როკ-მუსიკის ლეგენდარული მენეჯერი ხვალ თბილისში პრესკონფერენციას გამართავს
მსოფლიოს როკ-მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მენეჯერი და პროდიუსერი სტივ უელტმანი უკვე თბილისშია. ხვალ, 13 ოქტომბერს იგი სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს “ლოკომოტივ პრომოუშენთან” ერთად ლიტერატურულ კაფე “ქარავანში”. სტივ უელტმანი რამდენიმედღიანი ვიზიტით “ლოკომოტივ პრომოუშენის” მოწვევით ჩამოვიდა. როგორც პრეს-ცენტრში აცხადებენ, კომპანია სტივთან ერთად გრანდიოზულ როკ-ფესტივალზე იწყებს მუშაობას. გარდა ამისა უკვე დაგეგმილია მსოფლიოში ცნობილი როკ-შემსრულებლების კონცერტები თბილისში. პირველი კონცერტი 5 ნოემბერს გაიმართება.
სწორედ ხვალინდელ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი, თუ ვინ გამართავს კონცერტს თბილისში, 5 ნოემბერს და კონკრეტულად რა სამომავლო გეგმები აქვთ სტივ უელტმანსა და “ლოკომოტივ პრომოუშენს”.
ერთობლივი პრესკონფერენცია ხვალ, 13 ოქტომბერს, 11:30სთ-ზე მოეწყობა ლიტერატურულ კაფე “ქარავანში” (ფურცელაძის ქ. #10)
სტივ უელტმანი მსოფლიოს როკ-მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მენეჯერი და პროდიუსერია. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა ისეთ ლეგენდარულ შემსრულებლებთან, როგორიცაა: ბითლზი, ლედ ზეპელინი, ელვის პრესლი, ჯენეზისი, პინკ ფლოიდი, დევიდ ბოუი, ოზი ოზბორნი და სხვები. მას აგრეთვე უდიდესი წვლილი მიუძღვის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი როკ ფესტივალების: Download-ის, Glastonbury-ს, T-In The Park-ისა და Ozzfest-ის ორგანიზებაში.
"ლოკომოტივ პრომოუშენის" პრესსამსახური
კომენტარი