სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიდი ტერორისტი დააკავეს, მთავრობას გამარჯვებას ვულოცავ...შვილო, გამაგრდი...– ანზორ მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას მამა ანზორ მელია „პრაიმტაიმთან“ შვილის დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

„დიდი ტერორისტი დააკავეს, მთავრობას გამარჯვებას ვულოცავ. კადრებს რომ ვუყურებდი, მეგონა „უჟასების“ ფილმს ვუყურებდი. ძალიან მძიმე იყო. მე აბსოლუტურად ამაყი და ბედნიერი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა დააკავეს, არა მექრთამეობაზე და გაიძვერობაზე – სამშობლოს სიყვარულის გამო დააკავეს.

კობახიძის ბრიფინგსაც ვუსმინე დილით და მის ნაცვლად შემრცხვა, როგორ შეიძლება ახალგაზრდა კაცმა ნიკაზე ილაპარაკოს, რომ თურმე „ქართუ ბანკი“ გააკოტრა, ნიკა იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი, სასამართლოს გადაწყვეტილება მოდიოდა და ის უნდა შეესრულებინა. ცესკოს წინ რომ იყო, ხალხს ამშვიდებდა და პირიქით, ეუბნებოდა რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინათ, ეს კადრებშიც ჩანს. ივნისში კი ნიკა ჟურნალისტს გამოექომაგა და პარლამენტიდან გამოაგდეს. რა ორგანიზატორი იყო კაცი, რომელიც აზრზე არ იყო და ჩემთან ერთად კოტორაანთ კარში აგარაკზე იყო და იქიდან წამოვიდა, როცა ასეთ რამეს გეგმავენ, არც აგარაკზე მიდიან და ჩაკეტილები არიან ერთ ოთახში. არც რცხვენიათ, ღმერთის არ ეშინიათ?! გაგიჟებული ვარ, რას კადრულობენ. მჯერა, რომ ნიკა გამართლდება და გარეთ იქნება. ეს დროებითი ხალხი ვერაფერს გააკეთებს“, – ამბობს მელია.

ანზორ მელია პატიმრობაში მყოფ შვილს მიმართავს:

„გამაგრდი შვილო, მაგრად იყავი, შენს გვერდით ვარ. დედაშენი, რომელიც შენი ყველაზე დიდი კრიტიკოსი იყო, ისიც შენ გიცავს და გითხრა, რომ ბრძოლა ბოლომდეო – რის გამოც შენ უბედნიერესი ადამიანი იყავი. ასე ვიქნებით მე და ჩემი მეუღლე, ერთმანეთს ვამხნევებთ და ყურებჩამოყრილები არ ვართ. რადგან სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს, დღეს თუ არა ხვალ.

თანაც მიხარია, რომ ნიკამ მთელი ოპოზიციის მობილიზება და ერთ მუშტად შეკვრა შეძლო. ეს არც ერთ პოლიტიკოსს არ გაუკეთებია, ის არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ის არის ახალი მოძრაობის ლიდერი და ასე ადვილად ვერ დააჩოქებენ“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100