ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან თანმიმდევრულ მუშაობას ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით
ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან თანმიმდევრულ მუშაობას ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით, მიუხედავად მთელი რიგი გამოწვევებისა და გარკვეული სენსიტიური ასპექტებისა, ვიმედოვნებთ, რომ არჩევნებამდე, ეს პროცესი დასრულდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ენერგეტიკული უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციის სადისკუსიო ნაწილში, რომელსაც მოდერატორობას უწევდა საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრის ენერგეტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების პროგრამის მკვლევარი ედუარდ ჩოუ.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.
„საქართველომ შეასრულა ყველა დავალება და დაასრულა მუშაობა ყველა ტექნიკურ ასპექტებზე ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ჩვენ შევასრულეთ ის მოთხოვნა, რაც ევროკომისიას გააჩნდა, ამიტომაც ჩვენი ძალისხმევა შეფასდა პოზიტიურად გასული წლის დეკემბერში. ამჟამად ვართ მხარდაჭერისა და კონსოლიდაციის პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. ვიმედოვნებთ, რომ ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას. რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს დისკუსიები, გვაქვს საუბრები ევროპელ ლიდერებთან, მაგრამ იმავდროულად გვესმის რა გამოწვევები გააჩნია ევროპას - ეს არის მიგრანტების კრიზისი, ეს არის რეფერენდუმები. ჩვენ საკუთარ თავს მოვიაზრებთ როგორც ევროპული ოჯახის ნაწილს, რადგან ისტორიულად ყოველთვის ვიყავით ნაწილი ევროპული კულტურისა. მიგვაჩნია, რომ ევროპა არის ჩვენთვის საბოლოო დანიშნულების ადგილი. ვიზალიბერალიზაციის საკითხი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია პროდასავლური ძალების მხარდაჭერისთვის. იმედი გვაქვს, რომ იქნება პროცესი დასრულდება 8 ოქტომბრამდე, როდესაც ჩვენ გვაქვს საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ რასაკვირველია, ეს არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ მისაღები გადაწყვეტილება,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს ვიზალიბერალიზაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა საგარეო საფრთხეებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე. მისი თქმით, მთავარი გამოწვევა, რის წინაშეც დგას საქართველო, არის ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები.
„საქართველოს ორი ისტორიული ნაწილი არის ოკუპირებული - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. არსებობს საკმაოდ მძიმე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხები, ხდება სამხედრო მოძრაობები ორივე ტერიტორიაზე, არსებობს მძიმე დარღვევები ძირითადად ადამიანის უფლებების კუთხით. ამ საოკუპაციო ზონების მიღმა არის პრობლემები ეთნიკურ ქართულ მოსახლეობასთან დაკავშირებით. მათ ართმევენ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას, ართმევენ და უზღუდავენ ქონებრივ უფლებებს. გუშინ ადგილი ჰქონდა ახალი ნიშნების დამონტაჟებას, მიმდინარეობს ბორდერიზაციის პროცესი, გვყავს ეთნიკური ქართველები, რომლებსაც პერიოდულად ატყვევებენ საოკუპაციო ძალები. ეს ადამიანები ხვდებიან ციხეებში და ხშირად მათგან ითხოვენ გამოსასყიდს. მიუხედავად ყველაფრისა, ვერაფერი შეცვლის საქართველოს ბედს, რომელსაც თავად ქართველი ხალხი განსაზღვრავს. არასოდეს იყო საქართველოს სუვერენული განწყობა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს და მიუხედავად ყველა ამ გამოწვევისა, ჩვენი კონსოლიდაციის და გაერთიანების სურვილი და განწყობა ამ სტრატეგიული მიზნების გარშემო არის ძალიან ძლიერი. მე ვერ ვხედავ ვერანაირ მნიშვნელოვან საფრთხეს, რაც შეაფერხებს დასავლეთისკენ სვლას და გადაგვახვევინებს ამ სტრატეგიული გზიდან,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კომენტარი