ჩე გევარას დღიური წიგნად გამოვიდა
„ბი–ბი–‘სის“ ცნობით, კუბაში არგენტინელი რევოლუციონერის, ერნესტო ჩე გევარას დღიური დაიბეჭდა. მისმა ქვრივმა ალეიდა მარჩმა განაცხადა, რომ მან ჩეს დღიურის გამოქვეყნება ყოველგვარი რედაქტირების გარეშე გადაწყვიტა, რათა მკითხველმა გაიცნოს ჩე გევარა ისეთი, როგორიც ის რეალურად იყო ცხოვრებაში.
კომანდატეს დღიური კუბაში რევოლუციური ბრძოლის სამ წელიწადს ეხება. გამომცემლების თქმით, განათლებით დოქტორს, საშინელი კალიგრაფია ჰქონდა და მათ დიდი დრო დაეხარჯათ ნაწერის გაშიფვრაში.
დღიურში საუბარია მოვლენებზე, რომელიც 1956 წლის 2 დეკემბერს დაიწყო, როცა კუბაში იახტა „გრანმა“ შევიდა, რომლის ბორტზეც თავად ჩე გევარას გარდა, იმყოფებოდნენ ძმები კასტროები, კამილო სენფუეგოსი და კუბის რევოლუციის სხვა მოღვაწეები. დღიური 1959 წლის 1 იანვრით, ანუ გენერალ ბატისტას დამხობის დღით სრულდება.
გამომცემლები აღნიშნავენ, რომ დღიურს მზის სინათლეზე გამოაქვს ჩე გევარას შთაბეჭდილებები კუბაზე, მის კულტურაზე, ყოფა–ცხოვრებაზე, პოლიტიკურ კონტექსტში. წიგნს, მკითხველებს შორის, დიდ პოპულარობას უწინასწარმეტყველებენ.
ჩე გევარას დღიურის სხვა ნაწილი, რომელიც რევოლუციონერის პარტიზანულ კამპანიას ასახავს ბოლივიაში, 1968 წელს გამოვიდა. კომანდატეს მემუარები, სახელწოდებით „მოტოციკლისტის დღიურები“ კი, მის მოგზაურობას ასახავს ლათინურ ამერიკაში. ორივე წიგნი კომერციულად მეტად წარმატებული აღმოჩნდა. მოგვიანებით, რეჟუსორმა ვალტერ სალესმა, „მოტოციკლისტის დღიურების“ მიხედვით, იმავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელმაც უამრავი ჯილდო მოიპოვა.
კომენტარი