სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო ნახევარფინალშია! ჩვიდმეტწლამდელებმა ისლანდია დაამარცხეს

სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩვიდმეტ წლამდე ასაკის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ქართველებმა ისლანდიელებთან 1:0 გაიმარჯვეს და რადგან პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში გერმანელებმა ფრანგებს 3:0 სძლიეს, საქართველოს ნაკრები ევროპის ოთხ საუკეთესო ნაკრებს შორის აღმოჩნდა.

პირველ ტაიმში თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და გუნდებმა რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი გაცვალეს. სანახაობრივი თვალსაზრისით არც მეორე ტაიმი გამოირჩეოდა, მაგრამ ქართველებმა თავიანთი თამაში აშკარად იპოვეს და, რამდენადაც მეტოქის პრესინგი ამის საშუალებას აძლევდათ, გააზრებული კომბინაციები დაიწყეს. მას შემდეგ, რაც მოთამაშეებისთვის, სავარაუდოდ, ცნობილი გახდა გერმანიის ნაკრების წარმატების შესახებ, ისლანდიელებმა აშკარად დროის გაყვანა დაიწყეს.

ქართველ ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ, მაგრამ მწვრთნელმა ბოლო ათ წუთში მოედანზე ახვლედიანი შეიყვანა, რომლის თამაშმაც, მეტწილად, გამარჯვების გოლის გატანა განაპირობა. გოლი შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე გავიდა - შორიდან ახვლედიანის ჩაწოდების შემდეგ დამატებით დარტყმაზე დარციმელიამ ივარგა: 1:0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

ბოლო წუთებზე ისლანდიის ნაკრები შეტევაზე, ლამის იყო, მეკარის ჩათვლით გადავიდა. დამატებითი სამი წუთი ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. ადამიასთან პირისპირ გასულმა ისლანდიელმა აშკარა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ, ნანატრი საფინალო სასტვენის ხმაც გაისმა, რომელმაც გვამცნო, რომ საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა...

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ამ თავდადებულ ბიჭებს, მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს მივულოცოთ ეს გამარჯვება და დავიმახსოვროთ მათი გვარები, ვინც დღევანდელი, მართლაც ისტორიული მატჩი ჩაატარა და ვისი სახითაც ქართულ ფეხბურთს საიმედო ცვლა ეზრდება:

ადამია, კაკაბაძე, დვალი, ჭანტურია, ცინცაძე, სამხარაძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი, ჯიქია, დარციმელია, მზევაშვილი, მესხი, ახვლედიანი, გოროზია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100