საქართველო რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს მიუღებელ პიროვნებად აცხადებს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს, რამაც გამოიწვია სამი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სერიოზული საფრთხე შეუქმნა სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღნიშნული წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას საერთო უსაფრთხოებისთვის. სამინისტრო გამოხატავს სოლიდარობას გაერთიანებული სამეფოსადმი, იზიარებს გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიუღებელ პიროვნებად აცხადებს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოში ნევრულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლული ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
როგორც ლონდონი ამტკიცებს, მოწამვლაში მონაწილეობდა მოსკოვი.
ორშაბათს ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ასევე აშშ-მ, კანადამ, ნორვეგიამ, უკრაინამ და სხვა ქვეყნებმა, სოლსბერიში მომხდარი ინციდენტის გამო, რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს. მოგვიანებით, რუსი დიპლომატების ნატო-დან გაძევების გადაწყვეტილებაც მიიღეს. დიდი ბრიტანეთი პირველი იყო, სადაც ეს ნაბიჯი გადადგეს.
კომენტარი