სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ფონდი ნატახტარი" თვითმმართველობებს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერაში თანამშრომლობას სთავაზობს

ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაციები და განხილვები საქართველოს 8 მსხვილ რეგიონში 9 ნომებრიდან დაიწყო და 18 ნოემბერს დასრულდა. გორის, ახალციხის, თელავის, რუსთავის, ქუთაისის, ოზურგეთის, ბათუმისა და ზუგდიდის რეგიონებში განლაგებულ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში ადვოკატობის კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ და „ფონდმა ნატახტარმა“ ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის, თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს ერთობლივად მომზადებული პროგრამა წარუდგინა.

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო და მთავრობის ადმინისტრაცია. პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისგან შედგება, რომელიც მუნიციპალიტეტებისათვის მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციართა დამხმარე ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს.

შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის საკითხებზეც. კერძოდ, პრეზენტაციასთან ერთად, მოეწყო ახალი პროგრამისა და მზრუნველობამოკლებული მოზარდებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით რეგიონებში არსებული ვითარების განხილვაც.

"არსებობს საშუალება იმისა, რომ სახელმწიფო და ფონდის რესურსების გამოყენებით გაცილებით უკეთესი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი. ადგილობრივ თვითმმართველობებს შეუძლიათ გამოყონ რესურსები ბენეფიციარების დასახმარებლად. საუბარია, 18 წლის შემდეგ წარმოქმნილ პრობლემებზე, როცა მოზარდებს მცირე საოჯახო ტიპის სახლის დატოვების შემდეგ არ აქვთ საშუალება საცხოვრებელი იქირაონ, სწავლა დაიწყონ და ასე შემდეგ", - განმარტავს კომპანია "ნატახტარის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნინო სურმავა.

„ლიმონათი ნატახტარის გაყიდული ბოთლებიდან 1, 5 და 3 თეთრი ირიცხება ფონდში (ლიმონათის დიდი, პატარა და საშუალო ბოთლების ღირებულებიდან). ამ თანხას განკარგავს ასოციაცია „ჩვენი სახლი საქართველო“ და მცირე საოჯახო ტიპის აღსაზრდელებს 15 წლიდან ეხმარება. პირველ ეტაპზე ბენეფიციარებთან მუშაობენ ფსიქოლოგები, რომლებიც მოზარდის უნარებს, საჭიროებებს განსაზღვრავენ და შეიმუშავებენ ინდივიდუალურ გეგმას ახალგაზრდების დასახმარებლად. „შემდეგ ეტაპზეა განათლება.კერძოდ, შესაძლოა რომელიმე მოზარდს ჰქონდეს ჩავარდნები სკოლაში და ვეხმარებით სირთულეების დაძლევაში, ვისაც უმაღლესი განათლების მიღება სურს, უზრუნველვყოფთ მათ რეპეტიტორებთან გადამზადებას. თუ პროფესიულ მიმართულებას ირჩევენ, მათთვის გვაქვს საშუალება კოლეჯებში გააგრძელონ სწავლა ან ვპოულობთ ხელოსანს, რომელმაც იცის ესა თუ ის კონკრეტული საქმე. სტიპენდიაში იგულისხმება ბენეფიციარებისთვის გადარიცხული თანხა, რომლებმაც დატოვეს მცირე საოჯახო ტიპის სახლები და ჯერ არ აქვთ სამსახური, თავშესაფარი. სტიპენდია ფარავს ბინის ქირის, კომუნალური გადასახადებისა და სამგზავრო ხარჯებს. შემდეგ, ცხადია, ფსიქოლოგი ჩართულია აქტიურად, რომ ბენეფიციარებმა იპოვონ სამსახური, განივითარონ უნარები და არ იყვნენ მუდმივად მხოლოდ სტიპენდიის მოლოდინში. ბენეფიციართა დახმარება-გააქტიურების პროგრამა უზრუნველყოფს იმას, რომ სახელმწიფოს მიერ ამ ადამიანების 18 წლის ასაკამდე გაღებული ხარჯები ფუჭად არ ჩაივლის, ისინი აქტიურ, საზოგადოებისთვის სარგებლის მომტან მოქალაქეებად ჩამოყალიბდებიან და არ დარჩებიან მუდმივად სტიპენდიის მომლოდინე ბენეფიციარებად“, - აღნიშნავს ასოციაცია "ჩვენი სახლი - საქართველოს" ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ომარაშვილი.

ნინო სურმავას თქმით, ბიზნესკომპანია ექვსი წელია ავითარებს სახელისუფლებო და არასამთავრობო სექტორებთან ურთიერთობას. დღეს უკვე ერთად უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას ადგილობრივ თვითმმართველობებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამასთან, კომპანია „ნატახტარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი განმართავს, თუ სხვა მუნიციპალიტეტებში მათ უწევდათ საუბარი მსგავსი პროგრამის არსებობაზე, ზოგიერთ რეგიონეში არსებული პროგრამების მრავალფეროვნება იძლევა შესაძლებლობას, რომ ზრუნვის სისტემიდან გამოსული ახალგაზრდა, როგორც მიზნობრივი ჯგუფი, აისახოს რომელიმე არსებულ პროგრამაში.

“ბიზნესის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთა თანამშრომლობით შესაძლებელია ნებისმიერი რთული პრობლემის მოგვარება, რადგან სამთავრობოს აქვს საკუთარი ბერკეტები, არასამთავრობოებს გამოცდილება, ბიზნესს - რესურსი. ამ შემთხვევაში შეიძლება დაიხარჯოს უფრო მცირე რესურსი და მივიღოთ ძალიან დიდი შედეგი” - მიაჩნია მანანა ომარაშვილს და ფიქრობს, რომ სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების ადვოკატირების კამპანიის მიმართულებით პროექტების განხორციელებას და ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

შეგახსენებთ, რომ „ფონდი ნატახტარი“ 2011 წლიდან მუშაობს მცირე საოჯახო ტიპის სახლების მოზარდებთან, შესაბამისად, ფონდი ადგილობრივ თვითმმართველობებს ამ ნაწილში თანამშრომლობას სთავაზობს. თანამშრომლობის ფარგლებში ფონდი შეძლებს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების საჭიროებების შეფასებას, ინტერვენციის დაგეგმვას და მონიტორინგს. ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა, კი შეიძლება გამოიხატოს მათთვის საცხოვრებლის დაქირავებაში, კომუნალური გადასახადების დაფარვასა და/ან სამგზავრო შეღავათების დაწესებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100