სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილის "სესნამ" რუსულ "ზენიტკებს" გადაუფრინა

საქართველოს პრეზიდენტის პილოტობა მუდამ საგანგებო შემთხვევებთანაა დაკავშირებული. მიხეილ სააკაშვილის ახირება, შეესწავლა თვითმფრინავის მართვა, წარმატებით დასრულდა და ამ მიმართულებით ათვისებულ ცოდნას პრეზიდენტი პრაქტიკაშიც იყენებს. როგორც ყოველთვის, PR–ის თვალსაზრისით – წარმატებულად.

პირველი გამოცდა ბათუმში საკმაოდ შთამვეჭდავი იყო და ამის შემდეგ პუბლიკამ საქართველოს პრეზიდენტი სამხედრო თვითმფრინავის შტურვალთანაც იხილა.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდს სტუმრობდა, სადაც აეროპორტის ასაფრენი ზოლი გახსნა და მოსახლეობას ამ აეროპორტის დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.

მიხეილ სააკაშვილი პირველი იყო, ვინც ზუგდიდის აეროპორტის ასაფრენ ზოლზე დაეშვა. მან ეს დაშვება „სესნას“ მარკის თვითმფრინავით შეასრულა, რომელსაც თვითონ მართავდა.

როცა ზუგდიდელები აეროპორტში შეიკრიბნენ და ცაში სააკაშვილის თვითმფრინავის გამოჩენას ელოდნენ, გალში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზებზე დიდი ფაციფუცი იყო ამტყდარი. როგორც კი მედიაში საქართველოს პრეზიდენტის გეგმა გაჟღერდა, რომ იგი ზუგდიდის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დაეშვებოდა, გალის რაიონში მდებარე სამივე ბაზაზე „მზადყოფნა №1“ გამოცხადდა.

სასწრაფოდ მიღებული ბრძანების თანახმად, „მზადყოფნა №1“ პირველ რიგში, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამხედრო მოსამსახურეებს შეეხო. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები, ძირითადად, „ზენიტკები“ და „დედამიწა–ჰაერი“ ტიპის რაკეტები მზადყოფნაში იქნა მოყვანილი.

საქმე ის გახლავთ, რომ ზუგდიდის აეროპორტზე მოსახვედრად, საქართველოს პრეზიდენტის „სესნას“ აუცილებლად მოუწევდა გალის რაიონის უკიდურესი აღმოსავლეთის ნაწილის თავზე გადაფრენა. რადგან რუსი ოკუპანტები მდინარე ენგურს სახელმწიფო საზღვრად მიიჩნევენ, ბუნებრივია, „სესნას“ გადაფრენა სახელმწიფო საზღვრის დარღვევად უნდა ყოფილიყო აღქმული. სხვათა შორის, გალში გამართულ ერთ–ერთ ხუთმხრივ (ქართული, აფხაზური, რუსული მხარეები პლუს გაერო და ევროკავშირის დამკვირვებლები) შეხვედრაზე რუსებმა მოითხოვეს, რომ ყველა სამოქალაქო მარშრუტი, რომელიც ზუგდიდისკენ ან პირიქით განხორციელდებოდა, მათთან ყოფილიყო შეთანხმებული, წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრი ზომების გატარებით დაიმუქრნენ.

შესაძლოა, „მკაცრ ზომებში“ მათ თვითმფრინავის ჩამოგდებაც იგულისხმეს. რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილის მარშრუტი რუსებთან არავის შეუთანხმებია: როგორც წესი, ქვეყნის პირველი პირის ფრენა საკუთარი ქვეყნის საჰაერო სივრცეში არავისთან შესათანხმებელი არ არის. რუსებმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები კი მოიყვანეს სრულ მზადყოფნაში, მაგრამ თვითმფრინავის მიმართულებით გასროლა ან, მით უმეტეს, მისი ჩამოგდება ვერ გაბედეს.

სააკაშვილის „სესნამ“ გალის რაიონს გადაუფროინა და ზუგდიდის აეროპორტის ასაფრენ ზოლზე მშვიდობიანად დაეშვა. პრეზიდენტის „სესნას“ არც ავიაგამანადგურებლები აცილებდნენ და არც სამხედრო ვერტმფრენი, ამიტომ გასუგებარი დარჩა, რატომ შეშფოთდა აგრერიგად ოკუპანტების გენერალიტეტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100