ვარკეთილში, სპეცოპერაციის შედეგად, ორი პირია დაკავებული
ვარკეთილში, სპეცოპერაციის შედეგად, ორი პირია დაკავებული. მათ გამოძალვა ედებათ ბრალად. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ორივე პირი სასამართლოს განჩინების საფუძველზეა დაკავებული.
სპეცოპერაცია ვარკეთილში კაფე „თეისთში“ ჩატარდა.
პირველი არხის ინფორმაციით, დაკავება ერთ-ერთი ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის ფაქტს უკავშირდება.
პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობს წულუკიძის ქუჩაზე მდებარე სახლში, რომელშიც სავარაუდოდ დაკავებულები ცხოვრობენ.
ამ დროისთვის სამართალდამცველები რჩებიან კაფე „თეისთის“ მიმდებარე ტერიტორიაზეც. ადგილზე ამკრძალავი ლენტია გაბმული.
კაფე, რომელშიც სპეცოპერაცია ჩატარდა, დაკავებულებს არ ეკუთვნოდათ, - ამის შესახებ პირველ არხს ადგილზე მყოფმა სამართალდამცველმა განუცხადა.
მისი თქმით, დაკავებულები კვების ობიექტში ისხდნენ და სადილობდნენ, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა.
დაკავებულები ჯერ ისევ კაფეს შენობაში ჰყავთ. მათ სამართალდამცველები სავარაუდოდ რამდენიმე წუთში გამოიყვანენ.
კომენტარი