ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის წესი გააცნო დღეს მედიას საარჩევნო ადმინისტრაციამ. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები უნდა იმყოფებოდნენ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, ან უნდა იყვნენ რეგისტრირებული საზღვარგარეთ მისამართზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, ან არ აქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მათ 2018 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას. ამასთან აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს აღნიშნული პროცედურის განხორციელება ელექტრონულად, საკონსულოს ვებ-გვერდის საშუალებითაც შეუძლიათ - geoconsul.gov.ge.
„რაც შეეხება საზღვარგარეთ განთავსებულ საარჩევნო უბნებს - ცესკო, საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტროსგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაახლოებით 40 ქვეყანაში გეგმავს საარჩევნო უბნების გახსნას. კანონმდებლობის შესაბამისად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები შეიქმნება არაუგვიანეს 28 სექტემბრისა და მათი მისამართები დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ვებგვერდზე. მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიები დაიწყებენ ფუნქციონირებას, საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს ასევე შეეძლებათ საუბნო საარჩევნო კომისიებში მისვლა და საარჩევნო რეგისტრაციის გავლა.
საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ონლაინ ჩათის მეშვეობით მომართონ ცესკოს ნებისმიერ საარჩევნო საკითხზე ან/და დაგვიკავშირდნენ სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ტელეფონის ნომერზე: +599 32 2 51 00 51“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
კომენტარი