წყალდიდობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში - ძლიერი წვიმების შედეგად სახლები დაიტბორა
კახეთში, გორსა და გარდაბანში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კახეთში დაიტბორა სიღნაღისა და ლაგოდეხის ოთხი სოფელი. უწყებაში კახეთიდან სულ 6 შეტყობინება შევიდა. საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია.
გორში საცხოვრებელი სახლებისა და ეზოების დატბორვის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 18 შეტყობინება შევიდა. მაშველების მიერ ევაკუირებულია და უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი 3 ოჯახი. გორში საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. გარდაბანში, სოფელი კრწანისში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სულ შესულია 4 შეტყობინება. მაშველების მიერ 11 ოჯახიდან განხორციელდა 15 ადამიანის ევაკუაცია.
სოფელ კრწანისში, საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დღეს დილით განახლდა. სტიქიის შედეგად, არც ერთ ქალაქში მოქალაქეები არ დაშავებულან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.
კომენტარი