სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილმა რეჟისორები და მსახიობები ერთმანეთს დააჯახა...

მსახიობები, რომლებიც მოგვწონდა და ნაწილი ახლაც მოგვწონს (ვინც ჯერაც მსახიობია და არა პოლიტიკოსი), მომღერლები, რომლებსაც სიამოვნებით ვუსმენდით, სპორტსმენები, რომლებითაც ვამაყობდით, მწერლები და პოეტები, რომელთა შემოქმედებასაც სულმოუთქმელად ვაბულბულებდით – მოკლედ, საქართველოს ინტელექტუალური ნაწილი შიმშილით დაიხოცებოდა, მწყურვალს ამოხდებოდა სული ან ბინებში გაითოშებოდა, ერთ მშვენიერ დღეს ჭორვილელ ახალგაზრდა პირველკურსელს რომ რუსეთისკენ არ აეღო გეზი...

ასეთი სურათი იხატება იმ სიებიდან, რომლებიც, თურმე ნუ იტყვით და, ჟურნალისტებმა „მოიპოვეს“, გამოაქვეყნეს და რომელთა მოპოვებასა და გამოქვეყნებასთან არც „ქართუ ჯგუფს“, არც საქველმოქმედო ფონდსა და არც პირადად ბიძინა ივანიშვილს საერთო არაფერი ჰქონიათ...

ყოვლისშემძლეობაში დარწმუნებულ ბიძინა ივანიშვილს, ერის გადამრჩენს და ერის მამად აღიარებისთვის ლოდინის რეჟიმში მყოფს, ისღა დარჩენია, ჩალა შეუკვეთოს და ქვეყანა გადახუროს – რა პრობლემაა, შენ ჩალა თქვი, თორემ ფული კი აქვს მაგდენი...

რა მაგის პასუხია და, ნოდარ დუმბაძის რომანი გამახსენდა, საავადმყოფოში მყოფი მღვდელი პალატაში არცთუ კეთილგანწყობილი ვიზიტით მყოფ ახალგაზრდას რომ ეკითხება: „თქვენ რა, გგონიათ ქვეყანა ჩალითაა დახურული?“, ხოლო ის პასუხობს: „კრამიტით, მამაო, მარსელის კრამიტით...“ – ნოდარ დუმბაძეს წინასწარმეტყველების ნიჭიც ჰქონია – დღეს ზემო იმერეთის ერთ ლამაზ სოფელში სახლები სწორედ მარსელის კრამიტითაა დახურული.

მერე რა, რომ მეზობლებს ერთმანეთთან უკვე რამდენიმე ომი ჰქონდათ – შენი რატოა შინდისფერი და ჩემი იასამნისფერიო – კრამიტი კრამიტია, თანაც – მარსელისაა ბოლოს და ბოლოს და, რაც ყველაზე მთავარია, საფრანგეთის მოქალაქის მიერაა გამოგზავნილი...

მოკლედ, რომ არ გვცივა, შიმშილითაც მაინცდამაინც რომ არ ვიხოცებით, არ ვიყინებით, პოლიცია რომ გვიცავს და ავლაბრისკენ გახედვის შემდეგ პირჯვარს რომ ვიწერთ, რომ ვსუნთქავთ და ვარსებობთ – ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. ჰმ, ეს ჟურნალისტები!!! როგორ ბედავენ და ასეთ კაცზე კრიტიკულ წერილებს წერენ ან, მთლად უარესი – პრესკონფერენციაზე არასასურველი, სხვის მიერ დაწერილი (!) შეკითხვებით მიდიან!..

მოკლედ, ბიძინა ივანიშვილი ისეთ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს, რომ მისი რეიტინგის კატასტროფულ ვარდნას უკვე მისი თავგადაკლული მომხრეებიც კი ვერ უარყოფენ. არადა, რეკორდი სახეზეა: ალბათ, სხვა ქვეყნების ისტორიაშიც ძნელად თუ მოიძებნება პირი, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადების გაკეთებიდან ერთი თვის თავზე იმდენი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა.

ბოლო შეცდომა სწორედ იმ სიების გამომზეურებაა, რომლებმაც საზოგადოებაში სრულიად საფუძვლიანად დააყენა ეჭვქვეშ თავის დროზე სიაში მითითებული თანხის გაცემის უანგარობა. ბიძინა ივანიშვილს მისი მთავარი კოზირი – ქველმოქმედება და თანხის უანგაროდ, უშურველად გაღებაც ეცლება ხელიდან. ისე გამოდის, რომ მოსკოვში გამილიარდერებული და გაბორიავებული ბიძინა–ბატონის გადაწყვეტილება პოლიტიკაში მოსვლის შესახებ სულაც არ ყოფილა სპონტანური და არც ამდენ ხანს ჩრდილში დგომა იყო შემთხვევითი.

საქმე, არც მეტი, არც ნაკლები, ლეგენდაში გახლავთ. დიახ, ბიძინა ივანიშვილი არა „ქართული ოცნება“, არამედ „ქართული ლეგენდა“ გამოდგა, ლეგენდის ეფექტი კი, მოგეხსენებათ, ხანმოკლეა და სინამდვილესთან მისი მიმართება მუდამ იწვევს ეჭვს. ზოგ შემთხვევაში ლეგენდა ადვილად არ ქრება, მაგრამ თუ მას არ უფრთხილდები, საბოლოოდ გაცამტვერდება ხოლმე.

სწორედ ამ პროცესის მომსწრე ვართ დღეს. პერსონალურ სიებში, რომელიც პრესაში გამოქვეყნდა, უამრავი ადამიანია შესული: ძირითადად, ხელოვნების სფეროს მუშაკები და ცნობილი სახეები. როგორც მოსალოდნელი იყო, საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქციის შემდეგ პირველი სწორედ ივანიშვილი მიხვდა იმას, რომ შეცდა და სიების გამოქვეყნებიდან მესამე დღეს, სავარაუდოდ, „ქართუ ჯგუფს“ განცხადების გაკეთებაც დაავალა. „ქართუ ჯგუფმა“, რა თქმა უნდა, განცხადება სასწრაფოდ გამოაქვეყნა. ვნახოთ, რა წერია განცხადებაში შავით თეთრზე და დავაკვირდეთ, გააჩინა თუ არა ამ განცხადებამ ახალი კითხვები:

1. „გვინდა განვაცხადოთ, რომ ამ სიის გასაჯაროება არ მომხდარა ფონდ „ქართუს“ ინიციატივით.“ – წერია განცხადებაში. დეტალური, ვადებსა და კონკრეტულ თანხებზე გათვლილი ინფორმაციის მოხვედრა პრესაში სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ან მართლაც „ქართუს“ ინიციატივა იყო „გასაჯაროება“, ან კიდევ, ბიძინა ივანიშვილს გარემოცვაში მტრები ჰყავს, რომელიც მედიასთან მის საწინააღმდეგოდ მუშაობს...

2. “ფონდი „ქართუ“ დახმარების თანხებს ანაწილებს მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით, რომლის ამოსავალიც არის ამ ადამიანთა ღვაწლი ქვეყნისა და ერის წინაშე. ამას გარდა, ფონდის მიერ გაიცემა ყოველთვიური დახმარება თეატრებზე, კულტურულ და სამეცნიერო დაწესებულებებზე. ამ თანხის თანამშრომლებზე გადანაწილება ყოველთვიური ხელფასების სახით კი ხდება მათივე ადმინისტრაციის მიერ და ამაში ფონდი არანაირ მონაწილეობას არ იღებს.“ – კი ბატონო, დავუშვათ, მართლაც ასეა და თეატრებზე და სხვადასხვა დაწესებულებებზე გაცემულ თანხას თვითონ ორგანიზაცია ანაწილებს. მაშინ რის საფუძველზე წერს „ქართუ ჯგუფი“, რომ „ჟურნალისტებს შეეძლოთ მიეღოთ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია თვითონ „ქართუ ჯგუფის“ პრესსამსახურში“? ან, თუ თანხის შემდგომი განაწილების შესახებ არაფერი იცის, რის საფუძველზე აკეთებს განცხადებას „ქართუ ჯგუფი“, რომ „სიები არაზუსტი და ფრაგმენტულია“?

როგორ შეიძლებოდა დეტალური ინფორმაციის მიღება იმ პირებზე, რომლებზეც ნაწილდებოდა ორგანიზაციებისთვის გადარიცხული თანხა? როგორც თეატრების კულისებში ამბობენ, სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარად იყო: ფონდი ფულს ურიცხავდა თეატრს, მაგრამ მას მოჰყვებოდა მკაცრი ინსტრუქცია, როგორ განაწილებულიყო იგი, ანუ, რამდენი უნდა მიეღოთ თვეში, ვთქვათ, მარჯანიშვილის თეატრში გურანდა გაბუნიას და გია ბურჯანაძეს, ეს წინასწარ იყო ცნობილი, თეატრს კი გასანაწილებლად (დემოკრატიის სურათიც ხომ უნდა შექმნილიყო) გარკვეული თანხა რჩებოდა, რომელსაც შემოქმედებით ჯგუფზე და ტექნიკურ პერსონალზეც ანაწილებდა – ისე რომ არ გამოსულიყო, რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ ცნობილ სახეებს ეხმარება...

სწორედ ამ პრინციპის გათვალისწინებით იღებდნენ მარჯანიშვილის თეატრში 2.000 ლარს გია ბურჯანაძე, ქეთევან კიკნაძე, გურანდა გაბუნია და სხვა თეატრებში კიდევ სხვები, ხოლო ტექნიკური პერსონალი და შემოქმედებითი ჯგუფის სხვა წევრები, 100 ლარს...

თურმე ნუ იტყვით და, ყველაფერთან ერთად ბიძინა ივანიშვილს თავის თავზე იმის გარკვევაც აუღია, ვის მეტი და ვის ნაკლები ღვაწლი მიუძღვის „ერის კულტუირული და ინტელექტუალური პოტენციალის გაღრმავებაში“. რა დოზით ცინიკოსი უნდა იყო ადამიანი, რომ ამის განსაზღვრის უფლება შენს თავს მისცე და, რაც მთავარია, ეს ღვაწლი ლარებში ან აშშ დოლარებში გამოსახო...

სიების გამოქვეყნების სხვა „სიკეთეებს“ სულაც რომ თავი გავანებოთ, „ივანიშვილის სახელობის სტიპენდიანტთათვის“ განკუთვნილი თანხების გამომზეურებამ დამატებითი წინააღმდეგობა გააჩინა ხელოვანთა ამ საკმაოდ ამბიციურ წარმომადგენლებს შორის: ბიძინა ივანიშვილისეული სტანდარტები, რომლითაც ერთი მსახიობის ღვაწლი მეორეზე მაღლა იდგა, ან ერთი რეჟისორის დამსახურება ლარებში უფრო მეტი რიცხვით იყო ასახული მეორესთან შედარებით, მსახიობებსა და რეჟისორებს შორის კონფლიქტის ახალი კერა წარმოქმნა – ახლა მხოლოდ იმას განიხილავენ და უკვე ერთმანეთს წამოაძახეს კიდეც, იმას რატომ ეკუთვნოდა მეტი და ამან რატომ მიიღო ნაკლები... სულაც არაა გამორიცხული, ამან მსახიობებისა და რეჟისორების „კომპრომატული ომი“ გამოიწვიოს და მალე ქართული პრესა აჭრელდეს... აი, სანამდე შეიძლება საქმე მიიყვანოს ხელოვნების გამოსახვამ ლარებში...

უკვე ვნახეთ, ერეოდა თუ არა ბიზნესმენი და მისი „ქართუ ჯგუფი“ თანხის განაწილებაში. ახლა ვიკითხოთ, ინახება თუ არა „ქართუ ჯგუფის“ დოკუმენტაციებში იმ პირთა სახელობითი სია, რომლებზეც დახმარება ნაწილდებოდა? არათუ ინახება, ჯგუფს სიაში მითითებული ყველა პირი თავის დროზე გადამოწმებული ჰყავს – პატრონის დაჟინებული მოთხოვნითაა გარკვეული, თეატრებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან მოსულ სიებში (სიებს კი თვითონ „ქართუ ჯგუფი“ ითხოვდა) მითითებული პირები არსებობენ თუ არა სინამდვილეში და მართლაც იღებდნენ თუ არა თანხას...

იმაზე, რომ პერსონალურად გასაცემი თანხის ოდენობას თავად ბიძინა ივანიშვილი განსაზღვრავდა, ბევრი რამ მიანიშნებს, მათ შორის ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტის, ვენდელ სტივენსონის მიერ ბრიტანულ გამოცემა Prospect-ში გამოქვეყნებული წერილი „ჭორვილელი მონტე კრისტო“, რომელსაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ბიზნესმენზე დაწერილ ერთ–ერთ სანდო და კომპეტენტურ მედიანამუშევრად მიიჩნევენ:

„რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე კი იხსენებს, რომ ერთ დღესაც „ქართუ ჯგუფიდან“ დაურეკეს და „კონტრაქტის“ გაფორმება შესთავაზეს (ხაზგასმა აქ და შემდეგ ჩვენია. – ლ.ბ).

„მას შემდეგ მის საბანკო ანგარიშზე ყოველთვიურად 2300 აშშ დოლარი ირიცხება, სანაცვლოდ კი ლორთქიფანიძისგან არაფერს ითხოვენ. მისი შემთხვევა უნიკალური არ არის. ასობით, შესაძლოა, ათასობით ქართველი ინტელექტუალი და ხელოვანი დახმარებას ივანიშვილისგან იღებს“. – ამ ფრაგმენტში ნათლად ჩანს, რომ გიგა ლორთქიფანიძეს ყოველთვიურ თანხას თეატრი კი არა, თავად ბიზნესმენი უსაზღვრავს და ამ კონკრეტულ მაგალითზე, გიგა ლორთქიფანიძესთან კონტრაქტსაც „ქართუ ჯგუფი“ აფორმებს...

„ქართუ ჯგუფის“ ბოლო განცხადებაში, რომელიც სიების გამოქვეყნებას მოჰყვა, ნათქვამია:

„კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ფონდი „ქართუ“ ღვაწლმოსილ ადამიანებს აფინანსებს მხოლოდ და მხოლოდ მათი დამსახურების მიხედვით და არა პოლიტიკური ან სოციალური სტატუსის ნიშნით.“ – თუ ასეა, გაუგებარია, რატომ არიან სიაში, ვთქვათ, გურანდა გაბუნია, ქეთევან კიკნაძე, გიორგი ბურჯანაძე, მარინა კახიანი, მარი ჯანაშია, ჟანრი ლოლაშვილი, რეზო ჩხეიძე, ქეთი დოლიძე, ნინელი ჭანკვეტაძე, ზურა ყიფშიძე და არ არიან, ვთქვათ, მსახიობებიდან ოთარ კობერიძე, მწერლებიდან და პოეტებიდან გურამ დოჩანაშვილი, ოთარ ჭილაძე, რეზო ჭეიშვილი, რატომ არ იყო მუხრან მაჭავარიანი...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100