სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასახლის ინტრიგებსა და საქართველოს სიყვარულს შეწირული დემეტრე თავდადებულის სიცოცხლე

შთამომავლობამ ის უდიდეს გმირად აღიარა და მისი პიროვნების ეპითეტად „სამშობოლსთვის თავდადებული“ შეარჩიეს, ხოლო ქართულმა მართმადიდებლურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. დღეს საკუთარი ხალხისთვის წამებული მეფის, დემეტრე მეორის გარდაცვალებიდან 724 წელი გავიდა.

მისი სიცოცხლე 1289 წლის 12 მარტს, მოვაკანში, მდინარე მტკვრის პირას დასრულდა, როდესაც არღუნ ყაენის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს, თუმცა ამავე დღეს მისმა სახელმა უკვდავება შეიძინა.

ტრაგიკული გახლდათ არამხოლოდ მისი სიკვდილი არამედ მთელი მისი ცხოვრება, ტკივილი ბავშვობიდან თან სდევდა დავით ულუსა და გვანცა დედოფლის ერთადერთ ვაჟს. ჯერ მხოლოდ 3 წლისა გახლდათ დემეტრე მეორე, როდესაც დედამისი სიკვდილით დასაჯეს.

მეფედ 11 წლის ასაკში აკურთხეს და მეურვედ მონღოლთა ყაენის ნდობით აღჭურვილი პირი, სადუნ მანკაბერდელი დაუნიშნეს. დემეტრეს მცირეწლოვნობის დროს ფაქტიურად სადუნი მართავდა ქვეყანას.

პირველი ცოლი, ტრაპიზონის კეისრის ასული დემეტრე II-ს 14-15 წლის ასაკში შერთეს. მისგან ქართველ უფლისწულს 4 ვაჟი (დავითი, ვახტანგი, მანოელი, ლაშა) და ერთი ასული რუსუდანი შეეძინა. დემეტრემ მეორე ცოლად მონღოლი ნოინის ქალი შეირთო, სოლღარი, რომლისგანაც შეეძინა ორი ვაჟი (ბაადური და იადგარი) და ერთი ქალიშვილი - ჯიგდა ხათუნი. გიორგი ბრწყინვალეს დედა და ბექა ჯაყელის ასული ნათელა კი დემეტრე II-ის მესამე ცოლი იყო.

რთულ დროს მოუწია მეფობა დავით ულუს ძეს, საქართველოს მდგომარეობა სავალალო იყო. ქალაქის და სოფლების ქუჩები სავსე იყო მათხოვრებით და დავრდომილებით. ახალგაზრდა მეფეს ძალზედ აწუხებდა ხალხის ასეთი მდგომარეობა და ხშირად ღამით გარეთ გამოდიოდა და ხალხს ეხმარებოდა, თუმცა ამით ბევრს ვერაფერს ცვლიდა. მიუხედავად მძიმე საშინაო ვითარებისა, მან შესძლო თბილისში მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის აშენება.

ახალგაზრდა დემეტრე ყველა ხერხს ხმარობდა, მონღოლებისთვის ერთგულების დასამტკიცებლად გაუთავებელ ლაშქრობებში მონაწილეობის გარდა მან ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე არღუნ ყაენის პირველ ვეზირთან ბუღასთან მისი შვილი რუსუდანი დააქორწინა. ამ ქორწინებით მეფემ არღუნ ყაენისგან საქართველომ დაიბრუნა ტერიტორიები რომლებიც მონღოლებს ქონდათ მიტაცებული.

სრულწლოვანმა დემეტრემ მმართველობა თავის ხელში აიღო სადუნ მანკაბერდელის გარდაცვალების შემდეგ კი ათაბაგობა მის ვაჟს ყუთლუ ბუღას აღარ უბოძა, რითიც მტრად გაიხადა იგი. ყუთლუს მამასავით პიველკაცობა სურდა მიზნის ვერმიღწევის შემდეგ მიუხედავდ იმისა რომ ამირსპასალარობა მიიღო მეფისგან წყენა არ განელებია და მოგვიანებით დემეტრე მეორეს სამაგიეროსც გადაუხადა.

1289 წელს ილხანთა მონღოლური სახელმწიფოს პირველ ვაზირს, ბუღას, ყაენის წინააღმდეგ შეთქმულება დაბრალდა, რის გამოც სიკვდილით დასაჯეს. დემეტრე II, როგორც ბუღასთან დაახლოებული პირი, ყაენის კარზე დაიბარეს, სადაც მის წინააღმდეგ მოქმედებდა განაწყენებული ყუთლუ-ბუღა.

დემეტრეს სიკვდილით დასჯა ელოდა, რადგან მონღოლური წესით ისჯებოდა არა მარტო ბრალდებული, არამედ მისი ოჯახის წევრები, ნათესავები და ახლობლები. დემეტრემ დარბაზის წევრებს რჩევა სთხოვა. მათ მეფეს დასავლეთ საქართველოში ან მთიულეთში ურჩიეს გახიზვნა. დემეტრემ კარგად იცოდა, რაც მოელოდა ყაენის კარზე წასვლით, მაგრამ ქვეყნის აოხრებას ისევ თავის გაწირვა ამჯობინა.

როგორც მემატიანე გადმოგვცემს, დემეტრემ შემდეგი სიტყვებით მიმართა დარბაზის წევრებს:

”თუ არ წავიდე ურდოსა და წარვიდე მთიულეთს... იხილეთ, რავდენი სული ქრისტიანე სიკუდილსა მიეცემის და ტყუე იქნების, და ეკლესიანი შეიგინებიან და მოოხრდებიან, ხატნი და ჯუარნი დაიმუსვრიან. და უკეთუ წარვიდე ყაენის წინაშე, დასტურობით მომკლავს ... მე დავდებ სულსა ჩემსა ერისათვის ჩემისა და არ დავიშლი ურდოს წასვლას”.

მართლაც დემეტრე ჩავიდა საილხანოში და შეეცადა დაერწმუნებინა არღუნ ყაენი საკუთარ უდანაშაულობაში. არღუნი შიშობდა, რომ დემეტრეს დასჯით საქართველოში არეულობა დაიწყებოდა, მაგრამ ამ დროს საქმეში ჩაერია განაწყენებული ყუთლუ ბუღა. რომელმაც ყაენს მომხიბლავი გეგმა შესთავაზა: თუ დემეტრეს სიკვდილით დასჯიდნენ, აღმოსავლეთ საქართველოს ტახტზე დავით ნარინის ვაჟს ვახტანგს დასვამდნენ. ამით მონღოლებს დასავლეთ საქართველოც დაექვემდებარებოდა. ეს გეგმა არღუნს მოეწონა და დემეტრეს ბედიც გადაწყდა.

დემეტრე მეორის ცხედარი კათოლიკოს-პატრიარქმა აბრაჰამმა და მოსე მღვდელმა ფარულად გამოისყიდეს, თბილისელმა ვაჭრებმა კი საქართველოში ჩამოასვენეს და სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100