სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გია ჭანტურია: ვინც დღეს რუსული ფულით საზრდოობს, მოღალატეა

თბილისის მერობის მსურველების სიმრავლის მიუხედავად, კანდიდატები გამარჯვებაში თითქმის დარწმუნებულნი არიან. ქრისტიან-დემოკრატებმა მერობის კანდიდატად გია ჭანტურია დაასახელეს.

ჭანტურია ახალი ინიციატივით გამოვიდა და მერობის კანდიდატებს მემორანდუმის გაფორმებაც კი შესთავაზა. მემორანდუმი, კანდიდატებს პრეზიდენტობაზე ფიქრს უკრძალავს.
რატომ გამოვიდა ჭანტურია ამ ინიციატივით და რამდენად გამოეხმაურებიან მერობის კანდიდატები, ამას მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი „დრონი. ჯი“-მ მერობის ერთ-ერთი კანდიდატი გია ჭანტურია ჩაწერა!!!
- რას ჰპირდებით თბილისელებს იმ შემთხვევაში თუ თქვენ თბილისის მერი გახდებით?
- ჩვენი მთავარი ამოცანაა თბილისელებისთვის დღევანდელი გაუსაძლისი ყოფის შემსუბუქება. სამი ძირითადი საკითხი უნდა გადაიჭრას: დასაქმება, ელექტროენერგიაზე, გაზზე ფასების შემცირება და წყალი უნდა გავხადოთ უფასო.
არავინ იფიქროს, რომ ეს მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებაა. ეს რეალურად გაკეთდება. თუ მცირე და საშუალო ბიზნესი ამოქმედდება უკვე სამუშაო ადგილებიც შეიქმნება. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ..
- ძალიან ბევრია მერობის მსურველი, როგორ აფასებთ თქვენს შესაძლებლობებს?
- ამის შეფასება ძალიან ძნელია. ჩვენს ძალებს მოსახლეობა შეაფასებს. ვინც თავის შანსებს უკვე აფასებს ძალიან ცდება. ვისაც ედნობა მოსახლეობა, ეს არჩევნებზე კარგად გამოჩნდება და წინასწარ რაიმეს საუბარი, გარდა პროგრამისა, ჩემთვის ძნელია.
- ამჟამინდელ მერზე რა წარმოდგენის ხართ?
- რაც უგულავამ კარგი გააკეთა, მადლობა უნდა ვუთხრათ. ქალაქისთვის ბევრი რამ გააკეთდა, ბევრი რამ კი, არ გააკეთდა. უმადურობა ყველაზე ცუდია. ამიტომ ადამიანმა რაც გააკეთა, უნდა დავუფასოთ და რაც არ ან ვერ გააკეთა, ის შემდგომმა მერმა უნდა გააკეთოს.
მერი გიგი იქნება თუ სხვა, ნებისმიერის შრომის დაფასება უნდა ვისწავლოთ. მე საკმაოდ ბევრი რამე გამიკეთებია ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, ვიცი რას ნიშნავს საქმის კეთება. მადლიერების გრძნობა ყოველთვის უნდა გვქონდეს.
უგულავას შეცდომა იყო, როცა თაობების ხლეჩვა მოახდინა და გადააფასა ძველი თაობა. დღეს არაა იმის ფუფუნება, რომ უფროსი თაობის გამოცდილება არ გავიზიაროთ. ანალოგიურად, ხვალ შეიძლება ჩვენმა მომავალმა თაობამაც გადაგვაფასოს. ამიტომ ამის წინააღმდეგი ვარ.
- თქვენ განაცხადეთ, რომ მერობა შესაძლებელია პრეზიდენტობის ტრამპლინად იქცესო და მერობის კანდიდატებს პირობის დადებაც კი შესთავაზეთ... რატომ გახდა თქვენი მხრიდან აუცილებელი ამაზე საუბარი?
- იმიტომ რომ ყველგან მესმის მერობა არის წინაპირობა შემდგომში პრეზიდენტობისაო. ამაზე მუდმივად საუბრობენ. ვფიქრობ, რომ ნაკლები შანსია ქალაქის მერი გახდეს პრეზიდენტი.
- ამის პრეცედენტი არსებობს...
- თუ გულისხმობთ იმას, რომ პარიზის მერი ჟაკ შირაკი შემდგომში პრეზიდენტი გახდა, საფრანგეთსა და საქართველოს შორის დიდი სხვაობაა. ამაზე საუბარი და კანდიდატებს შორის პირობის დადება იმიტომაა აუცილებელი, რომ არჩევნები პოლიტიკურად მოტივირებულია. ცხადია, პოლიტიკურად მოტივირებული უნდა იყოს, მაგრამ რეალურად საქმეც უნდა გაკეთდეს.
- თქვენ თვლით, რომ თქვენი კონკურენტებისთვის მერობა ტრამპლინი და სწრაფვაა პრეზიდენტობისკენ?
- ყოველ შემთხვევისთვის ისინი ასე განიხილავენ. მე ვამბობ, რომ მოვაწეროთ მემორანდუმს ხელი, რომ თბილისის მერობა არ გახდეს ტრამპლინი პრეზიდენტობისათვის. ქალაქის მერობა უნდა მოიცავდეს მხოლოს თბილისზე ზრუნვას და ნაკლებად უნდა ვიფიქროთ პოლიტიკურ ამბიციებზე.
- ცუდი რა არის იმაში, რომ მერობის კანდიდატი პრეზიდენტობაზეც ფიქრობდეს?
- ცუდი ნამდვილად არ არის. თუ პოლიტიკური და საქმის კეთების მოტივაცია ერთმანეთთან შეჯერებულია, მივესალმები. თუ მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციის გამო ცდილობ, რომ მერი გახდე ეს უკვე ცუდია.
- საუბრობენ, რომ გია ჭანტურიაც იმიტომ იღებს მერის არჩევნებში მონაწილეობას, რომ მიზანი პრეზიდენტობააო. ამ ეჭვების გასაფანტად ხომ არ შესთავაზეთ მერობის კანდიდატებს ეს იდეა?
- გარწმუნებთ, უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში სულ ვამბობდი, რომ უნდა დავეხმარო თბილისს. რა გამოცდილებაც მაქვს საერთაშორისო კომპანიებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან, მოვახმარ ჩვენს ქალაქს. მე, არ მაქვს პოლიტიკური ამბიცია. მე, არც პრეზიდენტობა მჭირდება და არც პრეზიდენტობისთვის ბრძოლა.
- მერობის კანდიდატებიდან თქვენს ინიციატივას ვინმე გამოეხმაურა?
- ჯერჯერობით არავის აქვს ამის სურვილი. მზად ვარ დღესვე მოვაწერო ხელი მემორანდუმს. გულახდილად ვემბობ, რომ პრეზიდენტობა არ მინდა. ეს ჩემი მიზანი ნამდვილად არ არის.
- იმ შემთხვევაშიც თუნდაც ამის შანსი იყოს?
- ყველაზე დიდი შანსია ჩემს ხალხს ვემსახურო. ამაზე კარგი არც პრეზიდენტობაა და არც მერობა.
- მუდმივად საუბრობს ოპოზიცია, რომ არჩევნები გაყალბდება, თქვენც იგივეს ფიქრობთ?
- მე იმედი მაქვს, რომ მოსახლეობამ იმდენად იცის გაყალბების მეთოდიკა, რომ არა მგონია მოატყუონ. თუ მოსახლეობა მოვა არჩევნებზე, გაყალბების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა შეძლონ და არ გაუცრუონ იმედი მოსახლეობას. არჩევნების გაყალბება იქნება ძალიან დიდი სირცხვილი. ამაზე კი, არა მგონია ხელისუფლება წავიდეს.
- ოპოზიციაში გარკვეული გადაადგილებებია, ამ მოვლენებს რა პოლიტიკურ შეფასებას მისცემთ?
- ყველაფერს აქვს თავისი ფასი. ასეა პოლიტიკაშიც. ღირსებაზე მეტი ფასი არაფერს აქვს. პოლიტიკოსი ხარ თუ მენეჯერი, კარგად უნდა აცნობიერებდე როგორ სვლას აკეთებ. ოპოზიცია გადაჯგუფდება თუ გადმოჯგუფდება, მოსახლეობა დასკვნებს გამოიტანს. თუ ქვეყანას ღალატობ და ღალატის ხარჯზე გინდა ხელისუფლებაში მოსვლა, ამას ქართველი ხალხი კარგად გრძნობს და არ გაპატიებს.
- დღეს ღალატობენ ქვეყანს?
- ვინც დღეს რუსული ფულით საზრდოობს ის არის ქვეყნის მოღალატე. ეს პოზიციაა თუ ოპოზიცია, სულ ერთია. ვინც ფიქრობს, რომ პოლიტიკური ამბიციები დაიკმაყოფილოს, ქვეყნის ინტერესების შეწირვის ხარჯზე, არის მოღალატე. ამიტომ, ფრთხილად უნდა გააკეთო ყველა სვლა და ხელისუფლებაში მოსვლას არ უნდა ანაცვალო სამშობლოს ღალატი. თუ ნოღაიდელი ხალხს განუმარტავს და დაარწმუნებს, რომ მისი ვიზიტები რამეში წაადგება საქართველოს, არა მგონია ვინმე ამის წინააღმდეგი წავიდეს. ხელისუფლებაში მოსვლა არ ღირს იმად, რომ შენს ქვეყანას უღალატო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100