უცნობი სნაიპერი პუტინის მოსაკლავად დაფინანსებას ითხოვდა
უცნობმა მამაკაცმა, რომელსაც რუსეთის პრემიერი იმდენად შესძულებია, რომ მის მოსაკლავადაც მზად არის, ორიგინალურ მეთოდს მიმართა: ინტერნეტში განათავსა განცხადება, სადაც მიუთითა, რომ სნაიპერია და რომ მზადაა მოკლას პუტინი.
სნაიპერმა განცხადებაში ისიც მიანიშნა, რომ ამისთვის სჭირდება სნაიპერული შაშხანა, ვაზნები და მცირე თანხა სხვა ხარჯებისთვის, რაც საჭიროა განზრახვის სისრულეში მოსაყვანად. საერთო ჯამში ამ თანხამ 191.542 რუბლი, ანუ, სულ რაღაც 6.890 აშშ დოლარი შეადგინა. სწორედ ამ თანხის შეგროვებას ითხოვს სნაიპერი და ყველა დაგეგმილი ნაბიჯის დეტალურად აღწერით სამხედრო საქმის ცოდნასაც ავლენს.
მითითებულ ინტერნეტ-მისამართზე ვერც განცხადების ტექსტს იპოვით და ვერც იმ საიტს, სადაც განცხადება განთავსდა. როგორც ჩანს, „ეფ-ეს-ბეს“ ეს განცხადება იმდენად სერიოზულად მოეჩვენა, რომ იგი ინტერნეტ-სივრცეში განთავსებიდან დაახლოებით ერთ საათში გაქრა. თუმცა აღნიშნული საიტისა და განცხადების სკრინ-გვერდის გაკეთება ბლოგერებმა მაინც მოასწრეს. „დრონი.ჯი“ სწორედ ამ განცხადებას და მისი ტექსტის განხილვას გთავაზობთ, რომელიც ერთ-ერთ რუსულ საიტზე გამოქვეყნდა.
„ვიბრძოდი ჩეჩნეთში, როგორც პირველ, ასევე მეორე ომში, ვიყავი სნაიპერი, მაქვს უდიდესი საბრძოლო გამოცდილება და მომზადება. 24 დადასტურებული და 30 დაუდასტურებელი მკვლელობის ავტორი ვარ ომის დროს. მზად ვარ მოვკლა პუტინი.“ - ასე უბრალოდ წერს საკუთარ განზრახვაზე რუსი ანონიმი.
უცნობმა ჯარისკაცმა ხარჯის ერთგვარი ნუსხაც კი შეადგინა: სნაიპერის შაშხანა - 6.400 დოლარი, ვაზნების საჭირო რაოდენობისთვის - 90, სხვა ხარჯებისთვის - 400 დოლარი. 400 დოლარი, სავარაუდოდ, მოსკოვამდე ბილეთისთვისა და სასტუმროს დაჯავშნისთვის.
სნაიპერი იმასაც ამბობს, რომ არა უბრალო, არამედ ამერიკული შასხანა - ბარეტ მ-95 სჭირდება. სწორედ ამ შაშხანის ტექნიკური მახასიათებლები მიაჩნია მას ყველაზე საიმედოდ: ტყვიის ფრენის სიშორე - 1.800 მეტრი და, რაც მთავარია, ტყვია აღწევს 70 მმ სისქის ჯავშანში. პუტინთან ამაზე ახლოს არ მიუშვებენ.
თავის განცხადებაში ყოფილ მთავარსარდალზე განაწყენებული ყოფილი ჯარისკაცი იმასაც აღწერს, რატომ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე:
„უბრალო ხალხი უპოვარი გახდა, ჩვენ მონებად გვთვლიან და მონებივით გვექცევიან, ჩვენ გვპირდებიან, რომ ვიცხოვრებთ უკეთ და, სინამდვილეში, პირიქით ხდება. გაიხსენეთ, და დაპირება მისცა ხალხს პუტინმა 2000 წელს, როცა ხელისუფლების სათავეში მოვიდა - არცერთი არ შეუსრულებია. და თუ პუტინი 2012 წლამდე არ მოკვდა, ის ისევ პრეზიდენტი გახდება და ამჯერად არა 8, არამედ 12 წლით. დროა, ამას ბოლო მოეღოს!“
საიტზე მითითებული იყო ანგარიში, სადაც შეიძლებოდა თანხის გადარიცხვა და დაყენებული იყო მრიცხველი, რომელიც შემოსულ თანხას აღნიშნავდა. საიტის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე მრიცხველზე მითითებული რიცხვი მიანიშნებდა, რომ სნაიპერის მიერ მოთხოვნილი თანხის თითქმის მეოთხედი უკვე შეგროვილი იყო: დაახლოებით 42 ათასი რუბლი. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ციფრების გადამოწმება შეუძლებელია.
ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი საათის შემდეგ ყველა სახის ინფორმაცია გაქრა, მის ნაცვლად კი გაჩნდა თავაზიანი წარწერა: „თქვენს მიერ მოთხოვნილი ვებ-გვერდი დროებით დახურულია სერვისის ადმინისტრაციის მიერ“.
გაკვეთილი მათთვის, ვინც პუტინის მკვლელობას მომავალშიც მოინდომებს: ასეთი განცხადებების გამოქვეყნება უფასო რუსულ საიტებზე არ ღირს. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა არასასურველი პოლიტიკური განცხადების გამო საიტს ხურავენ. თუმცა, სნაიპერს მიაჩნია, რომ ყველაფერში დამნაშავე მაინც „ეფ-ეს-ბეა“.
ეს განცხადება და მისი განხილვა კი ჩაიფუშა, მაგრამ თუკი სნაიპერამდე ჯერაც არ მიუღწევიათ შავ ფორმაში ჩაცმულ შეიარაღებულებს, ან თეთრ ხალათში ჩაცმულ ნემსით შეიარაღებულებს, შესაძლოა, მან მომავალშიც გაახაროს მკითხველები მსგავსი აბსურდული ტექსტების სხვადასხვა საიტზე გამოქვეყნებით.
კომენტარი