არცერთ გოჯ მიწას არ დავუთმობთ ოკუპანტ ქვეყანას - მათ ქმედებაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ე.წ საზღვრის პირას მდებარე 70 სოფლის ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, „ლელო“ სერიოზულ ცვლილებებს შეიტანს იმისთვის, რათა ეს სოფლები იყოს მატერიალურად და ტექნიკურად აღჭურვილი და მოსახლეობამ იგრძნოს, რომ მათ უკან დგას სახელმწიფო.
„დღევანდელი დღე ძალიან მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის. 12 წლის წინ მართლა დიდი ტრაგედია მოხდა. ე.წ საზღვრის პირას მდებარე 70 სოფელი დღეს არის ეკონომიკურად რთულ მდგომარეობაში. მინდა, გაგაცნოთ „ლელოს“ პოზიცია ამ სოფლებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ შევიტანთ ძალიან სერიოზულ ცვლილებას და ეს 70 სოფელი იქნება მატერიალურად, ტექნიკურად აღჭურვილი, რათა მოსახლეობამ იგრძნოს, რომ მათ უკან დგას სახელმწიფო. ამისთვის ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული პაკეტი, რომ ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი თითოეული ადამიანი, იქნება ეს ახალგაზრდა, თუ მოხუცი, გრძნობდეს, ფინანსურ, მატერიალურ და ტექნიკურ მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან. იქ ცხოვრება დღეს არის გმირობის ტოლფასი. ჩვენ არც ერთ გოჯ მიწას არ დავთმობთ. ეს იქნება პირველი ნაბიჯი და ჩვენება, რომ ნებისმიერი გოჯ მიწაზე, რომელსაც შეეხება ჩვენი ოკუპანტი, გვექნება საკმაოდ სერიოზული რეაგირება - იქნება ეს დიპლომატიური ფორმით, პროტესტით თუ ნებისმიერი სხვა ფორმით,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
კომენტარი