პატიმრების წამებაში ერთ-ერთი ბრალდებული გათავისუფლდა
"პირველი რადიოს" ინფორმაციით რამდენიმე წუთის წინ საპყრობილედან ბორის ფარულავა გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია ოფიციალურად ლადო ბედუკაძმ დაადასტურა.
მისი თქმით, რამდენიმე დღეში ფარულავა და ბედუკაძე მედიას შეხვდება და ყველა დეტალზე ერთად ისაუბრებენ.
ბორის ფარულავა გლდანის მე-8 დაწესებულების უსაფრთხოების ინსპექტორი იყო. პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის ავტორის, დავით აკობიას ჩვენებაში ფარულავას შესახებ წერია :
"მან მითხრა მიზეზი, რომ გადაღებული ჰქონდა გლდანის კადრები, რომელზეც პატიმრის ცემა და ასეთი რაღაცები იყო დაფიქსირებული რომ გაიგონ დაგვიჭერენ, ამიტომ საზღვარგარეთ უნდა წავიდე, მაგრამ კიდევ ერთი კადრი მინდა, რომელიც თუ შეგიძლია შენ გადაიღეო.
ამის სანაცვლოდ ის დამპირდა სოლიდურ თანხას. 24 აგვისტოს, როცა "სმენაში" ვიყავი, ბორის ფარულავამ შემომიტანა პატარა კამერა, რომელიც შარვალზე უნდა დამემაგრებინა - ღილს გავდა და კარანტინის დაშლის კადრი უნდა გადამეღო. ეს გავაკეთე. 25 აგვისტოს გამოვედი სამსახურიდან, ვნახე ფარულავა და გადავეცი. მან მითხრა, რომ ის უნდა გავუგზავნო ლადო ბედუკაძეს, რომელიც ბელგიაშიაო, შენ კი ბედუკაძე 28-ში დაგირეკავსო. 28-ში ის მართლაც დამიკავშირდა და მითხრა, რომ შენს გვერდში ვიქნები, დაგეხმარები ფულითაც და ყველაფრითო. გზის ფულს მოგცემს ბორის ფარულავა, დანარჩენს მე მივხედავო.
29 აგვისტოს ბორის ფარულავა ისევ დამიკავშირდა და გადმომცა 400 დოლარი - გზის ფული და მითხრა, რომ 18 ან 19 სექტემბერს საქართველო უნდა დამეტოვებინა, წავსულიყავი სომხეთში, იქედან კი უკრაინაში, სადაც "სკაიპის" საშუალებით დავუკავშირდებოდი ლადო ბედუკაძეს, რომელიც იქ შემხვდებოდა და ყველანაირად დამეხმარებოდა, მატერიალურადაც და ყველანაირად."
ბრალდებული ბორის ფარულავა 2012 წლის 18 სექტემბერს იქნა დაკავებული ე.წ. "ციხის სკანდალთან" დაკავშირებული ფაქტების გამო.
კომენტარი