სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქადაგებებში ჩადებული ნაღმები, „ნაკურთხი რუსული ბომბები“ და მესამე მსოფლიო ომი...

ახალი არაფერი იქნება იმაში, თუ ვიტყვით, რომ სასულიერო პირთაგან ზოგიერთი ქადაგებას მრევლზე ზემოქმედებისთვის და საკუთარი პიზიციის, საკუთარი შეხედულებების გასავრცელებლად იყენებს. ზოგიერთები მოუთმენლად ელიან ხოლმე კვირადღის ან რომელიმე დღესასწაულის დადგომას, რათა ქადაგებიდან ქადაგებამდე მომხდარი მოვლენები „მიმოიხილონ“.

რასაკვირველია, ყველა სასულიერი პირს აქვს უფლება, რომ ქადაგება საკუთარი სურვილისამებრ ჩამოაყალიბოს და იქადაგოს იმაზე, რასაც საჭიროდ და აქტუალურად თვლის, მაგრამ ალბათ, უმჯობესი იქნება, ქადაგებებში მინიმუმამდე დავიდეს პოლიტიკური საკითხების განხილვა, თორემ პარადოქსულ სურათს ვღებულობთ: სასულიერო პირები თანდათან პოლიტიკური ექსპერტები ხდებიან. თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ მათი პოლიტიკური პოზიცია, ასე ვთქვათ, „გადამდებია“, დანარჩენი, „ნამდვილი“ ექსპერტებისგან განსხვავებით.

მოძღვარს, რომლის სიტყვასაც უამრავი ადამიანი უსმენს, ზოგადად, ქადაგების დროს წმინდა წერილის იმ ფრაგმენტზე საუბარი ევალება, რომელსაც წირვის დროს ტაძარში კითხულობენ. დამეთანხმებით, ეს უკვე ისეთი ამომწურავი თემაა და სრულყოფილი განმარტებების შემთხვევაში, იმდენად დიდ დროს მოითხოვს, რომ წესით, ქადაგებაში სხვა საკითხების განხილვისთვის დრო არ უნდა რჩებოდეს, მაგრამ პირიქით ხდება: მოძღვრები ქადაგებაში ეხებიან ყველაფერს, წმინდა წერილის გარდა: შიდა თუ საგარეო პოლიტიკას, ვალუტის კურსს, ინფლაციას და, რაც მთავარია, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისა თუ ხელისუფლების მიმართ თავიანთ დამოკიდებულებას არათუ მალავენ, არამედ აგრესიულად ავრცელებენ კიდეც.

ალბათ, მინიმუმ, გაოცებას მაინც იმსახურებს, როცა ქართველი სასულიერო პირი ქადაგებაში მრევლს ასეთ ფრაზებს ეტყვის:

იქნებ მიპასუხოს ვინმემ, რაში სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს ჯარი? რაც ახლა თავდაცვის სამინისტროზე იხარჯება, იმ თანხების ნახევარი რომ მოახმარო ამ გაუბედურებულ ხალხს, ქვეყანაში შიმშილით მაინც არავინ მოკვდება. რად უნდა საქართველოს ჯარი? ეს არის ტყუილი ხარჯი! ვის უნდა ეომოს და ვის უნდა მოუგოს? მერე კიდევ, ვის მოუგებს ომს - რუსეთს, თურქეთს, სომხეთს თუ აზერბაიჯანს? მიპასუხეთ...“

როგორც წესი, ასეთ ფრაზებს მრევლის უდიდესი ნაწილი მწარე სიმართლედ აღიქვამს და მოძღვარს თავის დაქნევით პასუხობს. საინტერესოა, იმ მრევლის რამდენ პროცენტს ჰყავს ოჯახის წევრი ან ახლობელი ქართულ ჯარში? ან კიდევ, ხომ შეიძლება, რომელიმე ქართველმა ჯარისკაცმა მოძღვრად სწორედ ეს სასულიერო პირი აირჩიოს (თბილისის ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, სქიმარქიმანდრიტ გრიგოლი (აბაშიძე)? ან აღსარება როგორ უნდა უთხრას, ან რა რჩევები უნდა მიიღოს მისგან? აი, კიდევ ერთი ციტატა იგივე სასულიერო პირის ინტერვიუდან (დიდი ალბათობით, ქადაგებიდანაც):

სად აგზავნიან ამ ჯარისკაცებს? ვის დასაცავად? ან რისთვის იხოცებიან? იმერული გამოთქმაა ერთი: ძაღლი შინ არვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო. მაგრამ უჭირ ჩვენს ჯარისკაცებს და გასამრჯელოს ფასად თანხმდებიან იმ ქვეყნებში წასვლას, სადაც, მგონი, თვითონაც არ იციან, რას იცავენ, რისთვის მიდიან ან რომელ დემოკრატიას იცავენ? დემოკრატია არც არასოდეს ყოფილა და არც იქნება (სქიმარქიმანდრიტი გრიგოლი)!“

ალბათ, კომენტარი მართლაც ზედმეტია. ცალკე თემაა რუსეთის საკითხი ქართველი სასულიერო პირების ქადაგებებში. რასაკვირველია, გასაგებია, რომ ეკლესია და მისი მსახურები მშვიდობას უნდა ქადაგებდნენ და იქნებ, ვინმემ თქვას კიდეც, რომ არც არაფერია ქადაგების დროს რუსების „მოძმე ერად“ მოხსენიებაში, მაგრამ რას ნიშნავს აი, ეს?

რუსეთის საპატრიარქოს, სახელმწიფოს მესვეურთაგან განსხვავებით, არასოდეს უარუყვია აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო. არც ერთ პატრიარქს რუსეთისას არ უთქვამს, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველო არ არის (სქიმარქიმანდრიტი გრიგოლი)“.

ვის ვატყუებთ? საკუთარ თავს? თუ ამ სასულიერო პირისთვის არაა ცნობილი პატრიარქ კირილის დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი? - ის, რომ სწორედ რუსეთის პატრიარქი ულოცავს ყველაზე პირველი „პრეზიდენტებს“ სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან? იქნებ, არც ის იცის, რომ რუსეთის პატრიარქს ხმა არ ამოუღია, როცა საქართველო „მოძმე რუსების“ ბომბებით მიწასთან სწორდებოდა? ან კიდევ, ვინმე მომიყვანს ციტატას წონიანი რუსი სასულიერო პირის საკვირაო ან სადღესასწაულო ქადაგებიდან, სადაც იგი საქართველოს მიმართ ისეთივე დამოკიდებულებას ამჟღავნებს, როგორსაც ჩვენი მეუფეები და ღვთისმსახურები ამჟღავნებენ რუსეთის მიმართ?

ამ სტატიის ბოლოს კი ქადაგებებში უცნაურობათა (მოდით, ასე - ყველაზე რბილად ვთქვათ) მიხედვით რეკორდსმენის - მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის ახალი „წინასწარმეტყველება“ უნდა გაგაცნოთ. „ნაკურთხი ბომბების“ თემა, რომლითაც ეს ეპისკოპოსია ცნობილი, უკვე წარსულში დარჩა, მაგრამ ელემენტარული დაკვირვება ცხადყოფს: მიუხედავად აშკარად ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულებისა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმართ, როცა „უფროსი ძმებისგან“, ანუ, რუსებისგან გამოგზავნილი ბომბები მეუფე იობმა „ღვთის სასჯელად“ მიიჩნია, მისი მრევლის რაოდენობა არათუ შემცირდა, გაიზარდა კიდეც. სხვათა შორის, მისი პოზიციის გამო მეუფეს არც პატრიარქისგან მიუღა საყვედური. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ გავრცელებულა.

დღეს კი მეუფე იობმა ახალი „წინასწარმეტყველების“ შესახებ ისაუბრა. მისი ქადაგების ფრაგმენტები სააგენტო „პირველმა“ გაავრცელა. მიტროპოლიტი დედამიწაზე მოსალოდნელ მაგნიტურ ქარიშხალს "კაცობრიობის ცოდვების გამო უფლის მიერ მოვლენილ მორიგ განსაცდელად" მიიჩნევს (მსგავსი პოზიცია გვახსოვს იაპონიის მოვლენებთან დაკავშირებითაც, როცა გამანადგურებელი მიწისძვრა ზოგიერთმა სასულიერო პირმა „ურწმუნო“ და „გარყვნილი“ იაპონელებისადმი გაგზავნილ ღვთის სასჯელად მიიჩნია). როგორც მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა ქადაგებისას აღნიშნა, "კაცობრიობა წინასწარმეტყველების აღსრულების ეპოქაში, მეორედ მოსვლის წინაპერიოდში იმყოფება".

როდესაც უფალს ჰკითხეს, მეორედ მოსვლის წინაპერიოდის გამაფრთხილებელი ნიშნების შესახებ, მან უპასუხა: "ხალხი ჩემს წინააღმდეგ წამოვა, მაგრამ მე მაქვს საშუალება, რომ დავსაჯო, მე მათ მოვუვლენ ქარიშხლებს, ხანძრებს, მიწისძვრებსა და წყალდიდობებს," – აღნიშნა მეუფე იობმა და დასძინა, რომ "ეს ყველაფერი არა გლობალური დათბობის გამო, არამედ მხოლოდ და მხოლოდ კაცობრიობის ცოდვების გამო ხდება".

მისივე თქმით, "მამათა წინასწარმეტყველება და მეცნიერული ახსნა 2013 წელს მოსალოდნელ კატაკლიზმებთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა".

"2013 წელს მზეზე დიდი აფეთქებები მოხდება და მაგნიტური ველი მთელს კაცობრიობას მოიცავს. დაიკარგება ელექტროკომუნიკაციები, ელექტროტექნიკა მწყობრიდან გამოვა. მაგნიტური ველი ადამიანების გონებაზეც იმოქმედებს. მათგან ზოგი გაგიჟდება, ზოგი ვეღარ იაზროვნებს, ზოგი განსჯის უნარს დაკარგავს", – ბრძანა მეუფე იობმა და დასძინა, რომ "მაგნიტური ველი მსოფლიოს ხელისუფალთა გონებაზეც დამღუპველად იმოქმედებს და სწორედ ისინი, გონივრულ განსჯას მოკლებულები, დაიწყებენ მესამე მსოფლიო ომს" – თქვა მეუფემ.

ქადაგების დასასრულს მეუფე იობმა ხალხს ლოცვისა და რელიგიური ცხოვრების გაძლიერებისკენაც მოუწოდა, "რათა მესამე მსოფლიო ომისას მოსალოდნელ განსაცდელს კაცობრიობა შემზადებული შეხვდეს".

საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, მესამე მსოფლიო ომის დაწყების კონკრეტული თარიღი მეუფე იობს, ჯერჯერობით, არ დაუსახელებია, მან მხოლოდ „უახლოესი პერიოდი“ ახსენა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100