აშშ-ში მოსამართლემ რუსეთის საელჩო გააწბილა და რუსი მფრინავი 20 წლით ჩასვა
აშშ-ს სასამართლომ რუს მფრინავ კონსტანტინე იაროშენკოს 20 წლით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების კონტრაბანდა ედება. როგორც ,,რია ნოვოსტი” იტყობინება, ნიუ-იორკის სამხრეთის ოლქის პროკურატურა, მფრინავისთვის 30 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. პროკურატურა ასევე მოითხოვდა სათანადოდ დასჯილიყო ჩიკბო პიტერ უმესა, რომელიც ნარკოტიკების რეალიზაციასთან დაკავშირებით იაროშენკოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. რუს მფრინავთან ერთად, სასამართლოს წინაშე წარდგომა კიდევ ორ ადამიანს მოუწია. აფრიკელებმა ნატანიელ ფრენჩმა და კუბუფია მავუკომ, სასამართლოზე აღიარეს, რომ ნარკოდილერები იყვნენ, თუმცა უარყვეს ის ფაქტი, რომ ნარკოტიკები აშშ–ს ტერიტორიაზე გადაჰქონდათ. ნაფიცმა მსაჯულებმა ორივე ბრალდებული უდანაშაულოდ ცნეს.
იაროშენკოს ადვოკატი მოსამართლეს სთხოვდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის მინიმალური სასჯელი, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, რადგან მას კრიმინალური წარსული არ ჰქონდა და „წესიერი ადამიანი“ იყო. განაჩენის გამოტანამდე, მფრინავმა სასამართლოს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მისი ნარკოტიკების კონტრაბანდაში დადანაშაულება ტყუილია და მოსამართლე სთხოვა, მოწყალება გამოეჩინა.
განაჩენის გამოცხადებისას მოსამართლის სიტყვებიდან გამომდინარე, სასამართლომ ცნობად მიიღო ის ფაქტი, რომ ბრალდებული მის ოჯახს ძალიან უყვარს; ასევე ის, რომ მის შეწყალებას ბევრი რუსული ინსტანცია ითხოვდა, მათ შორის რუსეთის საელჩო აშშ–ში. თუმცა, როგორც მოსამართლემ განაცხადა, იაროშენკოს გამართლება ვერ მოხერხდებოდა, რადგან მას დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების ტრანსპორტირება ედებოდა ბრალად.
პროკურატურის მტკიცებით, რუსმა მფრინავმა ამერიკელი აგენტების წინადადება მიიღო, გადაეტანა 4 ტონა კოკაინი სამხრეთ ამერიკიდან აფრიკაში, ხოლო იქიდან – აშშ–ში. 2010 წლის მაისში, როგორც პროკურატურა იუწყება, იაროშენკო ლიბერიაში ჩავიდა, სადაც ჩიკბო პიტერ უმესა და კოლუმბიელ პარტნიორებს შეხვდა, რათა მომსახურების ფასები შეეთანხმებინა. უმომ იაროშენკოს შესთავაზა 4,5 მლნ. დოლარი, თუ ის ლიბერიიდან ვენესუელაში კოკაინს გადაიტანდა, ხოლო დამატებით 1,8 მლნ დოლარს იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ მფრინავი კოკაინს ნიგერიიდან განაში გადაიტანდა, საიდანაც ნარკოტიკები აშშ–ში უნდა გაგზავნილიყო. პროკურატურის წარდგენილ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ რუსი მფრინავი ლიბერიაში მას შემდეგ დააკავეს, რაც ის ამ შეთანხმებას დათანხმდა.
აშშ–მ კონსტანტინე იაროშენკოს ექსტრადირება მოითხოვა, რაზეც თანხმობა მალევე მიიღო. ნიუ–იორკის სამხრეთის ოლქის პროკურატურამ, რუსი მფრინავის დაკავების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ივნისში გაახმოვანა, რამაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტი გამოიწვია.
,,რუსული მხარე დარწმუნებულია, რომ მსგავსი ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და ვენის კონვენციას. ფაქტობრივად საქმე ეხება რუსეთის მოქალაქის მესამე ქვეყანის ტერიტორიიდან გატაცებას,“–ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
კომენტარი