სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა კალაძე სოციალური პროგრამების დახვეწას და მუნიციპალური საბინაო ფონდის კონცეფციის შექმნას გეგმავს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მერად არჩევის შემდეგ, მუნიციპალური საბინაო ფონდის კონცეფციის შემუშავებას გეგმავს. ამის შესახებ მან თბილისის სოციალური პოლიტიკის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, კონცეფციის მიხედვით, მომავალი წლების განმავლობაში სოციალური საცხოვრებლების მშენებლობა დაიწყება.

თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, შემუშავებული სოციალური პოლიტიკა სამ მიზანს ისახავს: სოციალურ პროგრამებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ჯანდაცვის პროგრამების განვითარება და ინკლუზიური ქალაქი ყველა თაობისთვის.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დაიხვეწება არსებული 22 სოციალური პროგრამა, რომლებიც განკუთვნილია სოციალურად დაუცველების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, ხანდაზმულებისა და ახალშობილებისთვის.

„გარდა ამისა, გამგეობის მხრიდან სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის მატერიალური მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უფასო სასადილოების პროგრამის დახვეწას და რაციონის, ასევე, სერვისის გაუმჯობესებას. ამისთვის გამგეობებს მერიიდან გამოეყოფა დაახლოებით 30 მილიონი ლარი“ - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

მისი თქმით, სოციალური პროგრამების განხორციელების კვალდაკვალ ყურადღება მიექცევა სიღარიბის შემცირებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს.

„ამ მიმართულებით ვაპირებთ, ცენტრალურ მთავრობასთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მოქალაქეთა გადამზადებას. ჩვენ მივესალმებით ამ მიმართულებით განათლების სამინისტროს მუშაობას. მუნიციპალიტეტის მხრიდან იქნება თანადგომა, რომ პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამები განხორციელდეს მერიის, კოლეჯისა და კერძო სექტორის თანამშრომლობით“ - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების ღირსეულ საცხოვრისზე ხელმისაწვდომობას, კახა კალაძემ ყურადღება საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემაზე გაამახვილა.

„ადამიანები, რომლებიც 20-25 წელია ცხოვრობენ, ვერ ახერხებენ ამ ფართების დაკანონებას. დღესაც შიშით ცხოვრობენ, ხვალ ვინმემ არ გამოასახლოს. ჩემი მერობის პირობებში პირველ რიგში დავიწყებთ ამ პრობლემის მოგვარებას“ - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისი თქმით, 2012 წელს, როდესაც ხელისუფლების გადაბარება მიმდინარეობდა, გარკვეული ადამიანები მიზანმიმართულად შეიჭრნენ სახელმწიფო დაწესებულებებში, თუმცა მათი გამიჯვნა მოხდება იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ კონკრეტულ საცხოვრებლებში.

„გამიჯვნა შესაძლებელია. ეს შეიძლება იყვნენ დევნილები, უსახლკაროები, რომლებიც ძალიან ბევრი წლებია ცხოვრობენ ამ საცხოვრისში და ისინი ვერ ახერხებენ დაკანონებას. შესაბამისად, ჩემი მერობის პირობებში, ამ პრობლემას მოვაგვარებ“ - განაცხადა კახა კალაძემ.

სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სპეციალისტები, მაჟორიტარობის კანდიდატები და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100