სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ომიკრონის“ გავრცელებისა და მოსახლეობის დიდი ნაწილის აუცრელობის ფონზე, სპეციალისტები ჰოსპიტლების გადატვირთვას პროგნოზირებენ

„ომიკრონის“ სწრაფად გავრცელების ფონზე, ქვეყანაში ეპიდვითარება რთულად ფასდება. ეპიდემიოლოგები, განსაკუთრებით, ასაკოვან მოსახლეობას მოუწოდებენ ე.წ. ბუსტერ დოზით აცრისკენ. „რისკები განსაკუთრებით არსებობს იმ ადამიანებში, რომელთაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აქვთ და არ არიან ვაქცინირებულები. ამიტომ, ამ ეტაპზე, საყურადღებო ფაზაში შევდივართ. თუ არსებულ რესურსს სწორად არ გამოვიყენებთ, რა თქმა უნდა, შეიძლება, ქაოსური მდგომარეობა შეიქმნას, როდესაც ჰოსპიტლები გადაივსება“, - აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა. ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტის, აკაკი ზოიძის თქმით, საქართველოს შემთხვევაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვედრილი ინფიცირებულების 90%-ზე მეტი აუცრელია. „თუ 3-4-ჯერ მეტი იქნება ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა, თუნდაც ორჯერ ნაკლები იყოს მძიმე მიმდინარეობის ალბათობა, ნებისმიერ შემთვევაში, გამოდის, რომ, აბსოლუტურ რიცხვებში, გაცილებით მეტი იქნება საავადმყოფოსა და კრიტიკულ განყოფილებაში მოხვედრილ ადამიანთა რაოდენობა. სხვა ქვეყნების შემთხვევაში, უმეტესობა, 70%-ზე მეტი და ჩვენ შემთხვევაში, 90%-ზე მეტი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სწორედაც რომ აუცრელი ადამიანები არიან“, - აცხადებს აკაკი ზოიძე. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 051 445 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 962 035, გარდაიცვალა 14 701 პაციენტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100