„m2 თამარაშვილზე“ - კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაგეგმილზე ორთვე-ნახევრით ადრე დასრულდა
24 ივნისი, თბილისი, 2016 - დეველოპერული კომპანია m2 თამარაშვილის ქუჩის N6-ში ახალ საცხოვრებელ კოპლექსს გახსნის. ენერგოეფექტური კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაგეგმილზე ორთვე-ნახევრით ადრე დასრულდა და კომპანია მესაკუთრეთათვის ბინების გადაცემის პროცესს იწყებს.
„m² თამარაშვილზე“ 270 ბინიანი კომპლექსია, რომელიც ორი ცხრამეტსართულიანი კორპუსისგან შედგება. საცხოვრებელი კომპლექსის არქიტექტურული ხიბლი იმაშია, რომ თითოეულ ბინას მთლიან ფასადზე გახსნილი ვიტრაჟული კარ-ფანჯარა და აივანი აქვს. პროექტს გამოარჩევს გამწვანებული გარემოც - მრავალწლოვანი ნარგავები და კორპუსების გვერდით სპეციალურად მოწყობილი სკვერი. დამატებითი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის კომპლექსს ეყოლება საკუთარი დაცვის, დასუფთავების და გამწვანების სამსახური, რომელთა მომსახურებაც ერთი წლის განმავლობაში მობინადრეთათვის უფასო იქნება. ასევე, დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, კომპლექსი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მქონე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით, მათ შორის სადარბაზოებში დამონტაჟებული ხანძარმედეგი კარით. საცხოვრებელი კომპლექსი ენერგოეფექტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მობინადრეები 23%-მდე კომუნალური გადასახადების დაზოგვას შეძლებენ. „m2 თამარაშვილზე“ მესაკუთრეებს შესაძლებლობა ექნებათ დასრულებულ კომპლექსში პირადაპირ საცხოვრებლად გადავიდნენ, მათი მოთხოვნების შესაბამისად სრულად გარემონტებულ ბინებში. მაცხოვრებლებს სახლში დახვდებათ იტალიური სამზარეულო ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. მშენებლობის ბოლო ეტაპზე თითოეული ბინის მფლობელს საშუალება ჰქონდა თავად შეერჩია ინტერიერის დიზაინი და სარემონტო მასალები.
მნიშვნელოვანია, რომ „m² თამარაშვილზე“ სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. კომპლექსში დამონტაჟებულია ქართული ხმოვანი ლიფტები.
m2-მა ამ ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყების შესახებ 2014 წლის 22 ივლისს განაცხადა. უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები კი იმავე წლის აგვისტოში დაიწყო და 22 თვეს გაგრძელდა. პროექტი „m² თამარაშვილზე“ დაფინანსებულია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და კანადის მთავრობის მიერ. დაფინანსების საერთო მოცულობამ 14 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 4 მლნ აშშ დოლარი კანადის მთავრობამ უშუალოდ ენერგოეფექტური მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობის მიზნით გამოყო. გაყიდვების მაღალმა ტემპმა კომპანიას საშუალება მისცა აღნიშნული სესხი ვადაზე ადრე დაეფარა. პროექტის მთლიანმა საინვესტიციო ღირებულებამ 21 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ დროისათვის კომპლექსში ბინების 75% გაყიდულია. „m² თამარაშვილზე“ კომპანიის მიერ განხორციელებული მეხუთე წარმატებული პროექტია.
m² -ის შესახებ:
დეველოპერული კომპანიის m² მისიაა, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის შექმნას უკეთესი ხარისხის, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი პირობები. m² საქართველოში ამკვიდრებს ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების სტანდარტს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის მას. m² ეძებს ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.m2.ge
კომენტარი