დოდო გუგეშაშვილის ძმა: "თავდასხმა შესაძლოა, 15 წლის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდეს"
დოდო გუგეშაშვილის ძმა თემურ გუგეშაშვილი დედა-შვილზე თავდასხმას 15 წლის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირებს. როგორც თემურ გუგეშაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 15 წლის წინ „მოხდა მცირე ინციდენტი, რომელიც ყოველგვარი ფიზიკური დაზიანებების გარეშე დასრულდა“, თუმცა მას დეტალებზე არ უსაუბრია.
„ახლობლებმა გაიხსენეს, რომ იყო რაღაც, არა ნოდარ გუგეშაშვილთან დაკავშირებული, არამედ მის სამეგობროსთან თუ მეგობართან დაკავშირებული მცირე იცინდენტი, ოღონდ ფიზიკური დაზიანების ან სხვა გართულებების გარეშე. ეს იყო დაახლოებით 15 წლის წინანდელი ამბავი“, - განაცხადა თემურ გუგეშაშვილმა.
რაც შეეხება, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მკვლელის მიმართ გასროლა დოდო გუგეშაშვილმაც განახორციელა, თემურ გუგეშაშვილი ამ ვერსიას გამორიცხავს.
„გამოვრიცხავს, რომ დოდოსაც ესროლა. დოდოს რომ მოესწრო და ესროლა, ის ვეღარ გაისროდა“ - განაცხადა თემურ გუგეშაშვილმა.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს მათსავე საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ, რის შედეგადაც ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაში რჩება.
კომენტარი