სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლენინი, მავზოლეუმი და მავზოლეუმთან დაკავშირებული კურიოზები

წითელ მოედანზე, კრემლის კედელთან მავზოლეუმის აშენების შესახებ გადაწყვეტილება საბჭოთა ხელისუფლებამ ლენინის გარდაცვალებისთანავე მიიღო. ლენინის დაკრძალვის დღეს, 1924 წლის 27 იანვარს აქ სახელდახელო, ხის მასალისგან დამზადებული მავზოლეუმი გაკეთდა, რომლის პროექტის ავტორი ა.ვ. შუსევი იყო. გაზაფხულზე ამ სარკოფაგს რამდენიმე დეტალი დაემატა. მავზოლეუმი კუბის ფორმის იყო, თუმცა, საბოლოოდ იგი რთულ კონსტრუქციულ ნაგებობად იქნა მიჩნეული და ხელახალი კონკურსი გამოცხადდა.

არქიტექტორმა კ.ს. მელნიკოვმა ერთი თვის ვადაში რვა ახალი პროექტი შეიმუშავა, საიდანაც ერთ–ერთი დამტკიცდა კიდეც. მავზოლეუმი უმოკლეს ვადაში, პროექტის ავტორის ზედამხედველობით აშენდა და ამ სახით „დიდი სამამულო ომის“ დასრულებამდე შენარჩუნდა.

სხვათა შორის, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს, 1941 წელს, ლენინის ცხედარი ტიუმენში იყო ევაკუირებული და ერთ–ერთ შენობაში ინახებოდა. ბელადი რუსეთის დედაქალაქს მხოლოდ 1945 წლის აპრილში „დაუბრუნდა“.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ მისი ცხედარიც ლენინის გვერდით იყო დასვენებული. 1953–61 წლებში (მავზოლეუმიდან სტალინის ცხედრის გამოტანამდე) იგი ასეც იწოდებოდა: „ვ.ი. ლენინისა და ი.ბ. სტალინის მავზოლეუმი“.

მავზოლეუმთან რამდენიმე ინციდენტიცაა დაკავშირებული, რომელთა შესახებ მაშინდელი ფართო საზოგადოება, გასაგები მიზეზების გამო, ინფორმირებული არ იყო.

1934 წლის 19 მარტს მავზოლეუმში შესულმა მიტროფან ნიკიტინმა ბელადის ბალზამირებული ნეშტის მიმართულებით გასროლა სცადა. მას ხელი დაცვის წევრებმა შეუშალეს. ნიკიტინმა საფეთქელში გასროლით ადგილზევე მოიკლა თავი. მოგვიანებით, ჩხრეკის დროს მას პარტიისა და ხელისუფლების წინააღმდეგ დაწერილი საპროტესტო წერილი უპოვეს.

1960 წლის 14 ივლისს, ფრუნზეში მცხოვრები კ. მინიბაევი მავზოლეუმში შესვლის შემდეგ ბარიერს გადაახტა და ფეხსაცმლის დარტყმით სარკოფაგის მინა ჩაამსხვრია. მინის ნამსხვრევებმა ლენინის სახის კანი დააზიანა. აღდგენითი სამუშაოების გამო მავზოლეუმი 15 აგვისტომდე დაიხურა. დაკავებულმა მინიბაევმა ჩვენებაში აღნიშნა, რომ 1949 წლიდან აწვალებდა ლენინის სარკოფაგის დანგრევის სურვილი და რომ ფრუნზედან მოსკოვში ამ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად საგანგებოდ ჩამოფრინდა.

1961 წლის 9 სექტემბერს, სარკოფაგთან ჩავლის დროს ა. სმირნოვამ ლენინის ცხედრის მიმართულებით გადააფურთხა, სარკოფაგის მინას კი ცხვირსახოცში გახვეული ქვა ესროლა, რასაც ფრიად უწმაწური გინებაც მიაყოლა. მინა ჩაიმსხვრა, თუმცა ლენინის ცხედარი დაზიანებას ამჯერადაც გადაურჩა.

1967 წლის სექტემბერში კაუნასში მცხოვრებმა ვინმე კრისანოვმა მავზოლეუმის შესასვლელთან თვითნაკეთი ბომბი ააფეთქა. ტერორისტი და რიგში მდგარი რამდენიმე მოქალაქე ადგილზე დაიღუპა. მავზოლეუმი არ დაზიანებულა.

ყველაზე დიდი ტრაგედია მავზოლეუმთან 1973 წლის 1 სექტემბერს მოხდა. როგორც ჩანს, უცნობმა პირებმა მავზოლეუმის შიდა დარბაზში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა შეძლეს, რომელიც პიკის საათებში აფეთქდა. ამ დროს მავზოლეუმში სკოლის მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ. აფეთქების შედეგად ახალგაზრდა ცოლ–ქმარი დაიღუპა, ათზე მეტი ბავშვი კი დაიჭრა. ლენინის ცხედარი ისევ დაზიანებების გარეშე გადარჩა, რადგან იმ დროისთვის სარკოფაგი ტყვიაგაუმტარ მინაში იყო ჩასმული.

ბოლო პერიოდში მავზოლეუმთან მომხდარი ინციდენტები უფრო კომიკური ხასიათისაა. მაგალითად, 2010 წლის 15 მარტს მავზოლეუმის ტრიბუნაზე ერთი საშუალო ასაკის მამაკაცი აძვრა და მგზნებარე სიტყვა წარმოთქვა მავზოლეუმის დანგრევისა და ლენინის ცხედრის დაკრძალვის შესახებ. მილიციელებმა მას მჭევრმეტყველება დიდხანს არ აცალეს და დაკავება სცადეს, თუმცა, მამაკაცმა სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. საბოლოოდ იგი მაინც დააკავეს და აღმოჩნდა, რომ პოლიციელების მიერ ყაჩაღური თავდასხმისთვის იძებნებოდა.

2010 წლის 27 ნოემბერს კი მოსკოველმა მილიციელებმა მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ლენინის მავზოლეუმში ტუალეტის ქაღალდის ხვეული და ბროშურა შეაგდო. დაკავებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ამჟამად ლენინის მავზოლეუმი მნახველებისთვის ღიაა ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს, 10–დან 13 საათამდე. სპეციალურ საკონტროლო–გამშვებ პუნქტთან შესვლის მსურველებს მეტალოდეტექტორზე ამოწმებენ.

და ბოლოს, კიდევ ერთი დეტალი: ლენინის ნავთსაყუდელი, ანუ, მონუმენტური გრანიტის ნაგებობა უძველესი ეგვიპტური მავზოლეუმების – ჯოსერის პირამიდისა და სირიუს დიდის აკლდამის ელემენტებს შეიცავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100