სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თვითმმართველობებში 01.10.2012-დან 28.02.2013-მდე პერიოდში 1.790 თანამშრომელი გათავისუფლდა

ადგილობრივ თვითმმართველობებში 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 28 თებერვლამდე 1 790 თანამშრომელი გათავისუფლდა. 69 მუნიციპალიტეტიდან საკადრო ცვლილებები 54 გამგეობასა და 25 საკრებულოში განხორციელდა. ამ ინფორმაციას ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" ავრცელებს, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე საშტატო ცვლილებები პირადად შეისწავლა.

მათივე ცნობით, მასიურად გათავისუფლდნენ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები, რასაც ხშირად გამგებელთან თათბირი უძღოდა წინ.

"საერთო ჯამში, 34 მუნიციპალიტეტში დათხოვილ იქნა 418 რწმუნებული. გათავისუფლებები 10 მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებსაც შეეხო. ძირითადად შეიცვალა საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსები. ყველაზე მასიური დათხოვნა ახმეტაში დაფიქსირდა, სადაც "ოპტიმიზაციის" პროცესი 205 თანამშრომელს შეეხო. "სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, კასპის ბაგა-ბაღებში "ქართული ოცნების" წევრები ნახევარ განაკვეთზე დაინიშნენ, იქ დასაქმებულ თანამშრომლებს კი ხელფასი გაუნახევრდათ. გათავისუფლებულ პირთა უმრავლესობამ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა", - განმარტავენ "სამართლიან არჩევნებში".

ორგანიზაციის განმარტებით, რიგ შემთხვევებში ათეულობით თანამშრომელს გათავისუფლების თაობაზე განცხადება ერთსა და იმავე დღეს აქვთ დაწერილი, რაც, მათივე შეფასებით, აჩენს ლოგიკურ ეჭვს მათი გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითობასთან დაკავშირებით.

"რიგ შემთხვევებში დათხოვილი საჯარო მოხელეები ადასტურებენ, რომ გათავისუფლება ზემდგომმა პირებმა მოსთხოვეს, თუმცა უმეტესობა ფაქტის საჯაროდ აღიარებისგან თავს იკავებს. ნაწილმა საკუთარი გადაწყვეტილება ხელისუფლებისა და პოლიტიკური მდგომარეობის ცვლილებით ახსნა. რაც შეეხება თანამშრომლების აყვანას, საანგარიშო პერიოდში ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესში 18 მუნიციპალიტეტში პარტიული ნიშანი გამოიკვეთა. კონკურსი მხოლოდ 6 მუნიციპალიტეტში გამოცხადდა. პარტიული ნიშნით ძირითადად, კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტები და მხარდამჭერები დაინიშნენ", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
"სამართლიანი არჩევნები" გამოვლენილ ტენდენციას უარყოფითად აფასებს და მიაჩნია, რომ გამოვლენილი პრაქტიკა ხელს არ უწყობს საჯარო სამსახურის პოლიტიკური გავლენისაგან გათავისუფლებას.

"მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფაქტები ხელისუფლების უფრო მეტი ყურადღების საგანი უნდა გახდეს, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობებს მოვუწოდებთ თანამდებობაზე აყვანა და გათავისუფლება მხოლოდ კანონით დადგენილი პროცედურის სრული დაცვით განხორციელდეს", - განმარტავენ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100