აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა - ინტენსიურ შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა: რას აცხადებენ მხარეები?
აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ღამის განმავლობაში უკიდურესად დაძაბული ვითრება იყო. ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ინტენსიური შეტაკებები მოხდა. თავდაპირველად ინფორმაცია თურქულმა მედიამ გაავრცელა. როგორც მედია წერს, თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ სამხედრო მოსამსახურეები და დაზიანდა სამხედრო ინფრასტრუქტურა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის არმიამ საღამოს საათებში"ფართო პროვოკაცია განახორციელა დაშკეშენის, ქელბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით". განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს შორის არსებულ მიწებსა და გზებზე ნაღმებს ანთავსებდნენ. ამ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად აზერბაიჯანის ჯარების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მოხდა შეტაკებები. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის არმიამ მიიღო აუცილებელი ზომები კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად. "კონფლიქტსა და ზარალზე პასუხისმგებლობა მთლიანად ერევნის ადმინისტრაციას ეკისრება" - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში. საპასუხოდ სომხური მხარე ამბობს, რომ მომხდარი აზერბაიჯანის პროვოკაციული ქმედების შედეგია. "მოწინააღმდეგე აგრძელებს არტილერიის, ნაღმტყორცნების, უპილოტო საფრენი აპარატების და მსხვილი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას. სამიზნეა როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ზოგიერთი მიმართულებით აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა განახორციელეს მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის. პოზიციური ბრძოლები გრძელდება", - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა არამ ტოროსიანმა. მისი თქმით, სომხეთის შეიარაღებული ძალები ადეკვატურად უპასუხებენ მტერს და სრულად ასრულებენ მათ წინაშე დასახულ საბრძოლო ამოცანებს. ტოროსიანის ინფორმაციით, საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთში პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს. "მოწინააღმდეგე აგრძელებს არტილერიის, ნაღმტყორცნების, უპილოტო საფრენი აპარატების და მსხვილი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას ვარდენისის, სოტკის, არტანიშის, იშხანასარის, გორისისა და კაპანის მიმართულებით, მიზანში იღებს როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა მან. მომხდარის შესახებ სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ინფორმაცია უკვე მიაწოდა რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს: ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მიუღებლად მიიჩნია აზერბაიჯანული მხარის ქმედებები და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ადეკვატური რეაგირების მნიშვნელობას. სომხეთის პრემიერმა საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ წუხელ აზერბაიჯანმა დაიწყო პროვოკაციული და აგრესიული სამხედრო ოპერაციები სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ საზღვრის სხვადასხვა მიმართულებით, ღრმა შეშფოთება გამოხატა შექმნილი ვითარების გამო და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ადეკვატური რეაგირების მნიშვნელობას. სომხური მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მაკრონმა დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია მიუღებლად მიიჩნია და ხაზი გაუსვა სიტუაციის დეესკალაციის აუცილებლობას.
კომენტარი