„ზუგდიდელ მანიაკად“ მონათლული მკვლელი, სავარაუდოდ, აფხაზეთს აფარებს თავს
ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში ჩადენილ სასტიკ მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი, 28 წლის თამაზ კვიციანი, შესაძლოა, თავს აფხაზეთის ტერიტორიას აფარებდეს. სავარაუდოდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კვიციანი მას შემდეგ გადავიდა, რაც ინგირში მისივე მეზობელი, 37 წლის პაპუნა ჩიკვატია მოკლა.
ჩიკვატიას ოჯახის წევრებისა და მეზობლების განცხადებით, კვიციანმა ჩიკვატია ტეში შეიტყუა და იქ ძველი, უმნიშვნელო წყენის გამო გაუსწორდა. ამავე დროს, პირად საუბარში სოფლის მცხოვრებლები არ მალავენ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი კვიციანი რთული და აგრესიული ხასიათის, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი იყო, ხოლო ჩიკვატიას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაშიც მკურნალობდა.
რაც შეეხება თამაზ კვიციანს, ისევ მეზობლების თქმით, მან აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის რამდენიმე წელი დრანდის ციხეში გაატარა და რამდენიმე წლის წინ გათავისუფლდა. „ამის შემდეგ ვეღარ ვცნობდით“, – იხსენებენ მეზობლები.
ერთ–ერთი ვერსიით, კვიციანმა ჩიკვატია იქვე, მეზობლად მდებარე ტყეში შეიყვანა და დანა რამდენჯერმე ჩაარტყა. მოკლულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დანა 30–ზე მეტჯერაა ჩაცემული, ამავე დროს მიანიშნებენ, რომ ცხედარი სისხლისგან დაცლილი აღმოჩნდა, მკვლელობის ადგილზე კი მხოლოდ სისხლის უმნიშვნელო კვალი იპოვეს. ერთ–ერთმა ოჯახის წევრმა არ გამორიცხა, რომ მკვლელმა მოკლულს სისხლი გამოსწოვა. მოკლულ პაპუნა ჩიკვატიას თვალებიც დანით ჰქონდა დათხრილი.
ყოველივე ეს და იმის გახსენება, რომ დაახლოებით სამი თვის წინ კვიციანმა სოფელში მცხოვრები მცირეწლოვანი გოგონას გაუპატიურება და მოკვლა სცადა, საკმარისი საბაბი გახდა იმისთვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ზუგდიდში გამოჩენილ მანიაკზე ალაპარაკებულიყო.
სამართალდამცველები ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, ხოლო კულუარებიდან გამოსული ხმების თანახმად, კვიციანმა თავი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას შეაფარა: „დრონი.ჯი“–მ შეიტყო, რომ მას გალის რაიონის სოფელ გაგიდაში ნათესავებიც ჰყავს, სადაც ხშირად გადადიოდა და რჩებოდა ხოლმე. თუ დავუშვებთ, რომ ჩიკვატია მან მოკლა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეც ამის გამო გადავიდა, სავარაუდოდ, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ის კარგა ხანს არ გამოჩნდება.
კომენტარი