„მერვეკლასელოდან“ „ციცომდე“, ანუ უნიჭო მიმბაძველობის ზეობა ფოლკ–ჯგუფებში (ვიდეო)
წლების წინ, საქართველოში სტუმრად ჩამოსულმა ერთმა უკრაინელმა ჟურნალისტმა მკითხა: მსურს ჩემს ქვეყანაში ქართული ფოლკლორი თანამემამულეებს გავაცნო და იქნებ რომელიმე ქართული ფოლკლორული ჯგუფი მირჩიო, რომელიც მსგავს მუსიკას ასრულებსო. ვიდრე მე ამაყად ჩამოვუთვლიდი ეროვნული ანსამბლებისა თუ შემსრულებლების გრძელ სიას, სტუმარმა სიტყვა შემაწყვეტინა და დამიზუსტა: არა, არა, ვერ გამიგე, მე ისეთი ჯგუფის დასახელება გთხოვე, რომელიც თანამედროვე მუსიკას ასრულებს, მხოლოდ ფოლკლორის ელემენტებითო.
მაშინ ფრიად უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი, რადგან, იმ დროისათვის, მსგავსი რამ ქართულ სინამდვილეში, ბუნებაში არ არსებობდა, ლელა წურწუმიას ან მერაბ სეფაშვილის ხსენება კი, იმ კონტექსტში, აშკარად მიზანშეწონილი არ იყო.
მას შემდეგ დრო გავიდა და დღეს ქართული სცენა ასეთი ტიპის ჯგუფების ნაკლებობას აღარ განიცდის. ეგ კი არა, მათი რაოდენობა კარგა გვარიანადაც გადაჭარბებულია, მეტიც, მომაბეზრებლად გადაჭარბებული. ამგვარი ჯგუფების ვიზუალი, ხელწერა, სტილი, თემატიკა, სიმღერებიც კი, იმდენად ერთნაირი და ერთგვაროვანია, რომ ზოგჯერ, შეიძლება, გარჩევაც გაჭირდეს.
მათი აღმოცენების ბუმი, ფაქტობრივად, პოპულარული ჯგუფის, „შინის“ შემდეგ დაიწყო, რომლის რეიტინგის ზრდადობამ მსმენელებში, მოკლე ხანში, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამას კი, როგორც ზოგადად ასეთ შემთხვევებში ხდება–ხოლმე, მიმბაძველი ჯგუფების მთელი არმადის, ნაწვიმარზე ამოსული სოკოებივით აღმოცენება მოჰყვა. ქართული, ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერები, ფოლკლორული ინსტრუმენტები, მათ დამატებული გარკვეული ნოვაციური ხასიათის ჟღერადობა, ქართული ფოლკლორისათვის არატრადიციული ინსტრუმენტები, თავდაპირველად მართლაც საინტერესოდ და ორიგინალურად გამოიყურებოდა და მსმენელის ბუნებრივი რეაქცია, ანუ მოწონება და პოპულარობაც დაიმსახურა.
დღეს, საქართველოში ფოლკ–მუსიკა ის გამონაკლისია, რომელიც „გემოვნებიანების“ და „უგემოვნოების“ კასტებს ერთნაირად მოსწონთ. სადაც არ უნდა გადადგა ნაბიჯი, ქუჩაში, მანქანაში, სახლში, ოფისში, ყველგან მურმან ლებანიძის ცნობილი ლექსის მოტივებზე შექმნილი „ციცო“ ისმის. მოკლედ, როგორც იტყვიან, „ციცო“ მოდაშია, თუმცა... დაახლოებით უკვე ისე, როგორც ჩვენს ღრმა ბავშვობაში „ლეგენდად“ ქცეული „მერვეკლასელო“, ანდაც მოგვიანებით თამთა გოგუაძის თუ აჩი მეფარიძის რომელიმე ბანალური სიმღერა.
გეომეტრიული პროგრესიით მომრავლებულ ფოლკ–ჯგუფებს კი, მსმენელ–თაყვანისმცემელი საკმარისად ჰყავს. თუ ასეთი ჯგუფის შექმნა დაისახე მიზნად, როგორ უნდა მოიპოვო პოპულარობა? ამის ფორმულა დღევანდელ საქართველოში თვით მიტინგების პოლიტიკოსობაზეც კი იოლია.
ეს უნივერსალური ფორმულა კი ასეთია: შეკრებ დაახლოებით შვიდიდან 10–12 კაცამდე „ბოი–ბენდს“, აიღებ ხელში ინსტრუმენტებს, ჩვეულებრივად, რაც მიღებულია ქართულ ფოლკლორში, ფანდურს, ჩონგურს, დოლ–გარმონს, დაუმატებ სხვა წარმომამავლობის ერთი–ორ საკრავს, შეიძლება რომელიმე მათგანი შენი ინტერპრეტაციითაც ააწყო, ან მათი მიქსი შეადგინო, შემდეგ გამწკრივდებით სცენაზე და შეასრულებთ რეპერტუარს. ყველაფერი გენიალური, მარტივია. მით უმეტეს, რომ რეპერტუარის მოძიებაც არ არის რთული და დამღლელი პროცესი. რამდენიმე საქვეყნოდ ცნობილი ქართული სიმღერა, „შატილის ასულოდან“ გელა დაიაურის მშვენიერი სიმღერებით დამთავრებული, ამას ზედდართული ერთი–ორი „საკუთარი“ ქმნილება და ჯგუფიც მზადაა სახელისა და დიდების მოსაპოვებლად.
მსგავსი ჯგუფების სიმრავლე, ერთი შეხედვით, არაფერს აშავებს. თითქოს რა უნდა იყოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის, პლანეტის ერთ–ერთი საუკეთესო მუსიკის, ქართული ფოლკლორის, თუნდაც მისი ახლებურად ინტერპრეტირებულ–გადამღერებული ვარიანტების შესრულება–პოპულარიზაციაზე უმჯობესი? მაგრამ პრობლემა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ისაა, რაც დღევანდელ ქართულ ხელოვნებას, მუსიკას თანამედროვე რეალობაში ახასიათებს: ერთფეროვნება, ერთი ადგილის ტკეპნა, განვითარებისათვის ნაკლები მზადყოფნა, მუდამ სხვისი ნაშრომის კოპირება... საზოგადოება, მსმენელი, პუბლიკა კი, ძველებურად, ერთგვაროვან გემოვნებაზე, ანუ უგემოვნობაზე ორიენტირებული რჩება, რომელთვისაც „მერვეკლასელოდან“ „ციცომდე“ არც არაფერი შეცვლილა.
კომენტარი