მარგველაშვილი: იწყება უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ეტაპი
საქართველოს პრეზიდენტმა დედაქალაქის ახალ მერს დავით ნარმანიას გამარჯვება პირადად მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ქვეყნის პირველი პირი ასევე ულოცავს თანამემამულეებს არჩევნების მეორე ტურის სამართლიანად და გამჭვირვალედ დასრულებას და მათ განცხადებით მიმართავს.
"ეს არის ისტორიული მომენტი, რომლიდანაც საქართველოში რეალურად იწყება პოლიტიკური კულტურისა და თვითმმართველობის განვითარება. ამ არჩევნებით ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთი დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ და ისე, როგორც არასდროს, მიუახლოვდა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს.
მინდა გამარჯვება მივულოცო დედაქალაქის ახალ მერს, ბატონ დავით ნარმანიას. ასევე ვულოცავ გამარჯვებას თითოეული ქალაქისა თუ სოფლის რჩეულს. ამ გამარჯვებით დასრულდა არჩევნები და იწყება უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ეტაპი: ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ყოველდღიური თავდადებული შრომის პროცესი. ამ სირთულეებით აღსავსე გზაზე მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს.
საზოგადოებას, რომელმაც მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში მაღალი შეგნება და სამოქალაქო კულტურა გამოავლინა, ვუსურვებ არჩევნების საბოლოო შედეგების გამართლებასა და შემდგომ წინსვლას ერთიანობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისაკენ", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
კომენტარი