თურქეთში 6 კგ ოქროს ქურდები და გვირაბით მიმალულები ქართველები არიან?
თურქეთის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრიდან დაუდგენელმა პირებმა მილიონი ლარის ღირებულების ოქრო მოიპარეს. სავაჭრო ცენტრში მძარცველებმა მის ქვეშ გათხრილი გვირაბიდან შეაღწიეს, მერე კი ამავე გვირაბით მიიმალნენ. პოლიციამ გვირაბი უკვე აღმოაჩინა და შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ იგი სამმეტრიანია. სავაჭრო ცენტრიდან გატანილი ოქრო 6 კგ-ს იწონის და, აქედან გამომდინარე, თურქულმა პრესამ მომხდარს უკვე უწოდა „საუკუნის ქურდობა“.
უკვე ცნობილია პოლიციის წინასწარი დასკვნები. ამ დასკვნებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩვენთვის უსიამოვნო, ალბათ, ის არის, რომ შესაძლოა, ძარცვაში ქართველებიც მონაწილეობდნენ - პოლიციელებმა გვირაბში ქართული წარმოების სიგარეტის ნამწვი და კოლოფი იპოვეს. გავრცელდა ვერსია, რომ ძარცვის მონაწილე ქართველი პირები უკვე დააკავეს, უბრალოდ, მათი ვინაობა არ ხმაურდება.
შემთხვევა თურქეთის ქალაქ ორდუში მოხდა. საიუველირო ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მაღაზიის დაკეტვის წინ ყველაფერი შეამოწმეს, მაგრამ საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ:
„სავარაუდოს, ძარცვა ღამის ორი საათის შემდეგ მოხდა. მათ, ალბათ, წინასწარ იცოდნენ, სად იდგა სეიფი“, - ამბობს მაღაზიის ერთ-ერთი მეპატრონე, რომელსაც დილით უსიამოვნო სიურპრიზი დახვდა.
შენობის ქვეშ გათხრილი გვირაბის მეორე ბოლო მეზობელი შენობის საპირფარეშოში ამოდის. სავარაუდოდ, მძარცველები ამ „ოპერაციისთვის“, მინიმუმ, სამი დღის განმავლობაში ემზადებოდნენ - ამაზე შესრულებული სამუშაოს მოცულობა მიუთითებს.
კომენტარი