სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

16 წლის მოზარდები თავისთვის რას კოცნაობენ, ეს ზრდასრულთა აღშფოთების საგანი არ უნდა იყოს - ფანჯიკიძე

რამდენი წლის ვართ? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე შეეცადა. როგორც ის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, სოციალური ასაკი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

მისივე თქმით, ფსიქოლოგიური ასაკი ყველაზე მეტად განსაზღვრავს ადამიანის განვითარების საფეხურს.

როგორც ფანჯიკიძე განმარტავს, ადამიანს ფსქოლოგიური ასაკი, შეიძლება, ჰქონდეს 14 წლის ბავშვის, მაშინაც კი, თუ ის უკვე 40 წლის არის.

"ქრონოლოგიური ასაკით იმდენის, რამდენჯერაც დაარტყა მზემ წრე დედამიწას, - დაარტყა, დაგარტყათ. ბიოლოგიური ასაკი მეტნაკლები სიზუსტით მისდევს ქრონოლოგიურს - ბიომარკერები ოდნავ აცდენილი შეიძლება იყოს, მაგრამ დაახლოებით ერთსა და იმავე წლებში გავდივართ პუბერტატს, დაახლოებით ერთსა და იმავე წლებში გვიჩნდება პირველი ნაოჭი და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, დაახლოებით ერთსადაიმავე ასაკში მოდის მარილზე გასვლის დრო. სოციალური ასაკი დამოკიდებულია ჩვენი როლების სიმრავლეზე, - ვმუშაობთ თუ ვსწავლობთ, ქორწინებაში ვართ თუ არ ვართ, შვილები გვყავს თუ შვილიშვილები, რამდენად მაღალი პასუხისმგებლობა გვაკისრია და რამდენად აქტიური და მრავალფეროვანი სოციალური ინტერესი გვაქვს, რამდენ ჯგუფს მივეკუთვნებით. ფსიქოლოგიური ასაკი კი ყველაზე მეტად განსაზღვვრავს ჩვენი განვითარების საფეხურს, რადგან დამოკიდებულია აზროვნების სიმწიფეზე, ემოციური გამოცდილებების, პირადი ქარიშხლების და ხანძრების, განცდების სიმრავლესა და მათი გადამუშავების, ამის შედეგად ჩვენი ფსიქიკური ტრანსფორმაციის ისტორიაზე. ფსიქოლოგიური ასაკი შესაძლოა გქონდეთ 14 წლის ბავშვის, მაშინაც, როცა ხართ 40 წლის და ეს კომპლიმენტი არაა. მხოლოდ მაშინ ივარგებს კომპლიმენტად, თუ 14 წლის "შეყვარებული" არ გეყოლებათ და რამდენიმე ცხოვრებისეული ხაზით მაინც უსწრებთ მოზარდულ განვითარებას. ამ ყველა მაჩვენებლის შეკრებით ითვლება ადამიანის ფუნქციური ასაკი, განვითარების რა ეტაპზეა კონკრეტულ მომენტში. ყველა სამეცნიერო, კვლევაზე დაფუძნებული მოსაზრებით, სქესობრივი ურთიერთობისთვის ფსიქოლოგიურ მზადყოფნად დასახელდა 18 + წელი, ორივე სქესისთვის. ზრდასრულთათვის დისკუსიის ადგილი აქ აღარ რჩება. 16 წლის მოზარდები თავისთვის რას კოცნაობენ, ეს ზრდასრულთა აღშფოთების საგანი არ უნდა იყოს, თუ ნებაყოფლობითია, სრულწლოვან ადამიანს კი არასრულწლოვანთან საქმის დაჭერა ეკრძალება კანონით, კანონით იმიტომ, რომ ისევ და ისევ გათვალისწინებულია ზოგიერთის ფსიქოლოგიური ასაკობრივი რეგრესი და სექსუალური პარაფილიის ყველაზე მძიმე, სხვისი დამაზიანებელი ფორმა - პედოფილია. ყველა განსხვავებული აზრი ზრდასრულთა მხრიდან პედოფილიის პროპაგანდაა. ფსიქოლოგიური უპირატესობა ითვლება ძალადობის იარაღად. ეს არის უგამარტივებულესი საკითხი პირველკურსელთა ფსიქოლოგიის გაკვეთილის მიხედვით. ხოდა წარსულში რომ ბებიათქვენების ბებიებს 14 წლისას ათხოვებდნენ და მერე მრავალჯერად ორსულობაში ხდიდნენ სულს, ეს მაგალითი დღეს არ გამოდგება. დავისახოთ მიზნად ფსიქოლოგიური სრულწლოვანება და არა ფსიქოლოგიური რეგრესი ინდივიდუალურ და ეროვნულ დონეზეც და გადავიდეთ სხვა, ნამდვილად საკამათო საკითხებზე" - წერს ფანჯიკიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100