სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოციალური მომსახურების სააგენტომ და "ლიბერთი ბანკმა" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებმა მცირე საოჯახო ტიპის სახლების და მიუსაფართა თავშესაფრების პატრონაჟის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

სოციალური სააგენტოს დირექტორმა, ბატონმა ზაზა სოფრომაძემ და ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ალექსი ხოროშვილმა, დღეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ორმოცდაათი მცირე საოჯახო ტიპის სახლის და მიუსაფართა თავშესაფრის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის სრულ ანაზღაურებას უზრუნველყოფს.

მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 325 ბავშვი ცხოვრობს, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრები კი თბილისსა და რუსთავში ფუნქციონირებს,სადაც ყოველდღიურად მომსახურებას ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე 60-მდე ბავშვი იღებს. ბავშვები საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების გარდა ასევე იღებენ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა ფსიქოლოგიური დახმარება, ფორმალურ განათლებაში ხელშეწყობა, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში ჩართვა, პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარება.

„მოხარული ვარ, რომ ლიბერთი ბანკთან მორიგი ნაყოფიერი თანამშრომლობით შევძელით 50 მცირე საოჯახო ტიპის სახლის და მიუსაფართა თავშესაფრის კომუნალური გადასახადების გადახდის უზრუნველყოფა. გამოთავისუფლებული ფულადი სახსრები საშუალებას მოგვცემს უფრო აქტიურად ვიზრუნოთ ამ ცენტრების ბენეფიციარების სხვა პრობლემების და საჭიროებების მოგვარებაზე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ლიბერთი ბანკს გაწეული პატრონაჟისთვის“ - აღნიშნა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ბატონმა ზაზა სოფრომაძემ.

„სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი მუდამ ცდილობს იზრუნოს დაუცველ ბენეფიციარებზე. მოხარული ვარ, რომ გავზარდეთ ქველმოქმედების სპექტრი და უკვე ორმოცდაათი მცირე საოჯახო ტიპის სახლისა და მიუსაფართა თავშესაფრის დახმარებას შევძლებთ.“ - აღნიშნა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100