სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენცია ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის საერთაშორისო ნოტარიალური თანამშრომლობის კომისიის პრეზიდენტ მიშელ მერლოტთან, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპული საკითხების კომიტეტის პრეზიდენტ პიერ ბეკთან და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერიასთან ერთად გახსნა.

კონფერენციის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საქართველოში ნოტარიატის ორგანიზება − გადასვლა სამოქალაქო მოხელიდან ლიბერალურ პროფესიამდე; „UINL“-ის წევრი სახელმწიფოების ნოტარიატების ორგანიზება: პროფესიისადმი ხელმისაწვდომობა, ნოტარიუსთა რაოდენობის რეგულაცია, სანოტარო ბიუროების ტერიტორიული განაწილება, ნოტარიუსთა პალატების როლი; ნოტარიუსთა ეთიკის ძირითადი პრინციპები; სანოტარო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მეთოდები; ელექტრონული ნოტარიატის სისტემა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირში ქართველი ნოტარიუსები 2007 წლიდან არიან.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ ლათინური ნოტარიატის კავშირის და წესების შესაბამისი საქმიანობა განახორციელონ ჩვენმა ნოტარიუსებმა. ქართველი ნოტარიუსები ჩვენთან ერთად აშენებენ თანამედროვე სახელმწიფოს, სადაც ნოტარიუსის როლი უნდა იყოს მოქალაქის ინტერესებზე მორგებული. ნებისმიერი გარიგება, ტრანზაქცია, რაც კი განხორციელდება, მოქალაქეს უნდა უქმნიდეს განცდას, რომ ის დაცულია. ნოტარიუსის როლის გაზრდა, გაძლიერება და უფრო კარგი სერვისი ჩვენი მოქალაქეებისათვის − ეს არის მთავარი მიზანი ამ კონფერენციის. სამწუხაროდ, საქართველოში რამდენიმე რაიონია, სადაც არ არიან ნოტარიუსები, და ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე საქართველოს დავფარავთ იმ რეფორმის ფარგლებში, რომელიც იგეგმება ოქტომბერ-ნოემბერში“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

კონფერენციას მსოფლიოს 15 ქვეყნის (შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ლატვია, ყაზახეთი, უკრაინა, მოლდოვა, ესტონეთი, სომხეთი, ლიტვა, რუსეთი) ნოტარიატების 60 წარმომადგენელი დაესწრო. აღნიშნული ქვეყნების უმრავლესობა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრია.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრებმა, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ხელმძღვანელობამ.

ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირი 1948 წელს დაარსდა და დღეს უკვე მსოფლიოს 86 ქვეყნის ნოტარიატებს აერთიანებს.

საერთაშორისო კონფერენციები საქართველოში 2010-2012 წლებშიც ჩატარდა, მაგრამ წლევანდელი კონფერენცია ბევრად მასშტაბურია. აღნიშნულ კონფერენციას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ნოტარიატის იმიჯის ამაღლების, საერთაშორისო ურთიერთობის გაღრმავებისა და, ზოგადად, ნოტარიატის სისტემის განვითარებისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100