სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გერმანიაში კომპიუტერი წარსულის ცოდვებს ავლენს

თანამედროვე გერმანელები ძალიან დაინტერესებულნი არიან, როგორი ძალმომრეობის მეთოდებს იყენებდა მათი მშობლების თაობაში აღმოსავლეთ გერმანიის საიდუმლო პოლიცია, რომელიც თვით მას შემდეგაც კი აგრძელებდა მოქმედებას, რაც ბერლინის კედელი დაინგრა.

სწორედ კედლის დანგრევიდან რამდენიმე კვირის მანძილზე „შტაზის“ (სოციალისტური გერმანიის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის) ოფიცრები თავის კაბინეტებში სასწრაფოდ ანადგურებდნენ დოკუმენტებს, რომელთაც შეეძლოთ ნათელი მოეფინათ ამ ორგანიზაციის დანაშაულებრივი მოქმედებებისათვის. თუმცა, ისინი გადააწყდნენ სიძნელეებს - მათ ჰქონდათ რამდენიმე ქაღალდის საჭრელი მანქანა, მაგრამ, როგორც ყველაფერი სოციალისტურ სამყაროში, ისინიც - უხარისხო და მალე გამოვიდნენ მწყობრიდან - თანამშრომლებს მოუხდათ ქაღალდების ხელით დახევა და ტომრებში ჩაწყობა, რათა შემდეგ დაეწვათ ისინი. ვერ კი აისრულეს წადილი - დემონსტრანტთა ბრბო შეიჭრა სპეცსამსახურების ოფისში და მთელი არქივი ხელში ჩაუვარდათ დემონსტრანტებს.

დახეული ქაღალდების აღდგენამ დიდი თავსატეხი გაუჩინა სიმართლის დადგენის მსურველთ - „შტაზიმ“ დატოვა 16 ათასი ტომარა დახეული დოკუმენტებით და საჭირო იყო 400-დან 600-მდე ქაღალდის ნაგლეჯის შეერთება.

ადამიანებს დამხმარედ გამოუჩნდა კომპიუტერული ტექნოლოგია - შეიქმნა სპეციალური კომპიუტერი „ePuzzler“-ი: თავიდან ყველა ქაღალდის ნაკუწი სწორდება, სკანირდება და ფაილის სახით ინახება. იქვე გროვდება მონაცემები ქაღალდის ფერზე, კალიგრაფიასა და ბეჭდებზე, აგრეთვე აბრევიატურებზე, „შტაზის“ განყოფილებათა ამოსაცნობად. ამის შემდეგ რთული მათემატიკური პროგრამა ერთმანეთთან აკავშირებს ქაღალდის ნაგლეჯებს.

დოქტორ ბერტრამ ნიკოლს, რომელიც ამ კვლევებს უდგას სათავეში, გააჩნია დამატებითი მოტივაცია - მისი მეგობარი ემსხვერპლა „შტაზის“ ძალმომრეობას.

გერმანიაში დღეს იკვლევენ არა მარტო წერილობით ფაქტებს - მეცნიერთა მთელი ჯგუფები სწავლობენ ათასობით აუდიოჩანაწერს, რომლებიც საიდუმლო პოლიციის მიერ არის გაკეთებული. მაგნიტური ლენტების უმრავლესობას არა აქვს მარკირება და ექსპერტებმა წინასწარ არც იციან, რა ჩანაწერების მოსმენა მოუწევთ.

ერთ-ერთ ჩანაწერში, მაგალითად, გდრ-ის სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ერიხ მიოლკე კოლეგებს აფრთხილებს აღმოსავლეთ გერმანელი ახალგაზრდების დაცვის აუცილებლობის შესახებ პანკ-კულტურისა და როკ-მუსიკის ზეგავლენისაგან; სხვა ჩანაწერში ორ საიდუმლო აგენტს უტყდება ვაზა, იქ მოსასმენი მოწყობილობის დამონტაჟების მცდელობისას და ამ დროს მათ არ იციან, რომ კოლეგებს უფრო ადრე აქვთ დამაგრებული „ხოჭო“ („ჟუჩოკი“) მათი მოუხერხებელი მოქმედებების სათვალთვალოდ; არის მთლად ტრაგიკული ჩანაწერებიც - 1950-იანი წლების მაგნიტურ ლენტზე ისმის ქალის გულისშემძვრელი კივილი, რომელსაც „შტაზის“ საიდუმლო სასამართლომ სიკვდილის განაჩენი გამოუტანა...

ამ არქივების გაცნობისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს აღმოსავლეთ გერმანიაში ყველა ადამიანი ყველა ადამიანზე ჯაშუშობდა. უამრავი გამრუდებული ბედისწერა და დახეული ქაღალდის დოკუმენტი უტყვი მოწმეა საიდუმლო პოლიციის შავბნელი საქმეებისა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100